ვინ და როგორ მიიღებს აღმზრდელ-პედაგოგის სტატუსს ბაგა-ბაღებში?

საბავშვო ბაღებში აღმზრდელ-პედაგოგის სტატუსის მოსაპოვებლად მსურველებს სხვადასხვა კრიტერიუმის, მათ შორის, უმაღლესი განათლების ცენზის დაკმაყოფილება მოუწევთ. ამ ეტაპზე უცნობია, რამდენით მოემატებათ ხელფასი აღმზრდელ-პედაგოგებს – შესაბამისი ნორმატიული აქტი მთავრობას ჯერ არ დაუმტკიცებია.

აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიულ სტანდარტებზე მთავრობის მიერ 27 ოქტომბერს დამტკიცებულ დადგენილებში არის საუბარი.

აღმზრდელ-პედაგოგი “ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” კანონის თანახმად, არის პირი, რომელიც დაწესებულებაში სააღმზრდელო-პედაგოგიურ საქმიანობას ახორციელებს, აღმზრდელი კი- ვინც მას ეხმარება. კანონმა მთავრობა დაავალდებულა, 2017 წლის 1 ოქტომბრამდე დაემტკიცებინა აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტები, რაც რეალურად თითქმის ერთი თვის დაგვიანებით მოხდა.

დადგენილებით გამიჯნულია 2024 წლის 1 სექტემბრამდე და შემდგომი პერიოდი. კერძოდ, 2024 წლის სექტემბრამდე დასასაქმებელ აღმზრდელ მასწავლებელს შესაძლოა არც ჰქონდეს უმაღლესი განათლების დიპლომი, თუმცა პროფესიული კვალიფიკაციის დიპლომი და გავლილი გადამზადება უნდა ჰქონდეს:

  • უნდა ფლობდეს სულ მცირე ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს ნებისმიერ სპეციალობაში, ჰქონდეს აღმზრდელის ან აღმზრდელ-პედაგოგის პოზიციაზე მუშაობის, სულ მცირე, 4-წლიანი გამოცდილება და გავლილი ჰქონდეს განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული ტრენინგ-მოდულებით გადამზადება;
  • ჰქონდეს ბაგა-ბაღის აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭების დამადასტურებელი დიპლომი და გავლილი ჰქონდეს განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული ტრენინგ-მოდულებით გადამზადება;
  • მუსიკის აღმზრდელ-პედაგოგი უნდა ფლობდეს უმაღლეს ან პროფესიულ სამუსიკო განათლებას და გავლილი ჰქონდეს განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულებით  გადამზადება.

2024 წლის 1 სექტემბრიდან დასასაქმებელი აღმზრდელ-პედაგოგის მიმართ მოთხოვნები კიდევ მკაცრდება და უმაღლესი განათლება სავალდებულო ხდება. კერძოდ, აღმზრდელ-პედაგოგი:

  • უნდა ფლობდეს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს;
  • ფლობდეს, სულ მცირე, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს განათლების, ჰუმანიტარული მეცნიერებების, ფსიქოლოგიის, ხელოვნების მიმართულებით და გავლილი ჰქონდეს განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულებით გადამზადება.
  • აკმაყოფილებდეს მასწავლებლის განათლებისათვის „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონით დადგენილ მოთხოვნებს და გავლილი ჰქონდეს განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულებით გადამზდება
  • მუსიკის აღმზრდელ-პედაგოგი უნდა ფლობდეს უმაღლეს ან პროფესიულ სამუსიკო განათლებას და გავლილი ჰქონდეს განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულებით გადამზადება.

“ჯერ არ ვიცით, აღმზრდელ-პედაგოგის სტატუსის რამდენი ადამიანი გვეყოლება,” – გვეუბნება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი თემურ თორდინავა.

მისივე თქმით, პირველ რიგში, უნდა გაირკვეს, აკმაყოფილებენ თუ არა აღმზრდელ-პედაგოგობის მსურველები სტანდარტში განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ასევე, მზადდება ტრენინგ-მოდულები, რომლის მიხედვითაც ამ პირებმა უნდა გაიარონ საკვალიფიკაციო კურსი და აიღონ სერტიფიკატი იმისთვის, რათა აღმზრდელ-პედაგოგის სტატუსი მიენიჭოთ.

“შეიძლება აღმზრდელ-პედაგოგის სტატუსი მიენიჭოს მეთოდისტს, რომელიც აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და სურვილის შემთხვევაში გაივლის სასერტიფიკაციო კურსს. შეიძლება, მუსიკის მასწავლებელს მიენიჭოს, შეიძლება, აღმზრდელს, შეიძლება, აღმზრდელის თანაშემწეს, რომელსაც საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისი განათლება აქვს და ჩააბარებს სასერტიფიკაციო გამოცდებს,”- განმარტავს თორდინავა.

როგორც თემურ თორდინავა ამბობს, თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს სისტემაში დღეს 2500-მდე აღმზრდელი მუშაობს. მისივე თქმით, კანონში შესული ცვლილების გამო კი 2020 წლისთვის სულ მცირე 1500 აღმზრდელ პედაგოგი დასჭირდებათ.

“2020 წლის პირველი სექტემბრისთვის ბაგაში უნდა იყოს 25 ბავშვი, 3 წლიდან სკოლაში შესვლამდე ჯგუფში კი – 30 ბავშვი. თანაფარდობა არის 1:13-თან, ანუ, თუ ბაგის ჯგუფი 25-ბავშვიანია, მას ერთი აღმზრდელ-პედაგოგი უნდა ჰყავდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ დღეის მდგომარეობით, ჩვენ თუ გვაქვს 1570 ჯგუფი თბილისის მასშტაბით, გვჭირდება აღმზრდელ-პედაგოგის სტატუსის მქონე მინიმუმ 1500 ადამიანი, შეუძლება უფრო მეტიც, რადგანაც საბავშვო ბაღში ჯგუფები გადატვირთულია, აღმზრდელ-პდაგოგის სტატუსის მქონე ბევრად მეტი ადამიანის არსებობა დაგვჭირდება.  2020 წლისთვის, ყველა ვარიანტში, აღმზრდელ- პედაგოგების კუთხით დასრულებული უნდა გვქონდეს სტატუსის მინიჭების საკითხი, ანუ, რეზერვიც უნდა გვყავდეს და ყველა საბავშვო ბაღში ჯგუფებში აღმზრდელ-პედაგოგი აუცილებლად უნდა იყოს,”- ამბობს თემურ თორდინავა.

თბილისის 37-ე ბაგა-ბაღი ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

მთავრობის მიერ მიღებულ დადგენილებაში აღმზრდელ-პედაგოგის არაერთი მოვალეობაა გაწერილი, მათ შორის, მან უნდა უზრუნველყოს ძალადობის პრევენცია, დისკრიმინაციის აღმოფხვრა, იცოდეს თითოეული ბავშვის კვების თავისებურებები და მათ ემოციურად და ფიზიკურად უსაფრთხო გარემო უნდა შეუქმნას.

სტანდარტით გაწერილი ზოგიერთი მოვალეობაა:

  • აღმზრდელ-პედაგოგი ოჯახთან თანამშრომლობის გზით თითოეულ ბავშვზე ფლობს ამომწურავ ინფორმაციას მათ ჯანმრთელობასა და კვების თავისებურებებთან/საჭიროებებთან (დიეტა, ალერგია, კვებასთან დაკავშირებული კულტურული შეზღუდვები, იმუნიზაციის კალენდარი და ა.შ.) დაკავშირებით და იყენებს ამ ინფორმაციას სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზებისას.
  • აღმზრდელ-პედაგოგი აღიარებს, პატივს სცემს და ითვალისწინებს თითოეული ბავშვის  ინდივიდუალურ საჭიროებებს, შესაძლებლობებს, მათ შორის, კვების ინდივიდუალურ ტემპს.
  • აღმზრდელ-პედაგოგი იცნობს  ბავშვთა დაცვის სფეროში არსებულ სამართლებრივ აქტებს (ბავშვთა უფლებათა კონვენცია, ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები და სხვა).
  • აღმზრდელ-პედაგოგი ამოიცნობს ძალადობის სხვადასხვა ფორმას და ახდენს შესაბამის რეაგირებას; იცის შესაბამისი უწყებების უფლება-მოვალეობები და, საჭიროების შემთხვევაში, თანამშრომლობს მათთან ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) მიზნით (მაგ.: სოციალური მომსახურების სააგენტო,  პოლიცია და სხვა.).
  • აღმზრდე-პედაგოგი ბავშვებთან ურთიერთობისას გაწონასწორებული და კეთილგანწყობილია.
  • აღმზრდელ-პედაგოგი თითოეულ ბავშვს ასწავლის კონფლიქტური სიტუაციების მოგვარებას კომუნიკაციის, პრობლემის ანალიზისა და ურთიერთშეთანხმების გზით.
  • აღმზრდელ-პედაგოგი ფიზიკური გარემოს მოწყობისას/ ადაპტირებისას ითვალისწინებს თითოეული ბავშვის განვითარების დონეს, საჭიროებებს, ინტერესს, შესაძლებლობებსა და დასახულ საგანმანათლებლო მიზნებს.
  • აღმზრდელ-პედაგოგი უსაფრთხოების ნორმების, თითოეული ბავშვის ასაკის, განვითარების, საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით, არჩევს ეკოლოგიურად სუფთა მასალებს, რესურსებს, რომლებიც ხელს უწყობს მათ ჰოლისტურ განვითარებას.
  •  აღმზრდელ-პედაგოგმა იცის ფიზიკური და ფსიქიკური განვითარების დარღვევის/შეფერხების ფორმები, იგი დაკვირვებისა და შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესში დამატებითი პერსონალის ჩართვის/დამატებითი მომსახურების შეთავაზების საჭიროებას (მაგ.: მულტიდისციპლინური გუნდი, სპეციალური პედაგოგი, ენისა და მეტყველების თერაპევტი, ფსიქოლოგი და ა.შ.).
  • აღმზრდელ-პედაგოგი მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს ინდივიდუალურად აცნობს  ბავშვზე დაკვირვებისა და შეფასების შედეგებს, მათთან ერთად განიხილავს ბავშვის განვითარებასა და განათლებასთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებს, მიზნებსა და გამოწვევებს; შედეგების განხილვისას პირველ რიგში აქცენტს აკეთებს ბავშვის ძლიერ მხარეებსა და მიღწევებზე. საჭიროების შემთხვევაში, იგი დაკვირვებისა და შეფასების შედეგებს კონფიდენციალურობის პრინციპების დაცვით განიხილავს კოლეგებთან და სხვა პროფესიონალებთან (მკვლევრებთან, მონიტორებთან).
  • აღმზრდელ-პედაგოგმა იცის ქცევის პოზიტიური მართვის „გაძღოლის სტრატეგიები“ და  სხვადასხვა პოზიტიური მეთოდების მეშვეობით ახდენს ბავშვებში რთული ქცევის პრევენციას; რთული ქცევის შემთხვევაში, მიმართავს პოზიტიურ მეთოდებს მის მოსაგვარებლად.
  • აღმზრდელ-პედაგოგი ბავშვებისა თუ უფროსების მიერ სხვადასხვა ნიშნის საფუძველზე (ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეროვნული, რასობრივი, რელიგიური, გენდერული და სხვა) გამოვლენილ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებასა თუ ქცევაზე სათანადოდ რეაგირებს და ხელს უწყობს სტერეოტიპული დამოკიდებულებების შეცვლასა და თანასწორობის ღირებულების ჩამოყალიბებას.
  • აღმზრდელ-პედაგოგი პატივს სცემს და სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების პროცესში ითვალისწინებს თითოეული ბავშვის ინდივიდუალობას, მისი ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ენობრივი, ეროვნული, რასობრივი, რელიგიური და სხვა მახასიათებლების ჭრილში.
  • აღმზრდელ-პედაგოგი თითოეული ბავშვის საჭიროებების, შესაძლებლობების, კულტურული, ენობრივი, რელიგიური თავისებურებების გათვალისწინებით, იძენს ახალ ცოდნას, უნარებს და შესაბამისად იყენებს მათ სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესში (მაგ.: სხვადასხვა კულტურისთვის დამახასიათებელი სათამაშოების დამზადება ბავშვებთან ერთად და ა.შ).
  • აღმზრდელ-პედაგოგი, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვისთვის ქმნის ინდივიდუალური განათლებისა და განვითარების გეგმას.

აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიულ სტანდარტებს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

საქართველოში ჩატარებული არაერთი კვლევა საუბრობს ბაგა-ბაღების აღმზრდელების დაბალ კვალიფიკაციაზე.

ISET-ის კვლევის თანახმად, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2012 წლის მონაცემებით, საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ტრენინგი საბავშვო ბაღის არცერთ აღმზრდელს არ ჰქონდა გავლილი. ასეთი რეგიონები იყო გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი. გადამზადებული აღმზრდელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში ფიქსირდებოდა – 64.1%, საქართველოს მასშტაბით საშუალო მაჩვენებელი კი მხოლოდ 27.7%-ს შეადგენს.

თბილისის ბაღის ერთ-ერთი აღმზრდელი თვისებრივი კვლევის დროს ISET-ის მკვლევრებთან ტრენინგების სიმცირეზე საუბრობდა:

“ტრენინგები იშვიათად ტარდება. ტრენინგებში ჩართული არიან მხოლოდ მეთოდისტები და არა აღმზრდელები. არ არის საკმარისი დრო, რათა მეთოდისტებმა გაუწიონ ინსტრუქტაჟი აღმზრდელებს განათლების მიდგომებთან დაკავშირებით,”- ნაწყვეტი ISET-ის კვლევიდან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი