ვანო მერაბიშვილი შესაძლოა პატიმრობიდან პირობით ვადამდე გათავისუფლდეს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვანო მერაბიშვილი შესაძლებელია პირობით ვადამდე გათავისუფლდეს პატიმრობიდან. ამის შესახევბ ნეტგაზეთი ყოფილი პრემიერის ყოფილ ადვოკატს და ამჟამად საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ოთო კახიძეს ესაუბრა.

როგორც “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, საქართველოს საკანონმდებლო მექანიზმით, ყოფილ პრემიერს ისედაც ეხება პატიმრობიდან ვადამდე გათავისუფლება, რაც არ არის ვინმეს კეთილ ნებაზე დამოკიდებული.

“ვანო მერაბიშვილს ეხება პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება. ეს არის მთლიანად ხელისუფლების დისკრეცია. მათ შეუძლიათ, რომ მიიღონ ეს გადაწყვეტილება და მერაბიშვილი გაათავისუფლონ, ვინაიდან იგი სასჯელს იხდის უკვე 2013 წლის 20 მაისიდან მოყოლებული. შესაბამისად, კანონი ითვლისწინებს, ყველა პატიმარს, შესაბამისი ვადის გასვლის შემდეგ, ავტომატურად შეეხოს პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმი.

ეს არის დამოკიდებული სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალურ კომისიაზე, რომელიც განიხილავს მსჯავრდებულების საქმეებს. ეს არ არის დამოკიდებული ვინმეს კეთილ ნებაზე ან მსჯავრდებულის მოთხოვნაზე. ეს ხდება ავტომატურ რეჟიმში, კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე. შესაბამისად, თეორიულად, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება იყოს მიღებული,” – ამბობს ოთო კახიძე.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის თქმით, ის არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, მიუტანეს თუ არა რაიმე წერილი ვანო მერაბიშვილს ვადამდე ადრე გათავისუფლების შესახებ, თუმცა აცხადებს, რომ ნამდვილად შესაძლებელია, ყოფილი პრემიერი პირობით ვადამდე გათავისუფლდეს.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებით, დღეის მდგომარეობით, მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილს არ აქვს მოხდილი სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისთვის კანონით განსაზღვრული ვადა. შესაბამისად, როგორც უწყებაში აცხადებენ, ყოფილი პრემიერის საქმეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო მოცემულ ეტაპზე ვერ განიხილავს.

სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება მედიით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში ვადამდე გათავისუფლების შესახებ უწყება მიუტანეს.

რას ამბობს კანონი პატიმრის ვადამდე ადრე გათავისუფლებაზე?

პატიმრობის კოდექსის მიხედვით, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა:

  • ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ნახევარი;
  • ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი;
  • გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი;
  • დ) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გაათავისუფლეს და პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ამ მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე;
  • ე) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელსაც წინათ სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით და შეცვლილი სასჯელი გაუქმდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე. (ამოქმედდება 2018 წლის 1 იანვრიდან ).

კოდექსის მიხედვით, მსჯავრდებულს, რომელიც პირობით ვადამდე გათავისუფლდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73- ე მუხლის მე -3 ნაწილით გათვალისწინებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით ფაქტობრივად მოხდილი სასჯელის ვადა ჩაეთვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი – თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე.

რისთვის იხდის სასჯელს ვანო მერაბიშვილი?

ვანო მერაბიშვილი, რომელსაც 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლამდე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა, მანამდე კი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, 2013 წლის 21 მაისს დააკავეს. ის რამდენიმე საქმეზეა მსჯავრდებული, მათ შორის, ყველაზე მაღალი სასჯელი პარლამენტარ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე აქვს.

  • 2014 წლის 17 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ვანო მერაბიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ყოფილ პრემიერ-მინისტრს ასევე აეკრძალა თანამდებობის დაკავება 1 წლის და 6 თვის ვადით. ვანო მერაბიშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მესამე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, რაც გულისხმობს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევას. სასამართლომ ყოფილი პრემიერი ასევე დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის “დ” ქვეპუნტით (მითვისება-გაფლანგვა). მერაბიშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 1641 მუხლით (ამომრჩევლის მოსყიდვა) წარდგენილ ბრალდებაშიც.
  • 2014 წლის 27 თებერვალს 2011 წლის 26 მაისის მიტინგის დაშლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილ შს მინისტრს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა ამნისტიის შედეგად ეს ვადა შემცირდა და 4 წლით და 6 თვით განისაზღვრა. ვანო მერაბიშვილს 26 მაისის საქმეზე ბრალი 2013 წლის 28 მაისს წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს ძალადობით ან იარაღის გამოყენებით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით. მოსამართლემ “გ” ქვეპუნქტით განსაზღვრული ბრალდების ნაწილში ყოფილი შს მინისტრი უდანაშაულოდ, ხოლო „ბ” ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნო.
  • 2014 წლის 20 ოქტომბერს სასამართლომ ვანო მერაბიშვილი სანდრო გირგვლიანის საქმეზე ცნო დამნაშავეთ. შედეგად, ყოფილ პრემიერს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 3 წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. ამ საქმეზე მერაბიშვილს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, და 341-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამსახურებრივ სიყალბეს.
  • 2016 წლის 22 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი შს მინისტრი პარლამენტარ ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის საქმეში გაამტყუნა, ხოლო ორ დღეში ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც. 2017 წლის 1 ნოემბერს გელაშვილის ცემის საქმეზე ვანო მერაბიშვილი უზენაესმა სასამართლომაც გაამტყუნა. ვანო მერაბიშვილი დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის. 2012 წლის 28 დეკემბრის “ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონისა და სასჯელის შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ სასჯელის ზომად ყოფილ შს მინისტრს 6 წლისა და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
  • 2017 წლის  3 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ “აკურას” ღვინის ქარხნის საქმეზე ვანო მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილი პრემიერი სისხლის სამართის კოდექსის 333-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც “ამნისტიის შესახებ” კანონის გამოყენებით შეუმცირდა და განესაზღვრა 2 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 1 წლის და 6 თვის ვადით.

ვანო მერაბიშვილი მის დაპატიმრებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ამ გზით ის, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ჩამოაშორა პოლიტიკურ პროცესებს და შესაძლებლობა არ მისცა, მონაწილეობა მიეღო 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.