ახალი ამბები

პარტიამ შესაძლოა 3% ვერ გადალახოს, მაგრამ საბიუჯეტო დაფინანსება მაინც მიიღოს – კანონპროექტი

1 ნოემბერი, 2017 • 2655
პარტიამ შესაძლოა 3% ვერ გადალახოს, მაგრამ საბიუჯეტო დაფინანსება მაინც მიიღოს – კანონპროექტი

საქართველოს ბიუჯეტიდან შეიძლება დაფინანსება იმ პოლიტიკურმა ძალებმაც მიიღონ, რომლებსაც არჩევნებში 3%-იანი ბარიერი არ გადაულახავთ, თუმცა პარლამენტში ფრაქციებით არიან წარმოდგენილი. ამას ითვალისწინებს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი.

დღეისათვის მოქმედი საკანონმდებლო ნორმით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიისთვის გასანაწილებლად გამოყოფილ თანხას იღებს ის პარტია, რომელიც დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა არჩევნებში და მან ან შესაბამისმა საარჩევნო ბლოკმა ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საერთო არჩევნებში მიიღო  ამომრჩეველთა ხმების 3% ან 3%-ზე მეტი (ხმათა ეს რაოდენობა გამოიანგარიშება მთელ ქვეყანაში პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მიღებული ხმების მიხედვით).

პარლამენტის ორი დეპუტატების, გია ჟორჟოლიანისა და სიმონ ნოზაძის მიერ ინიცირებული კანონპროექტით კი მოქმედ ჩანაწერს ბოლოში უნდა დაემატოს შემდეგი წინადადება- “ან პარლამენტში წარმოდგენილია ფრაქციით”. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო დაფინანსებას ის პოლიტიკური ძალებიც მიიღებენ, რომელთაც დაფინანსების მოპოვებისათვის საჭირო 3%-იანი ბარიერი არ გადაულახავთ, მაგრამ პარლამენტში ფრაქციით არიან წარმოდგენილი.

საკანონმდებლო ინიციატივას აპროტესტებს თავისუფალი დემოკრატების ლიდერი თამარ კეკენაძე:

“ეს არის ოცნების მხრიდან ერთ ადამიანზე კანონის მორგების მცდელობა და სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივი ფლანგვა. ეს თემა ჯერ კიდევ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს დაიწყო, როდესაც ბატონ ნოზაძეს კანონის დარღვევით შეუქმნეს ფრაქცია, რადგან მრეწველების პარტიას 3%-იანი ბარიერი არ ჰქონდა გადალახული.

ახლა, როდესაც ამ პარტიას შეუწყდა საბიუჯეტო დაფინანსება, რადგან პარტიამ კიდევ ერთხელ ვერ მოიპვა 3%-იანი მხარდაჭერა, ,,ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, უკვე კანონი მოარგოს მისი ინტერესების გამტარებელ პარტიას.

თუ ეს ცვლილება შევიდა, რა თქმა უნდა, ეს უკვე შემდგომში, დიდი ალბათობით, გამოყენებული იქნება სხვა პოლიტიკურ პარტიებთან სავაჭროდ.

ამ ახალი სქემით, ქართული ოცნება შეძლებს გაიყვანოს თითო ადამიანი, შეუქმნას მას ფრაქცია და პარლამენტში შექმნას მრავალპარტიული გარემოს იმიტაცია.

საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ,,ქართულ ოცნებას“ უკვე დიდი ხანია სახელმწიფო ბიუჯეტი საკუთარი პირადი ფონდი ჰგონია და აგრძელებს მოსახლეობის მიერ გადახდილი გადასახადების პარტიული ინტერესებისთვის გამოყენებას”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თამარ კეკენაძე ავრცელებს.

როგორ ასაბუთებენ კანონპროექტის ავტორები მისი მიღების აუცილებლობას?

ამონარიდი კანონპროექტიდან:

პარტიას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლება წარმოეშობა მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად და იმ შემთხვევაში, თუ პარტია ან შესაბამისი საარჩევნო ბლოკი, რომელშიც ეს პარტია იყო გაერთიანებული, მიიღებს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3%-ს ან 3%-ზე მეტს

.საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, პარლამენტის არჩევნები ტარდება პრორპოციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემების საფუძველზე. ამასთან, კანონმდებლობით არცერთ საარჩევნო სისტემას არ აქვს მინიჭებული უპირატესობა და, შესაბამისად, ისინი თანაბარმნიშვნელოვანია, თუმცა პარტიისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლების მინიჭება მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების საფუძველზეა შესაძლებელი.

მოცემულ შემთხვევაში, პროპორციული სისტემით პარტიის მიერ მიღებული მინიმალური შედეგი (3%), რომელიც შესაძლებელია არ იყოს საკმარისი იმისათვის, რომ პარტია წარმოდგენილი იყოს პარლამენტში, საკმარისია პარტიის მიერ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსის მისაღებად და დაფინანსების მოსაპოვებლად, მაშინ, როდესაც  საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით ითვლება, რომ პარტიას ჰყავს პარლამენტში წარმომადგენელი, თუ ის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით წარადგენს, პარტიული სიის წარდგენისაგან დამოუკიდებლად, მაჟორიტარ კანდიდატებს და ეს კანდიდატები არჩეული იქნებიან პარლამენტის წევრებად.

შესაძლებელია, რომ პარტიამ ვერ გადალახოს პარლამენტის პროპორციული სისტემით გამართულ არჩევნებში 3%-იანი ბარიერი, მაგრამ ამ პარტიამ მოიგოს მაჟორიტარული წესით ჩატარებული არჩევნები და მით უფრო, მისმა წარმომადგენელმა/წარმომადგენლებმა შექმნან საპარლამენტო ფრაქციაც კი. ასეთ შემთხვევაში კანონი, ისევე როგორც აღიარებს და ათანაბრებს პარლამენტის არჩევის ორივე სისტემას და ამ ორივე სისტემით არჩეული პარლამენტის წევრების სტატუსს განსხვავებულად არ ადგენს, ასევე ამ ორივე სისტემით მიღწეული შედეგი – ერთ შემთხვევაში, თუნდაც პარლამენტში მოსახვედრად პროპორციული სისტემით მიღებული ხმების 5%-იან ბარიერზე ნაკლები შედეგი, ხმების 3%, და მეორე მხრივ, პარტიის შედეგი –  მის მიერ წარდგენილი მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრებისაგან შექმნილი საპარლამენტო ფრაქცია, თანაბარ პირობებში უნდა იძლეოდეს ასეთი პარტიებისათვის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსის მინიჭებისა და კანონით დადგენილი წესით დაფინანსების მიღების შესაძლებლობას, რაც დაფინანსების მინიჭების არსებული რეგულაციების შეცვლისა და მათი გათანაბრების გზით აღმოფხვრის პარლამენტში ორივე სისტემით დამდგარი პარტიის შედეგის დისკრიმინაციულ მიდგომას დაფინანსების კუთხით.

კანონპროექტის მიზანია, ორგანულ კანონში არსებული იმ ხარვეზის აღმოფხვრა, რომელიც უკავშირდება პარტიის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები დაფინანსების ოდენობის გაანგარიშებას მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების საფუძველზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი