კალაძის ორი განცხადება კაშიას მიერ ლგბტ ადამიანების მხარდამჭერი სამკლაურის გაკეთების შესახებ

თბილისის არჩეული მერი კახა კალაძე დღეს, 31 ოქტომბერს, კიდევ ერთხელ გამოეხმაურა საქართველოს ნაკების ვიცეკაპიტნის, გურამ კაშიას წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას. ერთი მხრივ, კახა კალაძე ამბობს, რომ ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება, თუმცა ამბობს იმასაც, რომ ლგბტ ადამიანების მხარდამჭერი სამკლაურის გაკეთება კაშიას ინიციატივა არ ყოფილა:

“მიუხედავად სარწმუნოებისა, მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს თავისი ხედვები და დააფიქსიროს თავისი აზრი. არ ვიცი, რატომ უნდა გაირიცხოს [ნაკრებიდან], რა დააშავა კაშიამ? ისმის მარტივი კითხვა”, – განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

დღესვე კალაძემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა “რუსთავი 2”-თან საუბრისას, სადაც იმ ფაქტს გაუსვა ხაზი, რომ ლგბტ დროშის ფერებში სამკლაურის გაკეთება კაშიასთვის ვალდებულება იყო:

“თითიდან გამოწოვილი პრობლემებია, რასაც ამ ადამიანს უგორებენ, ეს ხომ მისი ინიციატივა არ იყო, ის თამაშობს იმ ქვეყანაში, სადაც იმ კონკრეტულ დღეს, ჩემპიონატის ყველა კაპიტანს ჰქონდა, ასე რომ ვთქვათ, ვალდებულება, გაეკეთებინა ის სამკლაური, რაც ამ ადამიანს ეკეთა”,- განაცხადა კალაძემ “რუსთავი 2”-თან საუბრისას.

“ნეტგაზეთი” არ ესწრებოდა იმ შეხვედრას, სადაც თბილისის არჩეულმა მერმა აღნიშნული განცხადებები გააკეთა. შესაბამისად, დამატებითი კითხვები კახა კალაძეს ვერ დაუსვა.


საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი და არნემის “ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია ერედივიზიონის მატჩში მის გუნდს ლგბტ დროშის სამკლაურით გაუძღვა ისევე, როგორც სხვა კლუბების ლიდერები, რითაც ლგბტ ადამიანებს მხარდაჭერა გამოუცხადა, შემდეგ კი განაცხადა, რომ ამას არ ნანობს:

“მე მხარს ვუჭერ ადამიანის თავისუფლებას და წინააღმდეგი ვარ ძალადობის. მხარს ვუჭერ ადამიანს, რადგანაც ის არაფერს საზიანოს არ აკეთებს სხვების მიმართ. ეს არის ჩემი ხედვა. ჩემს ქვეყანაში რთულია აუხსნა ეს, რადგან ზოგიერთი ადამიანი ვერ იგებს, განსაკუთრებით, ფეხბურთის გულშემატკივრები. რამდენიმე ადამიანმა ღიად გამოხატა [კრიტიკა] ჩემი ფეისბუკის გვერდზე და არ ვაპირებ ყურადღება მივაქციო მათ. არ ვნანობ, რაც გავაკეთე. ეს, რა თქმა უნდა, ჩემი პასუხისმგებლობაა. მე არ მაღელვებს, ვინ ხარ, რას აკეთებ შენს ცხოვრებაში, რამდენადაც სხვისთვის ზიანი არ მოგაქვს. იყავი ის, ვინც ხარ.”

შედეგად, ქართველი ფეხბურთელის წინააღმდეგ საზოგადოების ნაწილმა სოციალურ ქსელში ჰომოფობიური კამპანია წამოიწყო და მისი ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთა მოითხოვა. გურამს ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები, აქტივისტები, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლები და კოლეგები მხარდაჭერას უცხადებენ. კაშია არის პირველი ქართველი ფეხბურთელი, ვინც საჯაროდ გაბედა ლგბტ თემის მხარდაჭერა და განაცხადა, რომ ყველა ადამიანი თანასწორია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი