ახალი ამბებისამართალი

ფეხბურთის ფედერაციასთან ჰომოფობიურ მარშზე დაკავებულთა საქმეებს დღეს განიხილავენ

1 ნოემბერი, 2017 • 2598
ფეხბურთის ფედერაციასთან ჰომოფობიურ მარშზე დაკავებულთა საქმეებს დღეს განიხილავენ

ფეხბურთის ფედერაციასთან გუშინ გამართულ ჰომოფობიურ აქციაზე პოლიციამ ე.წ. ქართული მარშის რვა წევრი დააკავეს. შვიდი მათგანის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს რიგითობის მიხედვით განიხილავს.

დაკავებულთა შორის იყო ლადო სადღობელაშვილიც, თუმცა, როგორც სასამართლოში განგვიცხადეს, მოძრაობის ლიდერის მიმართ ამ დროისთვის არ არის შუამდგომლობა შეტანილი. ჰომოფობიურ აქციაზე რვა პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ჰომოფობიურ აქციაზე პოლიცია ლადო სადღობელაშვილს აკავებს. 31.10.2017. კადრი: ნეტგაზეთი

ჰომოფობიური აქციის მონაწილეები მაშხალებს და ასაფეთქებლებს სამართალდამცველების მიმართულებით ისროდნენ. ისინი იყენებდნენ შეურაცხმყოფელ ფრაზეოლოგიას პოლიციის მიმართ, ხოლო შემდეგ ფიზიკურად დაუპირისპირდნენ მათ. აქციის ბოლოს მოძრაობის ლიდერებმა “ლგბტ დროშა” დაწვეს და ფედერაციის ეზოში გადააგდეს, რომელიც დაცვის თანამშრომელმა უკან გადმოუგდო.

ე.წ. ქართული მარშის ლიდერები ცდილობენ ლგბტ დროშის დახევას. საბოლოოდ, დროშას ცეცხლი წაიკუდეს და ფედერაციის შენობაში გადააგდეს, საიდანაც დაცვამ უკან გადმოუგდო. კადრი: ნეტგაზეთი

ე.წ. ქართული მარშის აქცია საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტნის, გურამ კაშიას მიმართ გამოცხადებულ  სოლიდარობას უკავშირდება, რომელიც მის მიმართ როგორც პოლიტიკოსებმა, ფეხბურთელებმა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გამოხატეს.

გურამ კაშიამ, რომელიც კლუბ “ვიტესის” კაპიტანია, ლგბტ დროშის ფერების სამკლაურით ითამაშა და ლგბტ ადამიანებისადმი მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის გამო “ქართული მარშის” წევრები კაშიას ნაკრებიდან გარიცხვას ითხოვენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი