რატომ ჭრიან ხეებს ბორჯომში? – სატყეო სამსახურის პასუხი მამუკა ხაზარაძეს და სხვებს

სატყეო სააგენტო სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა გავრცელებულ ცნობებს ბორჯომის ხეობაში ხეების ჭრასთან დაკავშირებით.

ბორჯომის ხეობაში, სადაც ორიოდ თვის წინ ხანძრები მძვინვარებდა, ხეების ჭრის შესახებ ინფორმაცია თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა მამაუკა ხაზარაძემ სოციალური ქსელით გაავრცელა:

“გუშინ ბორჯომის კომპანიის თანამშრომლებთან ერთად ბორჯომის პლატოზე 2500 ძირი ხის ნერგი დავრგეთ. იმავე დროს ბაკურიანის გზაზე, ტყიდან ხის ახლად მოჭრილი მორებით დატვირთული მანქანა გამოვიდა. ჩემს კითხვაზე ადგილობრივი სატყეოს მუშაკებმა მიპასუხეს, რომ ეს სოციალური საჭიროებისთვის ხდებაო, ვიღაცამ თქვა, სანიტარული ხის ჭრააო… ეს ხდება იქ, სადაც სულ რაღაც ორი თვის წინ ხანძრის გამო ასეულობით ჰექტარი ტყე განადგურდა. ისიც უნდა ითქვას, რომ იმ დროსაც კი, როდესაც მეხანძრეები ცეცხლს ებრძოდნენ, ბორჯომის ხეობაში ხის ჭრა არ გაჩერებულა!!!”.

ხაზარაძის ამ განცხადებას სოციალირ ქსელში დიდი დისკუსია მოჰყვა, რის შემდეგაც სატყეო დეპარტამენტი განმარტავს, რომ სოციალური და სანიტარული ჭრა ბორჯომის ტერიტორიაზე მომავალში ტყის საფარის ხარისხობრივ ზრდას განაპირობებს:

ბორჯომის ხეობაში ხე-ტყის დამზადება მიმდინარეობს ტყის ინვენტარიზაციის საფუძველზე მომზადებული ტყის მართვის გეგმებით დაშვებული მოცულობების ფარგლებში, რომელიც თავის მხრივ ეფუძნება ტყეების ფაქტიურ მდგომარეობას და უზრუნველყოფს მდგრად ტყითსარგებლობას. სწორედ ამ პრინციპების დაცვით ხორციელდება ტყეკაფების გამოყოფა უპირველესად სოციალური ჭრისთვის, რომელიც საქართველოს მოსახლეობის სათბობ რესურსზე მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალებას წარმოადგენს. ასევე, ტერიტორიაზე მიმდინარეობს სანიტარული ჭრებიც. ტყის მავნე მწერმა, მბეჭდავმა ქერქიჭამიამ დიდი ზიანი მიაყენა სამცხე-ჯავახეთში წიწვოვან ტყის მასივებს. 2012 წლიდან ხორციელდება მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები ფერომონიანი მწერსაჭერების გამოყენებით, თუმცა საუკეთესო შედეგების მიღების უზრუნველსაყოფად აუცილებელია სანიტარული ჭრების განხორციელებაც, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს პირობებისთვის, არამედ, ზოგადად, მსოფლიო მასშტაბით მეტყევეობაში მიღებული პრაქტიკაა”, – განმარტავს სატყეო დეპარტამენტი.

ამასთანავე, სატყეო სააგენტო უკანონო ტყითსარგებლობის სტატისტიკურ  მონაცემებსაც აქვეყნებს, რომლის თანახმადაც,  2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე უკანონო ტყითსარგებლობის 2250 ფაქტი გამოვლინდა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტრის მოცულობამ, ჯამში, 10 689,9 კუბური მეტრი შეადგინა.

სატყეო სააგენტო ადასტურებს, რომ რომ  ხის რესურსის უკანონო მოპოვება აგვისტოშიც, ხანძრების დროსაც გრძელდებოდა. ამ პერიოდისთვის სააგენტომ უკანონი ტყითსარგებლობისა თუ ხე-ტყის ტრანსპორტირების წესის დარღვევის 208 ფაქტი დააფიქსირა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან