რა აიძულებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლს, უარი თქვას მოძალადის დასჯაზე

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ორსულ ცოლზე ძალადობაში ბრალდებული წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა გირაოს სანაცვლოდ, რადგან დაზარალებულმა ქალმა განაცხადა, რომ მოძალადე ქმარზე იყო ეკონომიკურად დამოკიდებული.

რატომ ხდებიან იძულებული ქალები, რომ მოძალადე ქმართან გააგრძელონ ცხოვრება და რა შეიძლება ამის საწინააღმდეგოდ სახელმწიფომ გაააკეთოს? ამ საკითხებზე “ნეტგაზეთი” სახალხო დამცველის მოადგილეს, ეკა სხილაძეს ესაუბრა.

რამდენად ხშირად რჩებიან ძალადობაგამოვლილი ქალები მოძალადის ოჯახში?

ეკონომიკური დამოუკიდებლობა პირდაპირ კავშირშია ოჯახში ძალადობისგან თავის დაღწევასთან. ხშირ შემთვევაში, მათ შორის ჩვენი განმცხადებლები, ერიდებიან ოჯახში ძალადობის ფაქტებზე საუბარს, სამართალდამცავი ორგანოებისადმი მიმართვას, რადგან მათი სამომავლო პერსპექტივები ისევ უკავშირდება მოძალადეს. მსხვერპლები ეკონომიკურად არიან დამოკიდებული მოძალადეზე, არ გააჩნიათ საცხოვრებელი. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ხშირად ძალადობა ადრეულ ასაკში ქორწინების გაგრძელებაა. როდესაც ქალებს არ აქვთ სათანადო პროფესია, არ არიან დასაქმებული, რა თქმა უნდა, მათთვის რთულია ამ ნაბიჯის გადადგმა.

ეს ერთი ფაქტორია, თუ კიდევ არის სხვა ფაქტორებიც?

საზოგადოებაში კვლავ დამკვიდრებულია სტერეოტიპული დამოკიდებულებები. ჩვენთან საუბრისას ხშირად მიუთითებენ საზოგადეობის მხრიდან გაკიცხვაზე. ეს სტერეოტიპული ბარიერები ერთგვარი გამოწვევაა, რომ მათ ისაუბრონ ოჯახში ძალადობის ფაქტებზე, ოჯახის წევრები, საზოგადოება, ამ პროცესში თანაბრადაა ჩართული. ხშირად გვქონია შემთხვევები პრაქტიკაში, რომ მსხვერპლები მიუთითებენ სამართალდამცავი პირების მხრიდან შემწყნარებლურ დამოკიდებულებაზე მოძალადის მიმართ. როდესაც გაბედეს და გადადგეს ეს ნაბიჯი და ისაუბრეს ძალადობის შესახებ, ვერ მიიღეს სათანადო მხარდაჭერა სამართალდამცავი უწყების მხრიდან.

როგორ შეიძლება მხარი დაუჭირონ სამართალდამცავმა უწყებებმა?

მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს მსხვერპლის განმეორებით ვიქტიმიზაცია, მაქსიმალურად გააძლიერონ მსხვერპლი იმისთვის, რათა მან ისაუბროს ოჯახში ძალადობის ფაქტების შესახებ. სამწუხაროდ, როდესაც მსხვერპლი არ იღებს მეგობრულ სერვისს, მომსახურება არ არის მორგებული მის საჭიროებებზე, რა თქმა უნდა, ეს განაპირობებს იმას, რომ სამომავლოდ მას მომხდარ ძალადობრივ ფაქტებზე საუბარი გაუჭირდება.

რა სერვისები უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს ოჯახში ძალადობაგამოვლილი ქალების მხარდასაჭერად?

მნიშვნელოვანია, რომ ოჯახში ძალადობაგამოვლილი ქალებისთვის არსებობს რიგი სერვისები, თუმცა არასაკმარისია. თავშესაფარში წასვლის შემთხვევაში (იცით, რომ ეს არის დროებითი სერვისი) თავშესაფრის დატოვების შემდეგ აღარ გვხვდება ეკონომიკური გაძლიერების პროგრამები, რაც მსხვერპლს უბიძგებს იქითკენ, რომ არც თავშესაფრით არ ისარგებლოს. ხშირად ისინი ამბობენ, რომ რა აზრი აქვს თავშესაფარში დროებით წასვლას, თუ ისევ მომიწევს მოძალადესთან ოჯახში დაბრუნება?! ის, რომ სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკურ გაძლიერებაზე მიმართული პროგრამები არ ხორციელდება, ან ნაკლებად ხორციელდება, იმას განაპირობებს, რომ მსხვერპლს უჭირს, ძალადობრივ გარემოს თავი დააღწიოს.
არაერთი ქვეყნის პრაქტიკა ცხადყოფს იმას, რომ თუნდაც თავშესაფრის დატოვების შემდეგ მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ჩართული იყოს მსხვერპლის გაძლიერების და საზოგადოებაში ინტეგრაციის კუთხით- იქნება ეს საცხოვრებლით უზრუნველყოფა, იქნება ეს პროფესიული გადამზადების კუთხით მხარდაჭერა თუ დასაქმებაში ხელშეწყობა. სამწუხაროდ, რაც თავშესაფრების პირობებში ხორციელდება, სპონტანურია, ხშირ შემთხვევაში განსხვავდება სხვადასხვა თავშესაფრის პრაქტიკა მსხვერპლების მიმართ, არ გვაქვს ერთიანი პროგრამა, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ეკონომიკური გაძლიერებისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციისკენ იქნება მიმართული, რაც იწვევს იმას, რომ თავშესაფრის დატოვების შემდეგ მსხვერპლთა დიდი ნაწილი ისევ ძალადობრივ გარემოს უბრუნდება, იმ პირობებში, როდესაც არ გვაქვს მოძალადეთა ქცევის შეცვლისკენ მიმართული პროგრამები.

არ არსებობს ამის ნება, თუ რესურსების ნაკლებობის გამო არ ხორციელდება ეს პროგრამები?

ძირითად არგუმენტად სახელდება რესურსები. თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ არსებული რესურსების პირობებში შესაძლებელია, ეკონომიკური გაძლიერების თუ საცხოვრებლით უზრუნველყოფის კუთხით შეიცვალოს მდგომარეობა.

ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადგილობრივ თვითმმართველობებს. მნიშვნელოვანია ჰქონდეთ შესაბამისი პროგრამები, მსხვერპლთა მხარდაჭერის, მათი გაძლიერების. მნიშვნელოვანია, რომ სოციალური დახმარების პროგრამები ერგებოდეს მსხვერპლთა მოთხოვნილებებს, რაშიც ცენტრალური ხელისუფლების როლიც ძალიან დიდია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com