სახელმწიფო სააგენტო ექსპორტიორ კომპანიებს რისკებს დაუზღვევს

“საპარტნიორო ფონდის” ცნობით, სახელმწიფო ქმნის ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს, რომელიც ესპორტის რისკებს დააზღვევს.

საპატრნიორო ფონდის ცნობით, მთავრობის მიერ დამტკიცებული კანონპროექტის მიხედვით, სააგენტო პროდუქციის ან მომსახურების ექსპორტის ტრანზაქციებთან დაკავშირებულ რისკებს დააზღვევს.

საპარტნიორო ფონდის ცნობით, სააგენტო ხელს შეუწყობს საკრედიტო რისკების დაზღვევით, ფინანსური ინსტრუმენტების შეთავაზებითა და, ზოგადად, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობით საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ზრდას და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული კომპანიების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.

ფონდის ცნობით, სააგენტოს დახმარებით ექსპორტიორები შეძლებენ საერთაშორისო სავაჭრო ტრანზაქციებთან დაკავშირებული რისკების დაზღვევას და საბრუნავი კაპიტალის ნაკლებობის სწრაფ აღმოფხვრას. სააგენტო აღნიშნული მიზნით შესთავაზებს ექსპორტიორ კომპანიებს საექსპორტო დაზღვევას და ასევე გარანტიებს, რომლებიც დამატებითი უზრუნველყოფის როლს შეასრულებენ კომერციული ბანკებიდან საბრუნავი სახსრების მოზიდვის დროს.

„საქართველოს ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს“ აქციათა 100%-იანი წილის მფლობელი „საპარტნიორო ფონდი“ იქნება. პირველი სამი წლის განმავლობაში, სააგენტოს კაპიტალის სახით, ფონდი  20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას მოახდენს. საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ, სამი თვის ვადაში მოხდება სააგენტოს დაფუძნება, რის შემდგომაც ის სადაზღვევო ლიცენზიას მიიღებს და მასზე სადაზღვევო რეგულაცია გავრცელდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com