რუსეთმა სომხეთს სამხედრო ტექნიკის შესაძენად სესხი მისცა

სომხეთის პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის განცხადების თანახმად, ერევანმა მოსკოვთან სამხედრო შეიარაღებისთვის 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის აღების შეთანხმებას მოაწერა ხელი.

ფინანსური რესურსი, შეთანხმების შესაბამისადვე, სომხეთმა 2018-2022 წლებში უნდა აითვისოს.

“ამის შემდეგ ჩვენ ამ პროგრამის რეალიზაციისთვის მუშაობას რუსული მხარის შესაბამის მწარმოებელთან დავიწყებთ”, – ციტირებს სომხეთის პრეზიდენტის სიტყვებს რია-ნოვოსტი.

“სომხეთის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ რუსეთი შეიარაღების მოდერნიზებისთვის სესხების გაცემას განაგრძობს”, – განაცხადა სერჟ სარგსიანმა.

მისივე თქმით, სომხეთის შეიარაღებული ძალები “კარგად არის აღჭურვილი”, თუმცა “ჯარის მართვასა და იარაღის მოდერნიზაციის საკითხში” უნდა განვითარდნენ,- წერს ТАСС.

რუსეთი ყარაბაღის კონფლიქტის მეორე მონაწილე მხარეს, აზერბაიჯანსაც იარაღით ამარაგებს.

2010 წლიდან ბაქოსთვის რუსული შეიარაღების მიწოდების კონტრაქტების ფინანსურმა ჯამმა დაახლოებით ოთხი მილიარდი დოლარი შეადგინა.

რუსეთის მიერ აზერბაიჯანისთვის სამხედრო შეიარაღების მიწოდების საკითხი არაერთხელ გამხდარა უკმაყოფილების მიზეზი სომხეთში, რამდენადაც სომხეთი რუსეთის სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევა. ამ მხრივ მოსკოვით უკმაყოფილების ტალღა განსაკუთრებით მწვავედ აგორდა სომხეთში 2016 წლის აპრილში, მთიან ყარაბაღში არსებული ვითარების ესკალაციის შემდეგ.

დმიტრი როგოზინმა, რომელიც ВПК-ზეა [სამხედრო წარმოების კომისია] პასუხისმგებელი, განაცხადა, რომ აზერბაიჯანისთვის იარაღის მიწოდება გაგრძელდება. დმიტრი მედვედევმა კი განმარტა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის იარაღის ერთდროულად მიწოდების მიზანი მათ შორის ბალანსის შენარჩუნებაა და რუსეთს რომ არ მიეყიდა იარაღი აზერბაიჯანისთვის, მესამე ქვეყნებში მაინც იყიდდა.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

კონფლიტებზე მომუშავე ორგანიაზციამ, ‘საერთაშორისო კრიზისულმა ჯგუფმა’ (ICG) გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც წერს, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ამჟამად ყველაზე ახლოს არიან სრულმასშტაბიან ომთან, ვიდრე ოდესმე 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი