2018 წლიდან ყველა საბავშვო ბაღის ავტორიზაციის პროცესი დაიწყება

თბილისის საბავშვი ბაგა-ბაღების სააგენტოს დირექტორის, თემურ თორდინავას ცნობით, 2018 წლის დასაწყისიდან დაიწყება და წლის ბოლომდე გაგრძელდება კერძო და საჯარო საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესი.

სავალდებულო ავტორიზაცია არის რეფორმის ნაწილი, რომელსაც 2016 წელს დამტკიცებული “ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” კანონი ითვალისწინებს. კანონის თანახმად, ავტორიზაცია სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისად კონკრეტული მუნიციპალიტეტის მერიამ უნდა უზრუნველყოს. ავტორიზაციის ვადა 4 წელია.

საბავშვო ბაგა-ბაღების ავტორიზაციის წესის დადგენის თაობაზე, კანონის თანახმად,  საქართველოს მთავრობას 2017 წლის 1 ოქტომბრამდე უნდა მიეღო დადგენილება, თუმცა დოკუმენტი ჯერ გამოქვეყნებული არ არის.

სტანდარტები, რომლებიც საბავშვო ბაგა-ბაღმა უნდა დააკმაყოფილოს ავტორიზაციის მისაღებად, მოიცავს  კვების სტანდარტს, ჰიგიენის სტანდარტს, საგანმანათლებლო სტანდარტს, ინფრასტრუქტურის სტანდარტს და ა.შ.

“ეს სტანდარტები არის ყველა საბავშვო ბაღისთვის აუცილებლად შესასრულებელი, იქნება კერძო თუ საჯარო. თუმცა ავტორიზაციის წესი იცნობს ასეთ ტერმინს – პირობით ავტორიზაციას, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ბაღები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ავტორიზაციის პირობებს რაღაც ნაწილში, მათ მიეცემათ ვადა, რათა გამოასწორონ ეს პრობლემები და ამ ვადის გამოსწორებამდე მათ მიეცემათ პირობითი ავტორიზაცია, ხოლო როგორც კი გამოასწორებენ, ისინი თავიდან გაივლიან ავტორიზაციას და უკვე ოთხწლიანი ავტორიზაცია ექნებათ,”- განაცხადა ნეტგაზეთთან საუბრისას თემურ თორდინავამ.

მისივე თქმით, ინფრასტრუქტურის ნაწილში სტანდარტს ბევრი საბავშვო ბაღი ვერ აკმაყოფილებს, ამიტომ მათთვის ეს პროცესი შესაძლოა გადავადდეს:

“ეროვნულ დონეზე რომ გადავხედოთ, ინფრასტრუქტურის ნაწილში შეიძლება ბევრი საბავშვო ბაღი ვერ აკმაყოფილებდეს სტანდარტის შესაბამის მოთხვნებს, გარკეულ ნაწილში მაინც. ამიტომაც, კანონმდებლობაც იცნობს ამ ჩანაწერს, რომ გონივრული ვადა მიეცემათ ბაღებს და თუ რაღაც გამოუსწორებელი პრობლემა არ არის, 2020 წლამდე იქნება შესაძლებელი, რომ ინფრასტრუქტურის ნაწილის ბოლომდე ვერმოწესრიგების გამო ბაღებს ავტორიზაციის პრობლემა არ შეექმნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ამან ძალიან ბევრი- როგორც საჯარო, ისე კერძო საბავშვო ბაღის დახურვა გამოიწვიოს,”- ამბობს ნეტგაზეთთან საუბრისას თორდინავა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი