დაგროვებითი პენსიის საგადასახადო ტვირთი დამსაქმებლებისთვის

მცირე მეწარმეების ნაწილი აცხადებს, რომ მძიმე ტვირთად დააწვებათ საპენსიო რეფორმით გათვალისწინებული დამატებითი გადასახადი. ეკონომიკის საკითხების სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ამან შესაძლოა უმუშევრობა კიდევ უფრო გაზარდოს, ან დამსაქმებლებმა გაზრდილი გადასახადის სანაცვლოდ დასაქმებულებს შეუმცირონ ხელფასი.

ფარმაცევტულ კომპანიაში “კონტა ფარმა” 15 ადამიანია დასაქმებული და მინიმალური ხელფასი 500 ლარია. კომპანიის დირექტორი ნინო ნანუშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ მისი ხარჯი მნიშვნელოვნად გაიზრდება, თუკი ყველა თანამშრომელი ახალ საპენსიო სისტემაში ჩართვას მოისურვებს.

პენსიის შესახებ ახალი კანონპროექტით, რომელიც მთავრობის გეგმით 2018 წლიდან უნდა ამოქმედდეს, დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულს, რომლის ასაკი 40 წლამდეა, საპენსიო ანგარიშზე ხელფასის 2% ჩაურიცხოს. 40 წელს გადაცილებული დასაქმებულისთვის კი სისტემაში ჩართვა ნებაყოფლობითი იქნება.

“მხოლოდ ერთი თანამშრომელი მყავს 40 წლამდე ასაკის, რომელზეც ვალდებულება მაქვს, რომ გადავიხადო გადასახადი. დანარჩენი თანამშრომლები 40 წელზე მეტის არიან და მათგან ინფორმაცია მაქვს, რომ სახელმწიფოში არასტაბილური სიტუაციის და სხვა მიზეზების გამო, ანაბრის ტიპის საპენსიო სისტემას არ ეთანხმებიან. ისინი წინააღმდეგი არიან ჩაერთონ ამ ფონდის საქმიანობაში”, – ამბობს ნინო ნანუშვილი ნეტგაზეთთან საუბარში.

თუკი “კონტა ფარმას” თხუთმეტივე თანამშრომელი გადაწყვეტს ახალ საპენსიო სისტემაში ჩართვას, დამსაქმებლის საგადასახადო ხარჯი თვეში მინიმუმ 150 ლარით გაიზრდება (მინიმალური 500-ლარიანი ხელფასის პირობებში).

“სახელმწიფო ამით ისევ ბიზნესს სჯის და ბიზნესს აყენებს ისეთ მდგომარეობაში, რომ 40 წლამდე ადამიანები სამსახურში არ მიიღონ,” – აცხადებს ნინო ნანუშვილი.

დამატებით 2%-იანი გადასახადის შემოღებას საპენსიო რეფორმის ფარგლებში, ასევე, მიუღებლად მიიჩნევს თბილისის მეოთხე პურის ქარხანის დირექტორი მალხაზ დოლიძე. მის საწარმოში 100-მდე ადამიანი მუშაობს და ამბობს, რომ დამატებითი გადასახადი თითოეულ დასაქმებულზე ხარჯებს გაუზრდის.

“ამ საპენსიო რეფორმას არ მივესალმები. ისეთ დარგში ვმუშაობ, პურს ვგულისხმობ, ფასს ვერ მოვუმატებ და ხარჯი მეზრდება,”- აცხადებს მალხაზ დოლიძე.

განსხვავებულად ფიქრობს “საქკაბელის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ედიშერ მამალაძე, თუმცა ჯერ ზუსტად არ დაუთვლია, რამდენით გაეზრდება დანახარჯები საპენსიო რეფორმის ამოქმედების შემთხვევაში.

“მარტო ჩემთვის რომ იყოს ეს კანონპროექტი, ცუდად აისახებოდა, მაგრამ თუ ბიზნესის ყველა მოთამაშისთვის ერთნაირი პრინციპია, ყველასთან თანაბარზომიერად აისახება. მართლაც სჯობს, რომ ადამიანმა გრძელვადიან ჭრილში თავი დაცულად იგრძნოს. ამ 2%-იან შენატანს არ ვუყურებ როგორც კატასტროფას. მთავარია, ამან სტაბილურობის განცდა მისცეს თანამშრომელს და მერე მომავალში პენსიონერს, რომ ღირსეული ადგილი დაიმკვირდოს საზოგადოებაში,”-აცხადებს ედიშერ მამალაძე.

 

ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე საპენსიო რეფორმის შეფასებისას აცხადებს, რომ სახელმწიფო, ჯამში, 4%-ით ზრდის გადასახადს. ეკონომისტი კანონპროექტის ერთადერთ დადებით ეფექტად ლარში განთავსებულ გრძელვადიან დეპოზიტებს მიიჩნევს.

“ეს კანონპროექტი თავისი შინაარსით ჩვეულებრივი საშემოსავლო გადასახადია. ფაქტობრივად, შეფარულად მივიღეთ ახალი 4%-იანი გადასახადი, რომელიც ზუსტად იგივეა, რაც საშემოსავლო გადასახადი. ვთქვათ, აქამდე 1000-ლარიანი ხელფასიდან ადამიანს უკავდებოდა 200 ლარი, ახლა დაუკავდება 240 ლარი. ბუნებრივია, საბოლოოდ ეს თანხა ბიზნესის გადასახდელია. ეს გამოიწვევს იმას, რომ წარმოება გაუძვირდებათ და, შესაბამისად, საქართველოში წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობა შემცირდება. შესაძლოა ამან უმუშევრობაც გაზარდოს. სახელფასო ზრდას ზოგი კომპანია უპასუხებს იმით, რომ უფრო ნაკლებ ადამიანს დაიქირავებს ან ხელფასებს შეუმცირებთ. 20-ის ნაცვლად 24%-ს ჩამოუჭრის ხელფასიდან და ამას არ დაუკომპენსირებს,”- აცხადებს ბესო ნამჩავაძე.

ბესო ნამჩავაძის თქმით, მსოფლიოში დაგროვებითი საპენსიო სისტემები წარმატებულიც არსებობს და წარუმატებელიც. წარუმატებელი სისტემის შემთხვევაში საპენსიო ფონდი არ ჰყოფნის პენსიას და სახელმწიფოს კვლავაც უწევს ბიუჯეტიდან პენსიონერების სუბსიდირება.

დაგროვებითი საპენსიო სისტემის ავტორები ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროები და ეროვნული ბანკი არიან. მათი ინფორმაციით, კანონპროექტზე მუშაობა მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის,  USAID და სავალუტო ფონდის ჩართულობით განხორციელდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.