ახალი ამბები

თბილისის “ლოკომოტივის” დირექტორი: მე მოვიქცეოდი ზუსტად ისე, როგორც გურამ კაშია

31 ოქტომბერი, 2017 • 41233
თბილისის “ლოკომოტივის” დირექტორი: მე მოვიქცეოდი ზუსტად ისე, როგორც გურამ კაშია

საფეხბურთო კლუბ თბილისის “ლოკომოტივის” ტექნიკური დირექტორი, გიორგი ყიფიანი გურამ კაშიას მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს, რომ ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი მოიქცა ძალიან ადეკვატურად, რადგან ადამიანების ანტიდისკრიმინაციას დაუჭირა მხარი.

“ვამაყობ, რომ გურამ კაშია არის ჩვენი ქვეყნის ვიცე-კაპიტანი. მე მოვიქცეოდი ისე ზუსტად, როგორც მოიქცა გურამ კაშია და რატომ? მან მხარი დაუჭირა ადამიანების ანტიდისკრიმინაციას და ეს არის ძალიან ადეკვატური მოვლენა. ვფიქრობ, გურამმა აირჩია ძალიან სწორი გზა და მერე მისი შეფასებებიც იყო ძალიან ლოგიკური. ამიტომ მე მხარს ვუჭერ გურამ კაშიას,” – განაცხადა გადაცემა “ხალხის პოლიტიკაში” გიორგი ყიფიანმა.

გიორგი ყიფიანი, თბილისის “ლოკომოტივის” ტექნიკური დირექტორი. ფოტო: FCL

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი და არნემის “ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია ერედივიზიონის მატჩში მის გუნდს ლგბტ დროშის სამკლაურით გაუძღვა ისევე, როგორც სხვა კლუბების ლიდერები, რითაც ლგბტ ადამიანებს მხარდაჭერა გამოუცხადა, შემდეგ კი განაცხადა, რომ ამას არ ნანობს:

“მე მხარს ვუჭერ ადამიანის თავისუფლებას და წინააღმდეგი ვარ ძალადობის. მხარს ვუჭერ ადამიანს, რადგანაც ის არაფერს საზიანოს არ აკეთებს სხვების მიმართ. ეს არის ჩემი ხედვა. ჩემს ქვეყანაში რთულია აუხსნა ეს, რადგან ზოგიერთი ადამიანი ვერ იგებს, განსაკუთრებით, ფეხბურთის გულშემატკივრები. რამდენიმე ადამიანმა ღიად გამოხატა [კრიტიკა] ჩემი ფეისბუკის გვერდზე და არ ვაპირებ ყურადღება მივაქციო მათ. არ ვნანობ, რაც გავაკეთე. ეს, რა თქმა უნდა, ჩემი პასუხისმგებლობაა. მე არ მაღელვებს, ვინ ხარ, რას აკეთებ შენს ცხოვრებაში, რამდენადაც სხვისთვის ზიანი არ მოგაქვს. იყავი ის, ვინც ხარ.”

შედეგად, ქართველი ფეხბურთელის წინააღმდეგ საზოგადოების ნაწილმა სოციალურ ქსელში ჰომოფობიური კამპანია წამოიწყო და მისი ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთა მოითხოვა. გურამს ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები, აქტივისტები, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლები და კოლეგები მხარდაჭერას უცხადებენ. კაშია არის პირველი ქართველი ფეხბურთელი, ვინც საჯაროდ გაბედა ლგბტ თემის მხარდაჭერა და განაცხადა, რომ ყველა ადამიანი თანასწორია.

ნეტგაზეთი გირჩევთ:

რატომ ებრძვის ფეხბურთი ჰომოფობიას

[red_box]ცნობილი სპორტსმენები, რომლებიც ლგბტ ადამიანებს მხარდაჭერას უცხადებენ[/red_box]

მასალების გადაბეჭდვის წესი