ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურება დროებითია – ეროვნული ბანკი

ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი განმარტებას აკეთებს. ეროვნული ბანკის განცხადებით, ბოლო პერიოდში ლარის კურსის ცვლილება ძირითადად გამოიწვია შემოდგომაზე გაუფასურების მაღალმა მოლოდინმა.

“როგორც არაერთხელ აღინიშნა, არსებული ინფორმაციის მიხედვით, კურსზე მოქმედი საშუალო და გრძელვადიანი ფაქტორები პოზიტიურია. მიმდინარე წელს სავალუტო შემოსავლები უმჯობესდება და ეს ტენდენცია მომავალ წელსაც გაგრძელდება. სექტემბრის მონაცემებით საქონლის ექსპორტისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლის განმავლობაში თითქმის 30%-ით, ხოლო ფულადი გზავნილები 20%-ით გაიზარდა.

წლის განმავლობაში ბიუჯეტის ხარჯვა დაბალანსებულად მიმდინარეობს. ეროვნულ ბანკს მთავრობასთან აქვს ყოველდღიური კომუნიკაცია და დარჩენილ პერიოდშიც არ არის მოსალოდნელი კურსზე ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მხრიდან რაიმე უარყოფით გავლენა. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ იმ გარემოებას, რომ მთავრობის მიმდინარე სახაზინო ოპერაციები ან ეროვნული ბანკის ლიკვიდობის მართვის რეგულარული ოპერაციები არ ახდენს გავლენას კურსის დინამიკაზე.

ბოლო პერიოდში ლარის კურსის ცვლილება ძირითადად შემოდგომაზე გაუფასურების მაღალმა მოლოდინმა გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოლოდინს რეალური ფუნდამენტური საფუძვლები არ გააჩნია, მან მცურავი კურსის პირობებში მაინც მოახდინა გავლენა ლარის კურსის მოკლევადიან დინამიკაზე, გაზარდა რა უცხოური ვალუტის მოთხოვნა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ლარის აღნიშნული გაუფასურება დროებითია.

თუ ეროვნული ბანკი დაინახავს, რომ გაცვლითი კურსის ცვლილებამ მომავალში შეიძლება შექმნას ზეწოლა ინფლაციაზე, თავისი მანდატის შესაბამისად, ეროვნული ბანკი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს მაღალი ინფლაციის თავიდან ასაცილებლად. ფასების სტაბილურობა, თავის მხრივ, უზრუნველყოფს კურსის გრძელვადიან სტაბილურობას.

კიდევ ერთხელ გვსურს აღვნიშნოთ, რომ საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რაც აუცილებელია ეკონომიკის გრძელვადიანი სტაბილური ზრდისა და დასაქმებისთვის. მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში ბაზრისთვის დამახასიათებელია კურსის მოკლევადიანი ცვალებადობა, მათ შორის მოლოდინებზე რეაგირება, რაც სავალუტო ბაზრის ბუნებრივი ქცევაა. ჩვენი მიზანია მინიმალური ჩარევა საბაზრო პროცესებში, თუმცა ეროვნული ბანკი ფლობს ადეკვატური რაოდენობის უცხოური ვალუტის რეზერვს, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში, გონივრულად მიმართავს”, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტა დოლართან და ევროსთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. ახალი მონაცემების მიხედვით, ხვალ, 3 ნოემბერს, 1 აშშ დოლარი თითქმის 2.63(2.6297) ლარი ეღირება, 1 ევროს შეძენა კი 3.06 ლარად იქნება შესაძლებელი.

ამ დრომდე მოქმედი კურსით, 1 აშშ დოლარის ფასი 2.61 ლარი ღირდა, 1 ევროს ფასი კი 3.03 ლარს შეადგენდა.

ლარმა გაუფასურება 24 ოქტომბრიდან დაიწყო.  საარჩევნო პერიოდში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.48-დან 2.49 ლარის ფარგლებში იყო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com