ახალი ამბები

რატომ ებრძვის ფეხბურთი ჰომოფობიას

30 ოქტომბერი, 2017 • 5026
რატომ ებრძვის ფეხბურთი ჰომოფობიას

გურამ კაშიასთან დაკავშირბულმა სკანდალმა საზოგადოების ნაწილს ფეხბურთი და ფეხბურთელები დღემდე უჩვეულო პროფილით გააცნო. რა კავშირშია ეს სპორტი და თანასწორობა და ვინ, როგორ ებრძვის ჰომოფობიას ევროპულ ფეხბურთში?

ფეხბურთი მსოფლიოში და მათ შორის ევროპაში სპორტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობაა, რომლის მეშვეობითაც ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეიძლება, მაგალითად, რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, რასაც მისი მმაართველი ორგანო UEFA ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად ახორციელებს Respect და No To Racism კამპანიების ფარგლებში.

თუმცა თემა, რომელიც ჯერ კიდევ ტაბუირებული რჩება, ჰომოფობიაა. მოქმედი ფეხბურთელების მხრიდან ჰომოსექსუალობაზე საჯარო განცხადების პრეცედენტები თითქმის არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით ნორვიჩის ფეხბურთელს, ჯასტინ ფუშანუს, რომელმაც 1990-იან წლებში განაცხადა, რომ გეია. მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

[red_box]რას აკეთებს UEFA ჰომოფობიის წინააღმდეგ?[/red_box]

UEFA აცხადებს, რომ დისკრიმინიაციის ყველა ფორმის, მათ შორის სექსუალური და გენდერული იდენტობის ნიშნით, წინააღმდეგ ბრძოლა მისი სოციალური პასუხისმგებლობაა. ამჟამად მოქმედებს UEFA-ს პროგრამა Equal Game, რომლის ფარგლებში ჰომოფობიის წინააღმდეგ სხვადასხვა ინიციატივები და ღონისძიებები ხორციელდება.

[yellow_box]თასმები ლგბტ დროშის ფერებში[/yellow_box]

დიდი გამოხმაურება მოჰყვა ინგლისში სტოუნვოლის ცისარტყელის თასმების კამპანიას, რომელსაც არაერთი ცნობილი ფეხბურთელი თუ კლუბი შეუერთდა.

არსენალის ფეხბურთელები მიკელ არტეტა და ტომას ვერმაელენი

საუბარია იმაზე, რომ თანასწორობის მხარდასაჭერად სპორტსმენები სპორტულ ფეხსაცმელს ლგბტ დროშის ფერებში გადაწყვეტილი თასმებით იკრავდნენ.

სტოუნვოლი დიდ ბრიტანეთში თანასწორობის მოძრაობა და საქველმოქმედო ორგანიზაციაა. მან მიმდინარე წლის განმავლობაშიც იაქტიურა და თასმებთან ერთად ზოგიერთი საფეხბურთო გუნდის კაპიტანი  ლგბტ დროშის ფერებში გადაწყვეტილი სამკლაურით გამოვიდა: მათ შორის- ტიმ კეჰილი (ჩელსი), უგო ლორისი (ტოტენჰემი), ჯორდან ჰენდერსონი (ლივერპული), ფერნანდინიო (სიტი) და ა.შ. პროცესს შეუერთდა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კლუბი მანჩესტერ იუნაიტედიც.

იგივე მოხდა ჰოლანდიაში, სადაც საქართველოს ნაკრების წევრი გურამ კაშია თამაშობს. კაშია ვიტესის კაპიტანია და მის მიერ ცისარტყელის სამკლაურის გაკეთებას საქართველოში სკანდალი მოჰყვა.

2015 წლის 13 მაისს მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო საფეხბურთო კლუბმა ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან (17 მაისი) დაკავშირებით ვიდეოკლიპი მოამზადა, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ლგბტქი ადამიანების უფლებების დარღვევის ფაქტების მიმართ და მათი უფლებების დაცვისთვის კამპანიის წარმოება.

“ბარსელონამ” ღიად დაუჭირა მხარი ლგბტ ადამიანებს და მათ უფლებებს. მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთსო კლუბმა ასევე მხარდაჭერა გამოუცხადა ახალგაზრდა ესპანელ მსაჯს, ხესუს ტომილეროს, რომელმაც განაცხადა, რომ გეია.

[blue_box]რატომ აქტიურობენ UEFA და საფეხბურთო ასოციაციები თანასწორობისთვის?[/blue_box]

ღიად გეი პროფესიონალი ფეხბურთელების რაოდენობა თითზე ჩამოსათვლელია. ცნობილმა გერმანელმა ფეხბურთელმა თომას ჰიტცელშპერგერმა მხოლოდ კარიერის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ გეია.

ამ საკითხზე ინგლისში, გერმანიაში და სხვა ქვეყნებში დისკუსია უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. არსებობენ ფეხბურთელები და საფეხბურთო ჩინოვნიკები, რომლებიც გეი სპორტსმენებს ქამინგ აუთისაკენ მოუწოდებენ, თუმცა გვხვდება განსხვავებული აზრიც.

“ფეხბურთი ჰგავს გლადიატორების ორთაბრძოლას ძველ დროში”, – ამბობს ფილიპ ლამი, გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის ბაიერნის ყოფილი კაპიტანი და აგრძელებს:

“პოლიტიკოსებს თავიანთი სექსუალური ორიენტაციის გაცხადება დღეს, ცხადია, შეუძლიათ, მაგრამ შემდეგ მათ ყოველკვირა არ უწევთ 60 000-მაყურებლიან სტადიონზე თამაში. მე არ ვფიქრობ, რომ დღეს საზოგადოება ისე წინაა, რომ მას ჰომოსექსუალი ფეხბურთელების მიღება შეეძლოს (როგორც რაღაც ნორმალურის) სხვა სფეროების მსგავსად”, – განაცხადა ლამმა.

გრემ ლე სო, მარცხენა მცველი, რომელიც ინგლისის პრემიერ ლიგაში 1989-2005 წლებში თამაშობდა, არაერთხელ გამხდარა ჰომოფობიური თავდასხმების მსხვერპლი. ის აცხადებს, რომ ჰეტეროსექსუალია.

“ჩემზე ჭორაობა კარიერის დასაწყისშივე დაიწყეს. გასახდელშიც კი უხუმრია რამდენიმე ფეხბურთელს”, – აცხადებს ლესო “გარდიანისთვის” დაწერილ ბლოგში. ის ასევე ამბობს, რომ ფანებისგანაც სმენია მოედანზე  ჰომოფობიური შეძახილები და სიმღერები.

“არავისგან მიმიღია მხარდაჭერა. სპორტში მოულოდნელად არაჰომოსექსუალ გეი სპიკერად ვიქეცი. გეი რომ ვყოფილიყავი, გარკვეულწილად, უფრო ადვილი იქნებოდა. შემეძლო მეთქვა, დიახ, გეი ვარ, რა პრობლემა გაქვს? ამის ნაცვლად ვიყავი სიტუაციაში, როდესაც უარვყოფდი ჰომოსექსუალობას, მაგრამ ამავე დროს ვამბობდი,  გეი რომ ვიყო, არაფერი იქნებოდა ამაში ცუდი-მეთქი”, – დაწერა გრემ ლე სომ.

2014 წელს  Out on the fields-ის მიერ ინგლისურენოვან ქვეყნებში ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ ჰომოფობია გუნდურ სპორტში საკმაოდ გავრცელებულია. გამოკითხულთა 80-მა პროცენტმა განაცხადა, რომ პირადად გამოუცდია ან შესწრებია ჰომოფობიურ თავდასხმებს სპორტში.

2000-იან წლებში და მის შემდეგადც უეფა და საფეხბურთო ასოციაციები ორმაგ სტანდარტებსა და ჰომოფობიის წინააღმდეგ ნაკლებად აქტიურობაში  დაუდანაშაულებიათ. საუბარია იმაზე, რომ ფეხბურთის ადგილობრივ ორგანიზაციებსა და მის საერთაშორისო ქოლგა ასოციაციას მკაცრი პოლიტიკა ჰქონდათ რასიზმის წინააღმდეგ, ხოლო ჰომოფობიის წინააღმდეგ – არა.

გარეთ თომასი, ცნობილი მორაგბე და ღიად გეი ათლეტი, BBC-სთან ამბობს, რომ ჰომოფობიის წინააღმდეგ ისეთივე მკაცრი ზომები უნდა ტარდებოდეს, როგორიც რასიზმის შემთხვევაში. ის ყვება, რომ ესაუბრა სტიუარდს (სტადიონის მცველს), რომელმაც ქომაგი რასისტული შეძახილის გამო სტადიონიდან გააგდო და ჰკითხა, მოიქცეოდა თუ არა ანალოგიურად ჰომოფობიური გამონათქვამის შემთხვევაში. ტომასი ამბობს, რომ სტიუარდისგან დამაჯერებელი პასუხი ვერ მიიღო.

იცვლება თუ არა ჰომოფობიური დამოკიდებულება სტადიონებზე?

ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი უცნობია, რადგან პერიოდული სოციოლოგიური კვლევები არ ტარდება, თუმცა BBC-ის 2016 წლის გამოკითხვის მიხედვით, ბრიტანეთში გულშემატკივართა მხოლოდ 8%-მა განაცხადა, რომ ის საყვარელი გუნდის ქომაგობას შეწყვეტს, თუ იქ ღიად გეი ფეხბურთელი გადავა სათამაშოდ. 82%-ს პრობლემა არ აქვს. შედარებისთვის 8%-ზე მეტი, 12% ამბობს, რომ ის არაკომფორტულად იგრძნობს თავს, თუ მის გუნდში დიდი ხნის ოპონენტი კლუბის ფეხბურთელი გადავა.

გააქტიურდნენ ლგბტ საზოგადოების წევრი ფეხბურთის ქომაგებიც.  ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კლუბის, არსენალის ლგბტქ ფანკლუბი შეიქმნა, სახელწოდებით Gay Gooners. ფანკლუბის წევრები ესწრებიან თამაშებს და სხვადასხვა აქტივობაში იღებენ მონაწილეობას.

გაჩნდა ჰომოფობიის ნიადგაზე სანქცირების პრაქტიკაც. მიუნხენის ბაიერნის სტადიონზე, სწორედ Gay Gooners კონტექსტში გამოფენლი პლაკატის გამო, უეფამ მიუნხენური კლუბი დააჯარიმა. ჰომოფობიური განცხადების გამო ფეხბურთელი დასაჯეს ინგლისშიც.

ჰომოფობიური პლაკატი ბაიერნის სტადიონზე © Kieran McManus/BPI/Rex

არსენალის ლგბტ ფანკლუბს სხვა საფეხბურთო კლუბების ქომაგებმაც მიბაძეს და ანალოგიური ორგანიზაციები შექმნეს ტოტენჰემის, ნორვიჩის, მანჩესტერ სიტის მხარდამჭერებმაც. ისინი აღრიცხავენ ჰომოფობიურ თავდასხმებს სტადიონზე და ცდილობენ მათ სტიუარდებამდე მიტანას.

BBC-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქომაგების უმრავლესობა, ანუ 68% თვლის, რომ ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით საუკეთესო საშუალება საფხბურთო კლუბების მხრიდან ჩატარებული საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების კამპანიებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი