რა თანხით მოახერხა თამაზ მეჭიაურმა თიანეთში გამარჯვება

აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის ანგარიშის ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, თამაზ მეჭიაურის პარტიას (თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის) 1 ივნისიდან 21 ოქტომბრამდე დროის პერიოდში, არცერთი თეთრის შემოწირულობა და, შესაბამისად, ხარჯი არ ჰქონია.

ეს ნიშნავს იმას, რომ მეჭიაურმა არჩევნებში სრულიად უფულოდ გაიმარჯვა. თუმცა საინტერესოა, როგორ იხდიდა ოფისის კომუნალურ გადასახადებს, სარგებლობდა თუ არა ავტომობილით გადაადგილებისას და, შესაბამისად, სჭირდებოდა თუ არა საწავავი და ა.შ.

თამაზ მეჭიაური ერთადერთი კანდიდატია, რომელმაც მერის არჩევნებში მმართველი გუნდის კანდიდატის დამარცხება პირველსავე ტურში შეძლო.

თამაზ მეჭიაური ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ  საქმე ალბათ შეცდომასთან გვაქვს, რადგან მართალია, მისთვის ფული არ შეუწირავთ, თუმცა ჰქონდა გარკვეული არაფულადი შემოწირულობები.

მეჭიაურის თქმით, ოფისი მისი პარტიის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატის მამამ გადასაცა და ამ კუთხით ყველა ხარჯი თვითონ გაწია. მეჭიაურის თქმით, მას აჩუქეს საწვავის ტალონებიც.  ამბობს, რომ ფული არც პარტიულ აქტივზე დაუხარჯავს საარჩევნო უბნებზე და ა.შ.

აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსი ზურაბ აზნაურაშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ სავარაუდოდ, საქმე გვაქვს ხარვეზეთან. მისი თქმით, პარტიამ განაცხადა, რომ საბანკო ანგარიშის გავლით არავითარი ფინანსური ბრუნვა არ ჰქონია, თუმცა კანონის მიხედვით ყველა სახის ხარჯისა და შემოწირულობის დეკლრარებაა საჭირო, მათ შორის არაფულადისაც.

 

“კომუნიკაიცა იყო და დღეს უნდა მოიტანონ [დეკლარაცია]. ვინ აჩუქა და ა.შ. ეს ყველაფერი უნდა დაფიქსირდეს, დღეს დავაფიქსირებთო”, – ამბობს აზნაურაშვილი და დასძენს, რომ თუ პარტია შემოსავლებისა და ხარჯების დეკლარირებას არ განახორციელებს, კანონი მის ფინანსურ დაჯარიმებას ითვალისწინებს.


თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულად თამაზ მეჭიაური გამოაცხადა. შემაჯამებელი ოქმი კომისიამ დღეს, 1 ნოემბერს გამოსცა. დოკუმენტში ცესკოს მიერ წარმოდგენილი ბოლო მონაცემები აისახა, რომლის მიხედვითაც “ქართული ოცნების” კანდიდატ ლელა ქიტესაშვილს (3076 ხმა) დამოუკიდებელმა კანდიდატმა თამაზ მეჭიაურმა (3077ხმა) 1 ხმით მოუგო. გადაწყვეტილებას “ქართული ოცნების” კანდიდატი უსამართლოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ ის სასამართლოში შესაბამისი პროცედურების დაცვით გასაჩივრდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com