ახალი ამბებიხელოვნება

“მეგონა, მარტო ჩემთვის მღეროდა” – ბიორკის კონცერტი თბილისში

1 ნოემბერი, 2017 • 5642
“მეგონა, მარტო ჩემთვის მღეროდა” – ბიორკის კონცერტი თბილისში

“ერთეულ არტისტებს  ახასიათებთ ამხელა ენერგეტიკის გაცემა სცენიდან”, “ემოციური ტალღები ისეთი მასშტაბური და მძლავრი იყო, რომ მეგონა, ბიორკი მარტო ჩემთვის მღეროდა” –  ეს ის შეფასებებია, რაც ბიორკის ფანებმა გუშინდელი კონცერტის შემდეგ “ნეტგაზეთს” გაუზიარეს. საღამოს დასრულების შემდეგ მსმენელს მადლობა თავად მომღერალმაც გადაუხადა, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტი და ისლანდიელი დირიჟორი კი აპლოდისმენტებით დააჯილდოვა. კონცერტის დასრულების შემდეგ ბიორკმა ქართული მრავალხმიანი მუსიკა მოისმინა. როგორც “ნეტგაზეთს” უთხრეს, ისლანდიელი მომღერალი ქართული მუსიკის მოსმენის შემდეგ აღფრთოვანებას ვერ მალავდა.

კონცერტი 21:00 საათზე დაიწყო, თუმცა მსმენელმა დარბაზში შესასვლელად  თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ რამდენიმე საათით ადრე მოიყარა თავი. კონცერტი ორ საათს გაგრძელდა.  ისლანდიელმა მუსიკოსმა 15 კომპოზიცია შეასრულა და მსმენელს აპლოდისმენტებისთვის ამდენჯვერვე გადაუხადა ქართულად მადლობა.

თავდაპირველად სცენაზე ეროვნული სიმფონიური ორკესტრი გამოვიდა ისლანდიელი დირიჟორის თანხლებით, რამდენიმე წუთის და გაბმული აპლოდისმენტების შემდეგ კი ისლანდიელი მუსიკოსიც გამოჩნდა –  წითელი კაბით და ნიღბით, რომელიც ბრიტანელმა დიზაინერმა, ჯეიმს მერიმ სპეციალურად ბიორკისთვის შექმნა.  

ბიორკი მერისთან 2009 წლიდან თანამშრომლობს. ბრიტანელი არტისტი მისთვის სასცენო აქსესუარებს ხელით ქმნის, დიზაინერი მომღერალს სქართველოშიც თან ახლავს.

პირველი სიმღერა “stonemilker” , რომელიც ბიორკმა შეასრულა, მომღერლის ბოლო ალბომიდანაა (Vulnicura). ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ისლანდიელმა მომღერალმა ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ერვონული სიმფონიური ორკესტრის აკომპანირებით იმღერა.

როგორც SOU ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, რომელთა ორგნიზებითაც, ისლანდიელი მუსიკოსი საქართველოში ჩამოვიდა, ორკესტრმა რამდენიმე რეპეტიცია გაიარა, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ბიორკიც ყველა რეპეტიციას დაესწრო, თუმცა მომღერალი მხოლოდ ორკესტრის შესრულებას უსმენდა და თავად რეპეტიციებზე არ უმღერია.

ბიორკი თბილისში 31.10.17

კომპოზიციის ბოლოს, ბიორკმა მიკროფონი სამაგრზე დააბრუნა, დარბაზის აპლოდისმენტების შემდეგ კი ყველასთვის მოულოდნელად,  მსმენელს მადლობა ქართულ ენაზე უთხრა. ამას მოჰყვა “Lionsong”, “History of Touches”, “Black Lake”, Family” და “Notget’.

კონცერტის პირველი ნაწილი მომღერლის ბოლო  ალბომს, Vulnicura-ს დაეთმო. ერთადერთი სიმღერა, რომელიც ამ კრებულიდან ისლანდიელ მომღერალს თბილისში არ შეუსრულებია, “Atom Dance” იყო.

Vulnicura 2015 წელს გამოვიდა და მალევე კრიტიკოსებმა შემსრულებლის ყველაზე პერსონალურ და გულახდილ ალბომად შეაფასეს.

საღამოს განმავლობაში თბილისის საკონცერტო დარბაზში შეკრებილი მსმენელი მომღერალს “ჩრდილების ცეკვის” ფონზე უსმენდა – ბიორკის ემოციურ შესრულებას უფრო მისტიკურს სასცენო განათებები ხდიდა. განათება ისლანდიელ მომღერალს ისე ეცემოდა, რომ დარბაზის კედლებზე მისი ჩრდილი ირეკლებოდა. 

ანტრაქტის შემდეგ მომღერალი სცენაზე ვარდისფერი კოსტუმით დაბრუნდა, ამჯერად ნიღბის გარეშე და მსმენელის წინაშე ძველი კომპოზიციებით წარდგა.

მაყურებლის განსაკუთრებული ემოციები მოჰყვა ისლანდიელი არტისტის მიერ შესრულებულ I’ve Seen It All-ს, თუმცა  ბადრი კობიაშვილისთვის, რომელიც ბიორკის გუშინდელ კონცერტს დაესწრო, ყველაზე ემოციური მუსიკოსის მიერ შესრულებული  “Bachelorette”  აღმოჩნდა:

“ მისი ემოციები იმდენად გულწრფელი და მეტყველი იყო, რომ დარბაზში ყველაზე ბოლო რიგშიც მჯდომიც კი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი. მომღერლისგან წამოსული “ემოციური ტალღები” ისეთი მასშტაბური და მძლავრი იყო, რომ მეგონა, ბიორკი მარტო ჩემთვის მღეროდა. Bachelorette-ზე  ემოციებს ძლივს ვიკავებდი, მინდოდა სცენაზე ავვარდნილიყავი, გულში ჩამეკრა ბიორკი და მეთქვა, რომ ყველაზე მეტად მიყვარს.  ეს საღამო არასდროს დამავიწყდება, რადგან ჩემი ოცნება ახდა და არტისტს, რომელსაც წლებია ვეთაყვანები, ცოცხლად მოვუსმინე” – ამბობს ის.

ბიორკი თბილისში 31.10.17

თბილისის საკონცერტო დარბაზში ისლანდიელი მუსიკოსის მოსმენის შესაძლებლობა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტებსაც ჰქონდათ, მათ ფესტივალის ორგანიზატორებმა ის ბილეთები გადასცეს უფასოდ, რომლებიც კონცერტზე არ გაყიდულა. როგორც კონსერვატორიის სტუდენტი, თეო ლომსაძე ამბობს, SOU ფესტივალის ორგანიზატორები, სტუდენტებთან ადრეც თანამშრომლობდნენ. გასულ წელს გამართულ ფესტივალზე, კონსერვატორიის სტუდენტები მოხალისეებად მუშაობდნენ და არტისტებთან შეხვედრის საშუალებაც ჰქონდათ, რაც თეოს თქმით, მათთვის დიდი გამოცდილებაა:

ეს, რა თქმა უნდა, დიდი გამოცდილებაა ნებისმიერი მიმართულების სტუდენტისთვის. არ აქვს მნიშვნელობა, შემსრულებელია სტუდენტი, მუსიკალური მენეჯმენტის მიმართულებით სწავლობს, თუ თუნდაც მე, როგორც ეთნომუსიკოლოგი. ის ფაქტი, რომ მსოფლიო დონის არტისტებთან შეხვედრის საშუალება გაქვს, თავისთავად დიდი მოტივაციის მომცემია და მათი გამოცდილების გაზიარება შენი კარიერული წინსვლისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია” – ამბობს თეო ლომსაძე. 

რაც შეეხება, გუშინდელ კონცერტს, თეოს თქმით, მისთვის ყველაზე შთამბეჭდავი იმის გააზრება იყო, თუ რამხელა კონტაქტს ამყარებს ბიორკი მაყურებელთან. სტუდენტისთვის საინტერესო აღმოჩნდა ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ახალ ამპლუაში მოსმენაც:

“ყველა ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავით. მე მივხვდი კიდევ, რომ ბიორკის ლაივი არის ასმაგად  უფრო შთამბეჭდავი, ვიდრე მისი ჩანაწერების მოსმენა, რადგან რაც ძალიან მნიშვნელოვანი  იყო და დავიჭირე გუშინ, ეს არის, რამხელა კონტაქტს ამყარებს მაყურებელთან. ერთეულ არტისტებს  ახასიათებთ ამხელა ენერგეტიკის გაცემა სცენიდან. პირველი განყოფილება, ახალი ალბომიდან რომ იყო,  სასწაულად ემოციური, ძალიან დატვირთული იყო ემოციური თვალსაზრისით.

ისეთი კომპოზიციები იყო, პირადული და ძალიან პერსონალური. მეორე განყოფილებაში კი ყველაფერი შესრულდა თითქმის, რაც გვიყვარს. ჩემთვის ერთდროულად იყო ძალიან დიდი სიახლე იმიტომ, რომ ახალი ალბომი არც მქონდა მოსმენილი და, მითუმეტეს, სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. სულ ვუსმენთ ამ ორკესტრს, თუმცა ამ ამპლუაში მე არ მომისმენია არასოდეს” – ამბობს თეო.

ბიორკი თბილისში 31.10.17

კონცერტის გადაღება, მუსიკოსის მოთხოვნით, მედიისთვის აკრძალული იყო. ფესტივალის ორგანიზატორებმა მსმენელსაც მოუწოდეს, თავი შეეკავებინათ გადაღებისგან, თუმცა რამდენიმე ადამიანმა დარბაზში მობილური ტელეფონით ფოტოებისა და ვიდეოს გადაღება მაინც სცადა, რის საპასუხოდაც, ბიორკმა დარბაზში მყოფებს სთხოვა, მისი შესრულება კონცერტზე მოესმინათ და არა მეორე დღეს, ტელეფონებში:

“ნახევარი მსოფლიო გამოვიარე თქვენთან შესახვედრად, მე ვხედავ თქვენს ტელეფონებს, თუმცა ვერ ვხედავ თქვენს თვალებს. მოდი, დღეს აქ და ახლა მოისმინეთ  და არა ხვალ, ტელეფონში” – თქვა ბიორკმა.

კონცერტის დასასრულს კი ისლანდიელმა არტისტმა ქართველ მსმენელს ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ ქართულად არ საუბრობს, აღნიშნა, რომ მისი ვარაუდით დარბაზში ისლანდიურსაც ვერ გაიგებდნენ. ორკესტრი  და ისლანდიელი დირიჟორი მსმენელს წარუდგინა და აპლოდისმენტებითაც დააჯილდოვა.

საღამოს ბოლოს ბიორკმა საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე ქართველ მსმენელს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა – ამჯერადაც ქართულ ენაზე.

საღამოს დასრულების შემდეგ კი ისლანდიელი მუსიკოსი ანსამბლ “რუსთავს” და “ანჩისხატს” შეხვდა და ქართული მრავალხმიანი მუსიკა მოისმინა.

როგორც მაგდა ნოვაკოვსკა ამბობს, რომელიც შეხვედრას მეგობრების მიწვევით ესწრებოდა, ბიორკი ქართული მხავალხმიანი მუსიკის მოსმენის შემდეგ აღფრთოვანებას ვერ მალავდა:

ორი ანსამბლის წევრები ესწრებოდნენ ამ საღამოს, “ანჩისხატის” და “რუსთავის”. იყო არაჩვეულებრივი  ბიორკს ძალიან მოეწონა, აღფრთოვანებას ვერ მალავდა.  ძალიან ემოციურად გამოხატა თვისი აღფრთოვანება, გადაეხვია მომღერლებს და ძალიან თბილად გადაუხადა მადლობა. ძალიან ემოციური იყო ეს ყველაფერი. როგორც მე დავინახე, მისთვის ეს იყო ძალიან დიდი აღმოჩენა” – ამბობს მაგდა ნოვაკოვსკა “ნეტგაზეთთან” საუბრისას. 

მას შემდეგ კი, რაც 3 ნოემბერს ბიორკი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მორიგ წარმოდგენას გამართავს, ის საქართველოს მასშტაბით მუსიკალურ ექსპედიციაში გაემგზავრება, რა დროსაც ქართულ ფოლკლორს გაეცნობა. როგორც SOU ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, ისლანდიელი არტისტი სვანეთში, ზემო აჭარაში, გურიასა და კახეთში ჩავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი