ახალი ამბები

მერებაშვილი: ძალადობა დასაგმობია – ამაში ყველა დამეთანხმება, ვინც ნორმალურად აზროვნებს

31 ოქტომბერი, 2017 • 2761
მერებაშვილი: ძალადობა დასაგმობია – ამაში ყველა დამეთანხმება, ვინც ნორმალურად აზროვნებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი მერებაშვილი აცხადებს, რომ ნებისმიერი ადამიანის მიმართ ძალადობა დასაგმობია და ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი უნდა თანხმდებოდეს ამაზე. პლოცკის “ვისლას” შემტევი ნახევარმცველის ვიდეომიმართვა “ტვ პირველმა” გაავრცელა.

“პირველ რიგში, მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ნებისმიერი ადამიანის მიმართ, განურჩევლად მისი რასისა თუ სექსუალური ორიენტაციისა, ნებისმიერი სახის ძალადობა არის დასაგმობი. მე მგონი, ამაში ყველა დამეთანხმება, ვინც ნორმალურად აზროვნებს,” – ამბობს გიორგი მერებაშვილი.

გიორგი მერებაშვილი ამბობს, რომ გურამ კაშიას დიდი ხანია იცნობს, როგორც ფეხბურთელს და როგორც პიროვნებას, რომლითაც ნებისმიერი ქართველი უნდა ამაყობდეს:

“გურამ კაშია ძალიან კარგი პიროვნებაა და სამწუხაროა, რომ ამ ფეხბურთელის მიმართ ასეთი აგრესია გამოვლინდა სამკლაურის გამო. ვფიქრობ, ის არ იმსახურებს ამ ყველაფერს, რადგან ძალიან კარგი, საამაყო პიროვნებაა და ნებისმიერი ქართველი უნდა ამაყობდეს მისით. სასაცილოა ეს ყველაფერი… მეც ბევრჯერ გავიგე, ნაკრებიდან უნდა მოიკვეთოსო. მას ძალიან ბევრი წარმატებები აქვს ჩვენთვის მოტანილი და ნამდვილად არ იმსახურებს თუნდაც ამისთვის ნაკრებიდან მოკვეთას. სამწუხაროდ, ქართულ ფეხბურთს არ უდგას კარგი დრო და მიუხედავად ამისა, არ გვაქვს ჩვენ იმის ფუფუნება, რომ რომელიმე ფეხბურთელი მოვინაკლისოთ და ნაკრებიდან მოვკვეთოთ, მით უმეტეს, ამის გამო.”

გიორგი მერებაშვილი, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი და არნემის “ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია ერედივიზიონის მატჩში მის გუნდს ლგბტ დროშის სამკლაურით გაუძღვა ისევე, როგორც სხვა კლუბების ლიდერები, რითაც ლგბტ ადამიანებს მხარდაჭერა გამოუცხადა, შემდეგ კი განაცხადა, რომ ამას არ ნანობს:

“მე მხარს ვუჭერ ადამიანის თავისუფლებას და წინააღმდეგი ვარ ძალადობის. მხარს ვუჭერ ადამიანს, რადგანაც ის არაფერს საზიანოს არ აკეთებს სხვების მიმართ. ეს არის ჩემი ხედვა. ჩემს ქვეყანაში რთულია აუხსნა ეს, რადგან ზოგიერთი ადამიანი ვერ იგებს, განსაკუთრებით, ფეხბურთის გულშემატკივრები. რამდენიმე ადამიანმა ღიად გამოხატა [კრიტიკა] ჩემი ფეისბუკის გვერდზე და არ ვაპირებ ყურადღება მივაქციო მათ. არ ვნანობ, რაც გავაკეთე. ეს, რა თქმა უნდა, ჩემი პასუხისმგებლობაა. მე არ მაღელვებს, ვინ ხარ, რას აკეთებ შენს ცხოვრებაში, რამდენადაც სხვისთვის ზიანი არ მოგაქვს. იყავი ის, ვინც ხარ.”

შედეგად, ქართველი ფეხბურთელის წინააღმდეგ საზოგადოების ნაწილმა სოციალურ ქსელში ჰომოფობიური კამპანია წამოიწყო და მისი ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთა მოითხოვა. გურამს ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები, აქტივისტები, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლები და კოლეგები მხარდაჭერას უცხადებენ. კაშია არის პირველი ქართველი ფეხბურთელი, ვინც საჯაროდ გაბედა ლგბტ თემის მხარდაჭერა და განაცხადა, რომ ყველა ადამიანი თანასწორია.

ნეტგაზეთი გირჩევთ:

რატომ ებრძვის ფეხბურთი ჰომოფობიას

[red_box]ცნობილი სპორტსმენები, რომლებიც ლგბტ ადამიანებს მხარდაჭერას უცხადებენ[/red_box]

მასალების გადაბეჭდვის წესი