ახალი ამბებისაზოგადოებახელოვნება

Dance Lab – უფრო მეტი, ვიდრე თერაპია

1 ნოემბერი, 2017 • 5799
Dance Lab – უფრო მეტი, ვიდრე თერაპია

ავტორი: დავით ოქროპირიძე


სავარჯიშო დარბაზში შესვლისთანავე ადამიანების დიდი წრე ჩანს. წრეში მდგომები ერთმანეთს უყურებენ, იღიმიან და ცეკვას იწყებენ.

ბრიტანული ქორეოგრაფიული კომპანიის, Candoco-ს წარმომადგენლები ინკლუზიური ხელოვნებით დაინტერესებულ ქართველ მოცეკვავეებს სამდღიან ტრენინგს – სახელწოდებით Dance Lab უტარებენ.

“მინდა, რომ ეს მიმართულება საქართველოში განვავითაროთ და მაღალი დონის ხელოვნება ვაჩვენოთ, ანუ ეს არ უნდა იყოს მხოლოდ თერაპიის სტიგმით მონიშნული მუშაობა. ზოგადად, ჰგონიათ ხოლმე, რომ შეზღუდული შესაძლებლობის პირთან მუშაობა აუცილებლად უნდა იყოს რაღაც სარეაბილიტაციო ან მედიკამენტური, მაგრამ პირიქით, ამ ადამიანებს ძალიან ბევრი შეუძლიათ და ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია, რამხელა შესაძლებლობებია აქვთ მათ – დღევანდელმა დღემ ეს დაგვანახა”, – გვიყვება რეპეტიციის შემდეგ ქეთევან ზაზანაშვილი, თბილისის ინკლუზიურთა საცეკვაო დასის ხელმძღვანელი.

Dance Lab-ის რეპეტიცია. ფოტო: ნეტგაზეთი/დავით ოქროპირიძე

მისივე განმარტებით, წარმოდგენის პროცესში რეჟისორი არ მონაწილეობს:

“ეს არ არის ტიპური თეატრალური დადგმა. რა თქმა უნდა, მეხმარებიან, მაგრამ ჩვენ თვითონ, როგორც დასი ვქმნით მოძრაობას, ანუ გვაქვს მუსიკა. მუსიკით შთაგონებული, მუსიკის ტემპიდან გამომდინარე, ის თავად გვკარნახობს მოძრაობას. ჩვენი ხედვით დანახულ მუსიკას, ასე ვთქვათ, ვაცოცხლებთ“.

Candoco-მ ინკლუზიური ცეკვის ტრენინგი საქართველოში პირველად 2013 წელს ჩაატარა. ქეთევან ზაზანაშვილმა სწორედ ამის შემდეგ შექმნა თბილისის ინკლუზიურთა საცეკვაო დასი, რომელსაც იანვარში ერთი წელი შეუსრულდება.

ქეთევან ზაზანაშვილის თქმით, Candoco თავისი მეთოდოლოგიით საცეკვაო დასში შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ტიპიური განვითარების მქონე ადამიანებს აერთიანებს.

სალომე გოგეშვილი დასის ერთ-ერთი მონაწილეა. ის ამბობს, რომ როდესაც თავიდან ქეთი ზაზანაშვილის შესახებ გაიგო, მასთან მივიდა. ამბობს იმასაც, რომ თავიდან მოძრაობების გაკეთება უჭირდა და “ბევრი კომპლექსი აწუხებდა”, თუნდაც ის, თუ  რას იფიქრებდნენ სხვები, თუმცა, ახლა ფიქრობს, რომ ამ ბარიერისგან სრულიად გათავისუფლდა.

“ეს მასტერ კლასები მეხმარება იმაში, რომ ჩემი მოძრაობები უფრო ბუნებრივი გავხადო, უფრო მეტად გავიხსნა, თერაპიას ჰგავს. ისეთია, თითქოს ჩიტი რომ გალიიდან გამოუშვა, რაღაც ამდაგვარი შეგრძნება მაქვს. ისე ხდება მოძრაობების გაკეთება, ისე რბილად, ისე ლამაზად, რომ რაც არ უნდა კომპლექსები გქონდეს ადამიანს, აუცილებლად გაიხსნები. მე არასდროს მიცეკვია, სულ რამდენიმე თვეა ვცეკვავ ინკლუზიურ დასში”, – მიყვება სალომე.

ბრიტანეთის საბჭოს ხელოვნების პროგრამის მენეჯერი, მაია დარჩია ამბობს, რომ შემდეგი ტრენინგი გაზაფხულისთვის იგეგმება:

“ამ პერიოდში ჩვენი ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც ოქტომბრის დასაწყისში ბრიტანეთში გავუშვით ერთკვირიანი რეზიდენციის გასავლელად, კვალიფიკაციის ამაღლებისა და განვითარების კურსზე, დღევანდელ მონაწილეებთან ერთად იმუშავებს და შემდეგ გარკვეულწილად, სელექცია მოხდება”.

მისივე განმარტებით, მათი საბოლოო მიზანი არის ის, რომ ისეთივე ინკლუზიური კომპანია შეიქმნას საქართველოში, როგორიც Candoco-ა, რომელიც სამაგალითოა არა მხოლოდ საქართველოსთვის. დღეს Candoco ბრიტანეთში ერთ-ერთ წარმატებულ ინკლუზიურ ქორეოგრაფიულ კომპანიად მიიჩნევა.

“განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს მივმართავდი, ჩვენ შევწვდით და გავწვდით მხოლოდ სამ ადამიანს და ვურჩევდი სხვებს, დაინტერესდნენ, ნუ ელოდებიან, რომ თავისით მოვა უკეთესი პირობები მათი მუშაობისთვის და ცხოვრებისთვის. როცა ჩნდება ასეთი შესაძლებლობა, აუცილებლად გამოგვეხმაურონ და აუცილებლად ჩაერთონ მასში”,  – ამბობს მაია დარჩია.

Dance Lab-ის რეპეტიცია. ფოტო: ნეტგაზეთი/დავით ოქროპირიძე

Dance Lab-ის რეპეტიცია. ფოტო: ნეტგაზეთი/დავით ოქროპირიძე

Dance Lab-ის რეპეტიცია. ფოტო: ნეტგაზეთი/დავით ოქროპირიძე

Dance Lab-ის რეპეტიცია. ფოტო: ნეტგაზეთი/დავით ოქროპირიძე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი