ახალი ამბები

კახა კალაძე: მეტროს მოდერნიზაციისთვის აქტიური მუშაობა დაიწყება

3 ნოემბერი, 2017 • 3242
კახა კალაძე: მეტროს მოდერნიზაციისთვის აქტიური მუშაობა დაიწყება

დღეს, 3 ნოემბერს, დედაქალაქის ახლადარჩეულმა მერმა თავისი გუნდის წევრებთან და მედიის წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის მეტროპოლიტენით კიდევ ერთხელ იმგზავრა.

კახა კალაძე მეტროსადგურებში არსებულ მდგომარეობას გაეცნო და მეტროს მოდერნიზაციის პროექტზე ისაუბრა. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია მეტროს ყველა სადგურის რეაბილიტაცია და ამისთვის ყველა მიმართულებით აქტიური მუშაობა დაიწყება.

“საუბარია სამ მიმართულებაზე- მეტროსადგურების რეაბილიტაციაზე, ვაგონების განახლებაზე, ან შეიძლება ვიფიქროთ ახალი, თანამედროვე ტიპის ვაგონების შემოყვანაზე, რომელსაც ექნება 50-წლიანი გარანტია; ასევე აუცილებელია კომუნიკაციების – ელექტროგაყვანილობი, საჰაერო, სახანძრო და წყალსაქაჩი სისტემების მოწესრიგება,” – განმარტა თბილისის არჩეულმა მერმა.

კახა კალაძის თქმით, მნიშვნელოვანი იქნება მეტროპოლიტენის ვიზუალური მხარეც-  ერთიანი დიზაინის შემუშავებაზე მუშაობა დაიწყება მთლიანად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით.

მისივე განმარტებით, უახლოეს პერიოდში მეტროსადგური “გურამიშვილი” ორი დღით დაიკეტება, რათა მეტროსადგურში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები უმოკლეს დროში დასრულდეს, რის შესახებაც მოსახლეობა წინასწარ იქნება ინფორმირებული.

თბილისის ახლადარჩეული მერი მუნიციპალური ტრანსპორტით რამდენიმე დღეა მგზავრობს. სოციალურ ქსელში არაერთი ფოტო გავრცელდა, რომელიც ავტობუსებსა და მეტროთი კახა კალაძის მგზავრობას ასახავს.

კახა კალაძე მეტროში

მასალების გადაბეჭდვის წესი