“ყველამ იცოდა და ყველა დუმდა” – ძალადობის მსხვერპლი ქალის ისტორია

„არა, მსხვერპლი კი არ ვიყავი, ახლაც ვარ,“ – მითხრა მან, როცა ტელეფონზე დავურეკე და შეხვედრა ვთხოვე. ნანა [სახელები სტატიაში შეცვლილია. ავტ.] 13 წელი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო. მისი ყოფილი მეუღლე – მერაბი ძალადობისთვის არ დასჯილა. ის 2007 წელს განზრახ მკვლელობისთვის დააპატიმრეს. ნანა ამბობს, რომ ყოფილი ქმარი ციხიდან ხშირად ურეკავს და ეუბნება, რომ მალე გათავისუფლდება. ნანა მარტო ცხოვრობს, მასწავლებელია და თავისი ცხოვრება აქვს, მაგრამ მოძალადე მისი ცნობიერებიდან ვერ გაქრა. გასაუბრების დროს მან რამდენჯერმე ახსენა, რომ მისი ფსიქიკა ახლა კარგად ყოფნას ვერ ეგუება.

„ბავშვსაც კი, არავინ მისმენდა“

„ის ბავშვობიდანვე გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში. მას შემდეგ მე მუდმივად გავრბივარ, ის კი მომდევს და ჩემს განადგურებას ცდილობს,“ – მითხრა ნანამ, მერე ბათუმური ყავა ჩამოასხა ფინჯნებში, სავარძელში დაძაბული დაჯდა და  განაგრძო:

„სკოლაში ერთად ვსწავლობდით. ჩემი ქმარი, ყოფილ ქმარს ვერ ვეძახი იმდენად ვერ გავიდა იგი ჩემი ცნობიერებიდან, საუკეთესო მოსწავლე იყო, ზრდილობიანი, გალანტური, ულამაზესი… ვგრძნობდი, რომ სადიზმი იყო მასში. სადაც არ უნდა წავსულიყავი, უცებ იქ ჩნდებოდა სრულიად მოულოდნელად, მაკონტროლებდა. შიში ამეკიდა, საპირფარეშოში რომ გავიდოდი, მეგონა, რომ იქაც დამხვდებოდა. ჩემმა ოჯახმა ამის შესახებ იცოდა, მაგრამ არავის უნდოდა ჩემი მოსმენა. ბავშვსაც კი არავინ მისმენდა. მესმოდა, როცა ამბობდნენ, კარგი ოჯახისშვილია, კარგი გვარი აქვს, ლამაზია და ჭკვიანი, მეტი რა გინდაო. მერაბი ბავშვობიდან ასეთი იყო, იმორჩილებდა ქალსაც და კაცსაც. არ მინდოდა, მაგრამ სამხატვრო სასწავლებელი როცა დავასრულე და მუშაობა სკოლაში დავიწყე, მომიტაცა. მაშინ 21 წლის ვიყავი, ის – ოცდასამის. აბაშიძის ხელისუფლება იყო. ჩემი მეუღლე ერთ-ერთ დაწინაურებულ გვარს წარმოადგენდა, მეც… მერაბი ამ დროს უკვე შეიარაღებული დადიოდა. ისეთი დრო იყო, ვინ ვის კლავდა და რომელ ორღობეში ცხრილავდა, ვერ გაიგებდი. ჩემი მოტაცება არაფერი ამბავი არ იყო მაშინ. რა თქმა უნდა, დამტოვეს… შემეძლო და ალბათ უკეთესიც იქნებოდა მაშინვე წამოვსულიყავი, მაგრამ შენს გარშემო ვიღაც ხომ უნდა გამოხატავდეს ჩემი მხარდაჭერის სურვილს? მახსოვს, თეთრი სადედოფლო კაბა ჩამაცვეს ქორწილში და სასტიკად მომინდა იქედან კივილით გამოქცევა. ვერ გავბედე, ვერ შევძელი.

„მცემდა უმოწყალოდ, ვიდრე სისხლს არ დაინახავდა… ყველამ იცოდა, ყველა დუმდა“

„ქორწილიდან რამდენიმე დღეში მცემა პირველად. არც მაშინ და არც შემდეგ არასდროს უთქვამს, რისთვის მცემდა. როცა სხვები დაიძინებდნენ, მოითხოვდა, რომ გავშიშვლებულიყავი და იწყებდა ცემას. გაშიშვლება იყო მიზეზი, რომ არ გავქცეულიყავი. მცემდა უმოწყალოდ, ვიდრე სისხლს არ დაინახავდა… მირტყამდა ხელს, ფეხს, ნივთებს მესროდა. ახლა ვხუმრობ, რომ რაც არ უნდა მესროლოს ვინმემ, ვერ მომარტყამს, ხელის მოძრაობას თვალდახუჭული ვგრძნობ. პურის საჭრელი დანაც ახლახანს ვიყიდე. ისე გადავეჩვიე, კარაქის დანით ვჭრიდი პურს. არადა რა მარტივი ყოფილა პურის დაჭრა…“

ნანას ცრემლიანი ღიმილი უკან მიაქვს, რამდენიმე წამით ფიქრობს და მერე აგრძელებს:

„მერე, როცა წინააღმდეგობის გაწევის უნარი აღარ მქონდა, ჩერდებოდა. მეფერებოდა და ამტკიცებდა, რომ უზომოდ ვუყვარვარ, რომ ჩემს გარეშე არ შეუძლია… ახლაც იგივეს იმეორებს, როცა ციხიდან რეკავს. ჩემი ქმარი ნარკოტიკის აქტიური მომხმარებელი იყო, მაგრამ ფხიზელი უფრო საშიში იყო. ერთხელ, მორიგი ძალადობის შემდეგ, დანა მოიტანა, ხელში დამაჭერინა და კისერზე მიიდო, მიდი, მომკალი, გამანადგურეო, მევედრებოდა…

ხალხში, არც ოჯახის წევრებთან არასდროს ძალადობდა ჩემზე, თავაზიანი მეუღლის როლს თამაშობდა, მაგრამ გარეთ ხშირად მეტყობოდა ჩაშავებული სხეული, თვალები… ყველამ ყველაფერი იცოდა, ყველა დუმდა. არავის უნდოდა ხმის ამოღება, რადგან გრძნობდნენ, რომ არაფერი გამოვიდოდა. მას ჰქონდა გავლენა, შეიარაღებული დადიოდა… მე უხმოდ ვიჯექი სახლში. მთელი 13 წელი ჩემი ხმა არავის გაუგონია. რის მუშაობა, მაგის უფლებას ვინ მომცემდა.

ერთხელ ახლობელი ქალი მესტუმრა. ხომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც უთქმელად გრძნობენ ტკივილს? აი, ასეთი ქალი იყო ისიც. ძალადობაზე საერთოდ არაფერი მითქვამს, მაგრამ როცა დამემშვიდობა და მიდიოდა, უცებ შემოტრიალდა და მითხრა, თუ წამოსვლა გინდა, წამოდი, მე გეპატრონებიო.

ერთ-ერთი ცემის შემდეგ მართლაც გავიქეცი. იმ დროს უკვე ბათუმში ვცხოვრობდით ნაგირავებ ბინაში. შვილი ბათუმის სკოლაში შევიყვანე პირველ კლასში.

საგვარეულო შეკრება სარიტუალო დარბაზში

„რამდენჯერაც წამოვედი, იმდენჯერ მიმაბრუნეს უკან, შეგვარიგეს,“ – ბოლო სიტყვას განსაკუთრებული ირონიით ამბობს ნანა. გვიყვება, რომ მოძალადესთან „შერიგებაში“ მუდმივად იყო ჩართული ე.წ. ორი წარჩინებული გვარი და გვარის უხუცესები. ნანა ერთ-ერთ შეხვედრას იხსენებს, რომელიც ერთ-ერთ სარიტუალო დარბაზში შემდგარა.

„გვერდიგვერდ იყვნენ ჩამწკრივებული უხუცესები… საბოლოოდ განაჩენი იქ, სარიტუალო დარბაზში გამომიტანეს – ხმა გაკმინდე, ქალო, აბა, ბავშვს რა ვუყოთო. ბავშვი იყო პრობლემა, თან ბიჭი. მშობლებიც ამას მეუბნებოდნენ მანამდე, გოგო რომ იყოს, კიდევ არაა პრობლემა, გავამზითვებთ და ეს იქნება, სხვისი გვარის ბიჭი სად წავიყვანოთო. მაშინ ძმა ძმას კლავდა…“

სარიტუალო დარბაზში არავინ გააპროტესტა „შერიგება“? – ვეკითხები ნანას. ის თავს წუხილით აქნევს, არაო. მერე ამატებს:

„ერთი კაცი იყო, ჩემი გვარის წარმომადგენელი, იმან გააპროტესტა. თქვა, ექიმი ვარ და მომისმინეთ, მე გეუბნებით, არ შეიძლება მსხვერპლის დაბრუნება იმ კაცთან, სამედიცინო დასკვნას მოგცემთ, თუ საჭიროაო… რა თქმა უნდა, არ მოუსმინეს. „შერიგება“ ისევ დარბაზში აღნიშნეს საზეიმო ქეიფით.

ერთხელ, ვიდრე ისევ წამოვიდოდი ოჯახიდან, ჩემმა ძმამ დაჭრა ფეხში მერაბი, ჩემი მეუღლე. მერე ულტიმატუმი წაუყენა ხელისუფლებას, ან ქალი შემირიგდება, ან მისი ძმა ჩაჯდება ციხეშიო. საქმე მუნიციპალიტეტის გამგეობაში განიხილეს. იქ იკრიბებოდნენ მაშინ გვარის უხუცესები, დაზარალებული და პროკურორებიც.

მაშინ მე ვთქვი, რომ წავიდოდი ციხეში ჩემი ძმის ნაცვლად. მართლა ასე მერჩივნა. თან ვფიქრობდი, რომ ასე თავს დავაღწევდი ქმარს. არაფერი გამოვიდა. ისევ შეთანხმდნენ და არავინ დასჯილა ჩემს გარდა.“

ნანას ვეკითხები, ხატავს თუ არა ისევ. მპასუხობს, არაო. მერე აყოლებს, რომ აუცილებლად დახატავს მალე. გათხოვებამდე ხატავდა და ის ნახატები დედასთან დატოვა. ერთ-ერთი, სახელად „მარიტა“, ბათუმში, ბინაში აქვს. მითხრა, რომ ახლა მოძებნა ეს ნახატი, როცა ლიკა ქავჟარაძე გარდაიცვალა.

„მარიტა მართლა კი არ მომკვდარა… 1990 წელს დავხატე ეს. უზარმაზარი გავლენა მოახდინა „ნატვრის ხემ“. ჰოდა, დავხატე მარიტა… ახლა ვუყურებ ამ ნახატს და ვხვდები, რომ დიდი მხატვრული ღირებულებით არ გამოირჩევა, მაგრამ ნახეთ, აი, ამ მარჯვენა, შავკაბიანი ფიგურის მონახაზი როგორია, განაჩენივითაა, არა?“

„ძლივს მოვიხსენი შვილისგან დადებული ბორკილები“

შეესწრო თუ არა შვილი დედაზე ძალადობას? – ნანა ამბობს, რომ ასეთი შემთხვევა რამდეჯერმე იყო და იგი შვილმა გადაარჩინა.

„პირველად სულ პატარა იყო, პირველ კლასში, მეგონა, რომ ეძინა. როცა მერაბმა მცემა, შვილის ოთახში შევედი, ის ლოგინზე იყო წამომჯდარი… გვერდით დავუჯექი, მკითხა, გტკივა ძალიანო?“

ნანას მიაჩნია, რომ შვილის გამო გაუძლო ქმრისგან წლების განმავლობაში ძალადობას. ახლა შვილი სრულწლოვანია და დედასთან ურთიერთობა აღარ სურს. ნანა თვლის, რომ მამამ შვილზეც მოახდინა გავლენა.

„მერაბი არის არა მხოლოდ გონიერი, არამედ კრიმინალური აზროვნების მქონე ადამიანი, ისე შეუძლია საუბარი, დამაჯერებლად, იშვიათია ვინმე, რომ მისი ზეგავლენის ქვეშ არ მოექცეს. ჩემი შვილი გამონაკლისი ვერ აღმოჩნდა… როცა გვაქვს ურთიერთობა მე და ჩემს შვილს, ყოველთვის გამოდის კონფლიქტი. სხვანაირად არ გამოდის… ვიცი, ბევრი გამკიცხავს ამის გამო, რომ შვილთან კარგი ურთიერთობა არ მაქვს, მაგრამ დავიღალე ყველაფრით. მე შვილის გამო მოვითმინე ამდენი. როგორც იქნა, ახლა ამ ბორკილებიდან გავთავისუფლდი“, – ამბობს ნანა.

„ჩემი ფსიქიკა ვერ ეგუება კარგად ყოფნას“

2007 წლამდე, ვიდრე მერაბს მკვლელობის გამო დაიჭერდნენ, ნანა მასთან განქორწინდა. ამის მიუხედავად, ნანას თქმით, ყოფილი ქმარი ფსიქოლოგიურად ისევ ძალადობდა და შვილით მანიპულირებდა. ყოფილი ქმრის დაპატიმრების შემდეგ, ნანა ბათუმში გადმოვიდა საცხოვრებლად ჯერ ნაქირავებ, შემდეგ – ნაგირავებ ბინაში. ნანა მასწავლებელია. ამაყობს, რომ თავის გადარჩენა და დამოუკიდებლად ცხოვრება შეძლო, შვილს კი განათლების მიღებაში დაეხმარა.

„მაგრამ ახლა ეს თავისუფლება მახრჩობს. ჩემი ფსიქიკა ვერ ეგუება კარგად ყოფნას,“ – ამბობს ნანა და რამდენიმე შემთხვევას იხსენებს, თუ როგორ სცადა დამამცირებელ მდგომარეობაში შეგნებულად თავის ჩაყენება.

„რა უფრო კარგად ვარ, მით უფრო მეტი შფოთვა მაქვს. რამდენჯერმე ქუჩაში როცა მივდიოდი, სასტიკად მომინდა მარჯვენა ყურზე დაერტყა ვინმეს. ქმარი ყურზე მირტყამდა ყველაზე ხშირად… მომინდა იმ დამამცირებელი სიტუაციის განცდა, რაშიც ჩემი ქმარი წლების განმავლობაში მამყოფებდა. მინდოდა, მეგრძნო, რომ არარაობა ვარ.

ერთხელ, სკოლაში მოსწავლის ნივთი ავიღე და ჩუმად ჩანთაში ჩავიდე. მერე დავმშვიდდი და როცა ჩანთა გავხსენი, გამიკვირდა, რომ ბავშვის ნივთი მედო… ამას წინათ მაღაზიაში შევედი, დემონსტრაციულად ავიღე 60-თეთრიანი პური და გამოვიქეცი. გამოვიქეცი ისე, რომ ვიცოდი, აუცილებლად დამინახავდა მაღაზიის კონსულტანტი. გამომედევნა. ძალიან მინდოდა, სირცხვილი მეგრძნო, გავეკიცხე ვინმეს, დავემცირებინე, ტალახი ესროლა… გამომეკიდა კონსულტანტი და ქუჩაში გამაჩერა, იღლიაში მქონდა ამოჩრილი პური. მითხრა, რომ ფულის გადახდა დამავიწყდა…  სახლში როცა მოვედი, ტანზე არ გამიხდია, ისე მივწექი და შვებით ამოვისუნთქე, თითქოს ჩემს ბუნებრივ მდგომარეობას დავუბრუნდი. როგორც იქნა, გავხდი სამარცხვინო, გავხდი არარაობა და არა ლეგენდა ქალი, ლეგენდა დედა, ლეგენდა მასწავლებელი.“

მიმართა თუ არა ფსიქოლოგს? – ნანა ამბობს, რომ ფსიქოლოგებთან არ მისულა, რადგან უფრო საკუთარი თავის სჯერა. ამ ქმედებას საშიშად არ მიიჩნევს, რადგან ეს საქციელი „მსხვერპლმა ნანამ“ ჩაიდინა და არა „თავისუფალმა ნანამ“. მიიჩნევს, რომ სტრესის მიუხედავად საკუთარ ქმედებების კონტროლი შეუძლია. „ძლიერი ქალი ვარ, მჯერა საკუთარი თავის,“ – ამატებს ის და მზერას მისწორებს.

„ახლაც დამირეკა ციხიდან. მკითხა, როგორ ხარო“

ნანამ უკვე მეორეჯერ მიმართა წერილობით სასჯელაღსრულების სამინისტროს და დახმარება ითხოვა. მისი თქმით, ყოფილი მეუღლე ხშირად ურეკავს და შეხვედრას აიძულებს.

„მირეკავდა ხშირად. მეუბნებოდა, რომ თუ შვილის შენარჩუნება მინდოდა, უნდა ავსულიყავი მასთან ციხეში, უნდა დავრჩენილიყავი მის ცოლად… მაკონტროლებდა ციხიდან. იცოდა ყველაფერი, სად დავდიოდი, ვის ვხდებოდი და ასე შემდეგ… ციხეში რამდენჯერმე შევხვდი შვილთან ერთად. სააკაშვილის მმართველობის დროს მკაცრად კონტროლდებოდა პაემნები, 2012 წლის შემდეგ კი ადმინისტრაციასთან ისე აწყობდა საქმეს, 5 საათი მაინც ვრჩებოდით შეხვედრაზე. ბოლოს ღამით დარჩენასაც მთხოვდა, რაზეც კატეგორიული უარი ვუთხარი. ბოლო წლებში უფრო გალაღდა, მეუბნებოდა, რომ მალე გამოვიდოდა ციხიდან, შეიწყალებდნენ და ცუდად იქნებოდა ჩემი საქმე. როცა მოუნდებოდა, მაშინ რეკავდა, ციხეში საუკეთესოდ ჩაცმულ-დახურული გვხვდებოდა გიშრის ჯვრით და ძვირადღირებული საათით…

რამდენიმე წლის წინ თურქეთში წავედი. ვიფიქრე, ასე დავამთავრებდი მის არსებობას ჩემში. იქაც მომაგნო და ციხიდან დამირეკა თურქეთის რესპუბლიკაში. მხოლოდ ეს მითხრა, შენ შვილი გინდაო? სამინისტროს მივწერე, დაიწყეს გამოძიება, მაგრამ სატელეფონო საუბრის ჩანაწერი არ მქონდა. სატელეფონო კომპანიის ოფისის ამონაწერიდან კი დადასტურდა, რომ ნამდვილად მირეკავდა, მაგრამ რომ მაშანტაჟებდა შვილით, ეს არ ჩანდა არსად. თურქეთიდან როცა დავბრუნდი, სახლში აღარ შემიშვა. მეზობლებისთვის დაურეკავს, რომ იქ არ უნდა შევსულიყავი. ორი კვირის წინ ისევ მივწერე სასჯელაღსრულების სამინისტროს. ბოლო დროს საერთოდ აღარ ვპასუხობ მის სატელეფონო ნომრებს, მაგრამ როცა ზარი შემოდის, ესეც სტრესში მაგდებს..“

დამშვიდობებიდან რამდენიმე წუთში ნანა მირეკავს: „როგორც კი გახვედით ჩემგან, მან დამირეკა. უცებ მშობლის ნომერი მეგონა და ვუპასუხე. მკითხა, როგორ ხარო…“


სტატია მომზადებულია ქალთა წინააღმდეგ ძალადობის მონიტორინგის პროექტის  ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი“. პროექტის პარტნიორია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. სტატიაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი