საჭიროა პოლიციის სისტემური რეფორმა – NGO-ები დაკავებისას დაღუპულის საქმეზე

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი 25 ოქტომბერს ადმინისტრაციული წესით დაკავებისას ახალგაზრდა კაცის დაღუპვის საქმეზე საერთო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამ ეტაპზე შეუძლებელია კონკრეტულ ვერსიაზე ან სამართალდამცავების ბრალეულობაზე საუბარი, თუმცა საქმის გამოძიების მიმართ მაღალია საზოგადოებრივი ინტერესი.

განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს 7 არასამთავრობო ორგანიზაცია, ნათქვამია, რომ უშუალოდ დაკავებისა და მისი წინარე ეპიზოდის ამსახველი ვიდეოჩანაწერების საქმეში არარსებობა ამძაფრებს საზოგადოებაში ამ საქმეზე არსებულ კითხვებს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც  შს სამინისტროში მოქმედი შიდა ინსტრუქციითა და ეთიკის კოდექსით, პატრულის თანამშრომელი ვალდებულია აწარმოებდეს ვიდეოგადაღებას:

“სამხრე ვიდეოკამერების ჩანაწერები მნიშვნელოვანი და ხშირ შემთხვევაში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა იმის დასადგენად, ჰქონდა თუ არა პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას თუ სხვა ტიპის დარღვევას ადგილი. შესბამისად, ასეთი ჩანაწერი შესაძლოა გამოყენებული იყოს მოქალაქის მხრიდან საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად, ან პირიქით, სამართალდამცავის მიერ საკუთარი ქმედების მართლზომიერების დასასაბუთებლად.

ამ საქმემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ პოლიციისა და მოქალაქის კომუნიკაციის სათანადო დოკუმენტირება არის პრობლემა, რაც როგორც წესი, მოქალაქის ინტერესების საზიანოდ მოქმედებს. ვიდეოგადაღება, ცხადია, არ არის და არც უნდა იყოს პოლიციელის გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული და მნიშვნელოვანია, რომ ყველა საპოლიციო თუ საგამოძიებო მოქმედება უწყვეტ რეჟიმში ფიქსირდებოდეს სამხრე ვიდეოკამერით” – ვკითხულობთ განცხადებაში.

მიუხედავად დაკავების ეპიზოდის ამსახველი ვიდეჩანაწერების არასებობისა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა, სათანადო დამაჯერებლობით უპასუხოს პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების საქმეში არსებულ ყველა კითხვას. ასევე, განცხადების ხელმომწერებს მიაჩნიათ, რომ აუცილებელია დაიწყოს გამოძიება და დადგინდეს, რა არის რეალურად ჩანაწერების არარსებობის მიზეზი.

“ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი ვიდეოჩანაწერებზე მანიპულირებას, მათი დაზიანების ან განადგურების მიზნით. ამავდროულად, პროკურატურამ მიმდინარე გამოძიება უნდა წარმართოს მაქსიმალური გამჭვირვალობით და უზრუნველყოს საქმეში დაზარალებულის ოჯახის წევრების ჩართულობა, რათა მათ ჰქონდეთ სრული ინფორმაცია გამოძიების მსვლელობაზე” – ვკითხულობთ განცხადებაში.

7 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ხელმოწერილ განცხადებაში შსს-ს მიერ შემთხვევის დღეს გავრცელებული ვიდეოჩანაწერი არაეთიკურადაა შეფასებული. ორგანიზაციების შეფასებით, აღნიშნული სიუჟეტით უწყება ცალსახად ცდილობდა დაღუპულზე უარყოფითი შთაბეჭდილების შექმნას და საზოგადოებისთვის მისი გარდაცვალების წინასწარი ვერსიის მიწოდებას:

“ასევე გვსურს გამოვეხმაუროთ 25 ოქტომბრის ტრაგიკულ შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირების არაეთიკურ ფორმას, კერძოდ, უწყების მიერ მომზადებულ სპეციალურ ვიდეორეპორტაჟს, სადაც დაღუპულზე მისი ერთ-ერთი მეზობელი საუბრობს და აჟღერებს მისი პირადი ცხოვრების და ჯანმრთელობის შესახებ ცნობებს. ამავდროულად, ასახელებს დაღუპვის ერთ-ერთ შესაძლო მიზეზს -თრობას” – ვკითხულობთ განცხადებაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, განცხადების ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ მომხდარი კიდევ ერთხელ აყენებს დღის წესრიგში პოლიციის სისტემური რეფორმის საჭიროებას, რომელმაც უნდა შექმნას რეალურად ხალხის სამსახურში მდგომი სამართალდამცავი უწყება, რომლის მიმართაც საზოგადოებას ექნება მაღალი ნდობა და თანამშრომლობის სურვილი. ამავდროულად, განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ საჭიროა შეიქმნას ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც უპასუხებს სამართალდამცავების დაუსჯელობის პრობლემას.

განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ  საქართველოს პროკურატურას, უზრუნველყოს საქმის დროული, ეფექტური და ობიექტური გამოძიება, აგრეთვე მასში დაზარალებულის ოჯახის ჩართულობა, რათა მათ ჰქონდეთ სრული ინფორმაცია გამოძიების მსვლელობაზე და გატარებულ ღონისძიებებზე,ასევე,  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეიმუშაოს პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტების პრევენციის
ერთიანი სტრატეგია; აღჭურვოს მოქალაქეებთან უშუალო შემხებლობაში მყოფი ყველა თანამშრომელი სამხრე ვიდეოკამერით, აგრეთვე განსაზღვროს აღნიშნული ტექნიკური საშუალების გამოყენების ერთიანი წესები; მიაწოდოს საზოგადოებას განმარტება, ვინ არის პასუხისმგებელი ინცინდენტზე მომზადებულ ვიდეოზე და რა მიზანს ემსახურებოდა აღნიშნული მასალის მომზადება.

საქართველოს მთავრობას და პარლამენტს კი სთხოვენ,  გადადგას კონკრეტული ნაბიჯები შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური რეფორმის მიმართულებით და დაიწყოს მუშაობა ახალი ტიპის სამართალდამცავი სამსახურების ჩამოყალიბებაზე, რომელიც ორიენტირებული იქნება თითოეულ მოქალაქეზე, მათი უფლების დაცვასა და მათთან ნებაყოფლობით თანამშრომლობაზე. ასევე, შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც უფლებამოსილი იქნება, სამართალდამცავების მიერ შესაძლო ჩადენილი
დანაშაულზე აწარმოოს გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა.

განცხადებას ხელს აწერენ:

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
ადამიანის უფლებათა ცენტრი
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI Georgia)


მნიშვნელოვანი დეტალები:

  • 32 წლის პაატა პავლიაშვილი ნუცუბიძის პლატოზე ადმინისტრაციული წესით დაკავებისას დაიღუპა. შსს-მ გაავრცელა ვიდეო, სადაც რამდენიმე მოქალაქე საუბრობს იმაზე, რომ ახალგაზრდა კაცი მუდმივად ალკოჰოლს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს მოიხმარდა. თვითმხილველების თქმით, მოქალაქე დაკავებამდე ამბობდა, რომ ცუდად იყო და წყალს ითხოვდა, რაც პოლიციელებმა არ გაითვალისწინეს. სახალხო დამცველმა საქმის შესწავლა, ხოლო პროკურატურამ სიცოცხლის გაუფრთხილებლობით შესაძლო მოსპობის ფაქტზე გამოძება დაიწყო.
  • ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები შსს-ს იმ ვიდეოჩანაწერის გავრცელებისთვის აკრიტიკებენ, რითიც, იურისტების თქმით, შსს უარყოფითი ხატის შექმნას შეეცადა პაატა პავლიაშვილისგან, თითქოს დაღუპვის მიზეზი ალკოჰოლი ან ფსიქოტროპული ნივთიერება ყოფილიყო.
  • 27 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, აქცია გაიმართა, სადაც მოქალაქეებმა დაკავების დროს პაატა პავლიაშვილის დაღუპვა გააპროტესტეს. მათ გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადეს, რა დროსაც პოლიციამ ერთი მათგანი ადმინისტრაციული წესით დააკავა.
  • პაატა პავლიაშვილის ოჯახის თხოვნით, მათ უფლებების დაცვაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ჩაერთო.
  • მთავარი პროკურატურის ცნობით, პაატა პავლიაშვილის დაკავების პროცესს პატრულის თანამშრომლები სამხრე კამერებით არ იწერდნენ და ეს ეპიზოდი არ დაუფიქსირებია საპატრულო პოლიციის ავტომობილსაც. უფლებადამცველებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ ჩანაწერები შესაძლოა ხელოვნურად გაანადგურეს, რაც ასევე გამოსაძიებელია. შს მინისტრის მოადგილის თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რატომ არ ჩანს პოლიციელების ჩანაწერებში პავლიაშვილის დაკავების მომენტი.
  • ნუცუბიძის პლატოზე ადმინისტრაციული წესით დაკავებისას დაღუპული პაატა პავლიაშვილის ოჯახი პროკურატურისგან დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს, რითიც ისინი საქმის მასალების გაცნობას შეძლებენ.
  • საია მიიჩნევს, რომ ამ საქმეზე გამოძება სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით უნდა წარიმართოს და არა გუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობით.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.