ახალი ამბები

პროკურატურა: პავლიაშვილის ოჯახს საქმის მასალებზე სრული წვდომა ექნება

30 ოქტომბერი, 2017 • 1919
პროკურატურა: პავლიაშვილის ოჯახს საქმის მასალებზე სრული წვდომა ექნება

საქართვლეოს პროკურატურის განცხადებით, ნუცუბიძეზე ადმინისტრაციული წესით დაკავებისას დაღულის ოჯახის წევრებს დღეს საქმის მასალები გააცნეს. უწყებაში ამბობენ, რომ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და მათ ადვოკატს საქმის მასალებზე სრული წვდომა მომავალშიც ექნებათ:

“საქართველოს პროკურატურის გადაწყვეტილებით, 25 ოქტომბერს ნუცუბიძის ფერდობზე მომხდარი ფაქტის შედეგად გარდაცვლილი პ.პ – ს ოჯახის წევრები მათი ინტერესების დამცველ ადვოკატთან ერთად ეცნობიან გამოძიების მასალებს, მათ მომავალშიც ექნებათ სრული წვდომა სისხლის სამართლის საქმის მასალებთან და მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას მიმდინარე გამოძიების შესახებ” – ამბობენ პროკურატურაში.

მნიშვნელოვანი დეტალები:

  • 32 წლის პაატა პავლიაშვილი ნუცუბიძის პლატოზე ადმინისტრაციული წესით დაკავებისას დაიღუპა. შსს-მ გაავრცელა ვიდეო, სადაც რამდენიმე მოქალაქე საუბრობს იმაზე, რომ ახალგაზრდა კაცი მუდმივად ალკოჰოლს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს მოიხმარდა. თვითმხილველების თქმით, მოქალაქე დაკავებამდე ამბობდა, რომ ცუდად იყო და წყალს ითხოვდა, რაც პოლიციელებმა არ გაითვალისწინეს. სახალხო დამცველმა საქმის შესწავლა, ხოლო პროკურატურამ სიცოცხლის გაუფრთხილებლობით შესაძლო მოსპობის ფაქტზე გამოძება დაიწყო.
  • ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები შსს-ს იმ ვიდეოჩანაწერის გავრცელებისთვის აკრიტიკებენ, რითიც, იურისტების თქმით, შსს უარყოფითი ხატის შექმნას შეეცადა პაატა პავლიაშვილისგან, თითქოს დაღუპვის მიზეზი ალკოჰოლი ან ფსიქოტროპიული ნივთიერება ყოფილიყო.
  • 27 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, აქცია გაიმართა, სადაც მოქალაქეებმა დაკავების დროს პაატა პავლიაშვილის დაღუპვა გააპროტესტეს. მათ გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადეს, რა დროსაც პოლიციამ ერთი მათგანი ადმინისტრაციული წესით დააკავა.
  • პაატა პავლიაშვილის ოჯახის თხოვნით, მათ უფლებების დაცვაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ჩაერთო.
  • მთავარი პროკურატურის ცნობით, პაატა პავლიაშვილის დაკავების პროცესს პატრულის თანამშრომლები სამხრე კამერებით არ იწერდნენ და ეს ეპიზოდი არ დაუფიქსირებია საპატრულო პოლიციის ავტომობილსაც. უფლებადამცველებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ ჩანაწერები შესაძლოა ხელოვნურად გაანადგურეს, რაც ასევე გამოსაძიებელია. შს მინისტრის მოადგილის თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რატომ არ ჩანს პოლიციელების ჩანაწერებში პავლიაშვილის დაკავების მომენტი.
  • ნუცუბიძის პლატოზე ადმინისტრაციული წესით დაკავებისას დაღუპული პაატა პავლიაშვილის ოჯახი პროკურატურისგან დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს, რითიც ისინი საქმის მასალების გაცნობას შეძლებენ.
  • საია მიიჩნევს, რომ ამ საქმეზე გამოძება სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით უნდა წარიმართოს და არა გუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი