ახალი ამბებისაზოგადოება

ტყვიის მაღალი შემცველობა კარფურში შეძენილ ორცხობილასა და ვაფლში – Momxmarebeli.ge

30 ოქტომბერი, 2017 • 5429
ტყვიის მაღალი შემცველობა კარფურში შეძენილ ორცხობილასა და ვაფლში – Momxmarebeli.ge

Momxmarebeli.ge-ს განცხადებით, თბილისი მოლში მდებარე მაღაზია “კარფურში” შეძენილ პროდუქტში ტყვიის გადაჭარბებული ოდენობა აღმოჩნდა. პორტალის ინფორმაციით, პროდუქტი მომხმარებლის საჩივრის საფუძველზე შეამოწმეს. ლაბორატორიული კვლევით კი აღმოჩნდა, რომ  შპს „ვასაძის პურის“ ორცხობილას  პროდუქტსა და „სანდომი ვაფლში” ტყვიის შემცველობა  0.6 მგ/კგ იყო, როცა დასაშვები ნორმა 0.5 მგ/კგ-ია.

პროდუქციის შემოწმება პორტალმა მომხმარებლის დაფარული საჩივრის საფუძველზე გადაწყვიტა. 27 ივნისს კი მითითბული პროდუქცია შეიძინეს და ლაბორატორიაში მიიტანეს. momxmarebeli.ge-ს განცხადებით, ორივე პროდუქტს აღენიშნებოდა სიძველის გემო და, სავარაუდოდ, ნავთობპროდუქტების არომატი:

“2017 წლის 24 ივნისს მომხმარებელმა დაფარული საჩივარი გმოგვიგზავნა ფეისბუქის გვერდზე და გვთხოვა თბილისი მოლში მდებარე მაღაზია კარფურში გასაყიდი ნამცხვრების შემომწმება. საჩივრის გადამოწმების მიზნით, 2017 წლის 27 ივნისს, მომხმარებლის მიერ მითითებულ მაღაზიაში შევიძინეთ ორი პროდუქტი, „სანდომი ვაფლი“ და „GEO BACKERS პეჩენია“.

ორივე პროდუქტი მივიტანეთ ლაბორატორიაში ორგანოლეპტიკური ანალიზისათვის. ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების მიხედვით, ორივე პროდუქტს, ორცხობილასაც და ვაფლსაც აღენიშნება სიძველის გემო და, სავარაუდოდ, ნავთობპროდუქტების არომატი” – ნათქვამია momxmarebeli.ge-ს მიერ გავრცელებულ სტატიაში.

მონიტორინგის შედეგები სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და “კარფურში” გაგზავნეს.

“2017 წლის 21 ივლისს სურსათის ეროვნული სააგენტოდან მივიღეთ წერილი სააგენტოს მიერ ფირმების, შპს „ვასაძის პური“ და შპს „ჯეო ბეიკერსი“ შემოწმების შედეგეზე. წერილიდან ირკვევა, რომ სააგენტოს მიერ საწარმოებში განხორციელებული კონტროლისას არაკრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა, რაც საწარმოების სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობასთან იყო დაკავშირებული.

2017 წლის 27 ივლისს შპს „ვასაძის პურმა“ მოგვაწოდა მათი პროდუქციის ლაბორატორიული გამოცდის ოქმი, რომლის მიხედვითაც შემოწმებული ვაფლი „თბილისური“ შესაბამისი ნორმების მოთხოვნებს აკმაყოფილებს” – ნათქვამია momxmarebeli.ge-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

2017 წლის 9 აგვისტოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ momxmarebeli.ge-ს აცნობა, რომ მაღაზია კარფური შეამოწმა და მის საწარმოში კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები დააფიქსირა. საყინულე მაცივარსა და პურ-ფუნთუშეულის საამქროს საწარმოო პროცესი შეუჩერდა კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.

“2017 წლის 5 ოქტომბერს, აღმოჩენილი დარღვევების გადასამოწმებლად, ვეწვიეთ თბილისი მოლში მდებარე მაღაზია კარფურს ორივე პროდუქტის შესაძენად.

შპს GEO BACKERS ის „პეჩენია“ მაღაზიაში არ დაგვხვდა და მხოლოდ შპს „ვასაძის პურის“ პროდუქტი „სანდომი ვაფლი“ შევიძინეთ.
პროდუქტი ჩაბარდა ლაბორატორიას ანალიზისათვის. ამჯერად, პროდუქტის ორგანოლეპტიკური მახასიათებლების გარდა, მისი ქიმიური და მიკრობიოლოგიური პარამეტრებიც შევამოწმებინეთ. ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, პროდუქტში შემოწმებული ყველა
პარამეტრი ნორმაშია, ერთის გარდა, მასში ტყვიის გადაჭარბებული ოდენობა 1.4 მგ/კგ აღმოჩნდა (ნორმა 0.5 მგ/კგ)[1].
გაიგზავნა წერილები სურსათის ეროვნულ სააგენტოში, მაღაზია კარფურში და შპს „ვასაძის პურში“.” – ნათქვამია სტატიაში.

თუმცა აღმოჩნდა, რომ ლაბორატორიამ ტყვიის შემცველობაზე პოდუქტის შემოწმება არააკრედიტებული მეთოდით გააკეთა. ამის გამო  momxmarebeli.ge-მ ტყვიის შემცველობაზე პროდუქტი ხელახლა შეგვამოწმებინა, რომლის მიხედვითაც ტყვიის გადაჭარბებული ოდენობა კვლავ დაფიქსირდა, თუმცა, უფრო მცირე მოცულობით — 0.6 მგ/კგ.

“ნეტგაზეთი” ცდილობს “კარფურთან” დაკავშირებას და იმის გარკვევას, კიდევ იყიდება თუ არა აღნიშნული პროდუქცია სუპერმარკეტის ქსელში. ამ ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი