ახალი ამბები

ტერაქტი ნიუ იორკში: ყველაზე მასშტაბური თავდასხმა 11 სექტემბრის შემდეგ

1 ნოემბერი, 2017 • 3948
ტერაქტი ნიუ იორკში: ყველაზე მასშტაბური თავდასხმა 11 სექტემბრის შემდეგ

11 სექტემბრის თავდასხმის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ტერორისტული აქტის შედეგად, ნიუ-იორკში, ბოლო მონაცემებით, 8 ადამიანია დაღუპული, 11 კი – დაშავებული. პოლიციას უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს თავდამსხმელი, რომელიც ინციდენტიდან რამდენიმე წამში მუცლის არეში დაჭრეს და დააკავეს. ის სხვა დაშავებულებთან ერთად ადგილობრივ საავადმყოფოშია მოთავსებული. მომხდარს რამდენიმე საათში მიენიჭა ტერაქტის კვალიფიკაცია.

მანჰეტენზე, ერთ-ერთ ველობილიკზე, პიკაპის ტიპის ავტომანქანით თავდამსხმელი 31 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით, 3:05 საათზე გამოჩნდა. ის ჯერ ქვეითად და ველოსიპედით მოსიარულეებს შეეჯახა, შემდეგ კი ავტომობილიდან გადმოვიდა და, როგორც შემდეგ აღოჩნდა, ყალბი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა. დაღუპულებს შორისაა 5 არგენტინელი სტუდენტი, რომლებიც ნიუ-იორკში სკოლის დამთავრების წლისთავის აღსანიშნავად ჩავიდნენ; ასევე, ბელგიის ერთი მოქალაქე, რომელიც ქალაქის მოსანახულებლად ადგილზე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. ინფორმაციას ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

პოლიციას თავდამსხმელის ვინაობა საჯაროდ არ გაუxmianebia, თუმცა, როგორც CNN სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, ის 29 წლის უზბეკი საიფულო საიპოვია, რომელიც აშშ-ში 2010 წლიდან ცხოვრობდა. გარკვეული პერიოდის მანძილზე იგი კომპანია Uber Taxi-სთვისაც მუშაობდა. როგორც ტელეკომპანია პოლიციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება, მანქანაში, რომელიც საიპოვმა თავდასხმისთვის გამოიყენა, ინგლისურენოვანი ტექსტი იპოვეს, სადაც საუბარია მის კავშირზე ტერორისტულ ორგანიზაცია ISIS-თან. ამერიკული მედიის ცნობით, საიპოვს ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე საგზაო ინციდენტი უკავშირდება.

მომხდარს ტვიტერის მიკრობლოგზე გამოეხმაურა აშშ-iს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. “ჩვენ არ უნდა მივცეთ ISIS-ს საშუალება, შემოვიდეს ჩვენს ქვეყანაში მას შემდეგ, რაც მარცხი იწვნია ახლო აღმოსავლეთში”, – დაწერა მან და მსხვერპლის გამო მწუხარება გამოთქვა. ტრამპის განცხადებით, მან უკვე უბრძანა თავდაცვის უწყებას, განსაკუთრებული კონტროლის მექანიზმი აამოქმედოს ქვეყნის მასშტაბით.

მიუხედავად დაძაბული ვითარებისა, ტერაქტიდან რამდენიმე საათში, ნიუ-იორკის ქუჩებში, მათ შორის, მანჰეტენზე, ათასობით ადამიანი გამოვიდა ჰელოუინის დღესასწაულის აღსანიშნავად. როგორც თეატრალიზებული მსვლელობის მონაწილეები მედიასთან საუბარში აცხადებდნენ, მათ არ ეშინიათ. ადგილზე პოლიციის განსაკუთრებით დიდი რაოდენობა იყო მიბილიზებული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი