ახალი ამბები

უმრავლესობამ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ პროექტი შეიტანა

2 ნოემბერი, 2017 • 1528
უმრავლესობამ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ პროექტი შეიტანა

2 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა პროექტი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ. პროექტს ხელს 116 დეპუტატი აწერს.

“რეგლამეტნის მიხედვით, აღნიშნული ინიციატივა უნდა გადაეცეს საპროცედურო კომიტეტს ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურების მიზნით,”- განაცხადა ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა, რომელიც ბიურის დღევანდელ სხდომას უძღვებოდა.

როგორც კი ხელმოწერების ნამდვილობა დადასტურდება, საპროცედურო კომიტეტი დასკვნას წარმოადგენს. შემდეგ შეიქმნება საორგანიზაციო კომისია, რომელიც ერთი თვის განმავლობაში განიხილავს კონსტიტუციის კანონპროექტს. ერთი თვის შემდეგ კი დაიწყება განხილვა პლენარულ სხდომებზე.

2 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში საპროცედურო კომიტეტმა 116-ვე ხელმოწერის ნამდვილობა დაადასტურა, შესაბამისად, კონსტიტუციური კანონის პროექტი ინიცირებულად ითვლება.

“ჩვენ შესაბამის დასკვნას გადავუგზავნით პარლამენტის ბიუროს და უკვე შესაძლებელი იქნება საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნა. რის შემდეგაც დაიწყება ერთთვიანი საყოველთაო-სახალხო განხილვები, როგორც ეს კონსტიტუციით არის განსაზღვრული,” – განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა.

უკვე ცნობილია, თუ რა საკითხებს ეხება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები. ეს არის ოთხი შესწორება –  ბონუსის სისტემის გაუქმება, ბლოკების ერთჯერადად დატოვება, რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებით ჩანაწერის დაზუსტება და ასევე დაზუსტდება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები არჩევნებთან დაკავშირებით.


საკონსტიტუციო ცვლილებების პროქტი საქართველოს პარლამენტმა, საკონსტიტუციო უმრავლესობით, ოპოზიციის ხმების გარეშე, ორი მოსმენით 2017 წლის ივნისში მიიღო. ხელისუფლებამ ოპოზიციასთან დიალოგის განახლების მცდელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია კონსტიტუციასთან დაკავშირებით კონსენსუსის არარსებობით და შექმნილ ვითარებას კრიზისიც უწოდა.  ბუკიკიოს მოწოდების მიუხედვად დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ვერ შედგა. ამ მიზნით სტრასბურგში დაგეგმილი შეხვედრაც კი ჩაიშალა, რომელსაც ორგანიზებას ვენეციის კომისია უწევდა.

მესამე მოსმენით 26 სექტემბერს მიიღო. კონსტიტუციას მხარი საპარლამენტო უმრავლესობამ – 117-მა დეპუტატმა დაუჭირა, ოპოზიციამ ამ პროცესს კვლავ ბოიკოტი გამოუცხადა.

ამის შემდეგ დაიწყო სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიების კონსულტაციები პრეზიდენტთან საკითხებზე, თუ რა უნდა ასახულიყო პრეზიდენტის ვეტოს მოტივირებულ შენიშვნებში. პრეზდენტმა კონსტიტუციას ვეტო 9 ოქტომბერს დაადო და მოტივირებულ შენიშვნებში ასახა ის ოთხი პუნქტო, რომელზეც “ქართულ ოცნებას” გაცხადებული ჰქონდა, რომ ცვლილებებს შეიტანდა. ასევე. პრეზიდენტმა მოტივირებულ შენიშვნებში ასახა კიდევ ორი პუნქტი, რომელიც ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო. ეს ორი ცვლილება იყო პროპორციული საარჩევნო სისტემის  2020 წლის არჩევნებზე ამოქმედება და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა.

შეთანხმებული ოთხი საკითხის გარდა პრეზიდენტის მიერ ვეტოში სხვა საკითხების დამატება მიუღებელი აღმოჩნდა უმრავლესობისთვის. მათ პრეზიდენტის ვეტო დაძლიეს და განაცხადეს, რომ ისინი თავიდან წამოიწყებდნენ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს და ასე შეიტანდნენ კონსტიტუციაში ამ ოთხ ცვლილებას.

პრეზიდენტმა კონსტიტუციას ხელი 20 ოქტომბერს მოაწერა, 2 ნოემბერს კი უკვე ოთხი შესწორების შესახებ პროექტი უმრავლესობამ პარლამენტში დაარეგისტრირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი