ახალი ამბები

თიანეთის საოლქომ მერად მეჭიაური გამოაცხადა, “ოცნება” სასამართლოს მიმართავს

1 ნოემბერი, 2017 • 2906
თიანეთის საოლქომ მერად მეჭიაური გამოაცხადა, “ოცნება” სასამართლოს მიმართავს

თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულად თამაზ მეჭიაური გამოაცხადა. შემაჯამებელი ოქმი კომისიამ დღეს, 1 ნოემბერს გამოსცა. დოკუმენტში ცესკოს მიერ წარმოდგენილი ბოლო მონაცემები აისახა, რომლის მიხედვითაც “ქართული ოცნების” კანდიდატ ლელა ქიტესაშვილს (3076 ხმა) დამოუკიდებელმა კანდიდატმა თამაზ მეჭიაურმა (3077ხმა) 1 ხმით მოუგო.

გადაწყვეტილებას “ქართული ოცნების” კანდიდატი უსამართლოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ ის სასამართლოში შესაბამისი პროცედურების დაცვით გასაჩივრდება. ლელა ქიტესაშვილი ირწმუნება, რომ დაკარგულია 6 ბიულეტენი, რომელიც დიდი ალბათობით, არჩევნების შედეგზე გადამწყვეტ გავლენას იქონიებდა. ამასთანავე, მერობის კანდიდატის თქმით, ხმათა 50% არცერთ კანდიდატს არ მიუღია, რის გამოც საარჩევნო კომისიას არჩევნების მეორე ტური უნდა დაენიშნა.

“ფაქტობრივი მაჩვენებლებით, ბარიერი არცერთ კანდიდატს არ გვაქვს გადალახული და, ბუნებრივია, ეს გარემოება გახდება გასაჩივრების საგანი. არის რამდენიმე ციფრი, რომელიც მარტივი არითმეტიკული დასკვნის გაკეთებაში გვეხმარება: კანონში ცალსახად წერია, რომ არჩვენებში გამარჯვებულად ითვლება კანდიდატი, რომელიც არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობის 50+1%-ს მიიღებს, ბათილი ბიულეტენების გამოკლებით. ჩვენს შემთხვევაში, 6379 ადამიანმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. ბათილი ბიულეტენი იყო 220. როდესაც დათვლილ ბიულეტენებს ვაკლებთ გაბათილებულს, გვრჩება 6159. ამ რიცხვის ნახევარი არის 3079.5, ანუ 3080 ხმა სჭირდებოდა კანდიდატს, რომ მას ბარიერი გადაელახა. მე 3076 მაქვს, ბატონ თამაზს 3077. მარტივი არითმეტიკაა. შედეგებზე გავლენას ახდენს სწორედ ის ექვსი დაკარგული ბიულეტენი, რომელზეც ვსაუბრობდით”, – განუცხადა ქიტესაშვილმა “ნეტგაზეთს”.

“ქართული ოცნების” კანდიდატის არგუმენტებს არ იზიარებენ თიანეთის #19 საოლქო საარჩევნო კომისიაში. კომისიის თავმჯდომარის, გიორგი ცალუღელაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პარტიას შედეგთან დაკავშირებით პრეტენზიები გააჩნია, აქვს უფლება, გადაწყვეტილება გაასაჩივროს. მისივე თქმით, ოფიციალური შედეგების გარდა, რომელთა მიხედვითაც მეჭიაურმა ქიტესაშვილს 1 ხმით მოუგო, საოლქოს გადაწყვეტილებას სასამართლოს დადგენილებაც ამყარებს, რომელმაც გამარჯვებულად სწორედ თამაზ მეჭიაური გამოაცხადა.

საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას არც თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი იზიარებს. მისი თქმით, საოლქომ “საზოგადოების ნაწილში არსებული კონიუქტურის საფუძველზე იმოქმედა”.

“საოლქომ თავი არ აიტკია და იმ კონიუქტურას დაექვემდებარა, რომელიც არსებობს დღეს საზოგადოებაში. ეს კონიუქტურა გამოიხატება იმაში, რომ საზოგადოების ერთ ნაწილს სურდა “ქართული ოცნება” სადმე დამარცხებული ენახა, ოპოზიცია კი, გამარჯვებული. სწორედ ამ კონიუქტურამ გაიმარჯვა სამართლიანობაზე. საკმარისი ხმები არცერთ კანდიდატს არ აქვს”, – ამბობს ქუცნაშვილი.

საოლქო კომისიის გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე, თამაზ მეჭიაურმა არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით დავა მცხეთის რაიონულ სასამართლოში მოიგო, რომელმაც მას 5 ბათილი ბიულეტენი მიაკუთვნა. შემდეგ კი დავა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდა, სადაც გადაწყვეტილება კვლავ დამოუკიდებელი კანდიდატის სასარგებლოდ მიიღეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი