ახალი ამბები

კობიაშვილის თქმით, “ქართული მარშის” წევრებს “წელში გადაგამტვრევით” არ დამუქრებია

30 ოქტომბერი, 2017 • 3942
კობიაშვილის თქმით, “ქართული მარშის” წევრებს “წელში გადაგამტვრევით” არ დამუქრებია

დღეს ე.წ. ქართული მარშის წევრებმა გაავრცელეს განცხადება, თითქოს ლევან კობიაშვილი მათ წელში გადამტვრევით დაემუქრა, რასაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი აბსურდულს უწოდებს. გია კორკოტაშვილი და სანდრო ბრეგაძე ლევან კობიაშვილს გურამ კაშიას საკითხზე შეხვდნენ.

“სამწუხაროა, რომ მიწევს გამოვეხმაურო ქართული მარშის აბსურდულ განცხადებას. განვმარტავ საზოგადოებისთვის, რომ შეხვედრაზე საერთოდ არ იმყოფებოდა ის ოთხი ადამიანი, ვინც დღეს ბრიფინგი გამართა. მე მათ არ ვიცნობ და არასოდეს შევხვედრივარ.

გია კორკოტაშვილთან და სანდრო ბრეგაძესთან შეხვედრაზე ჩემი მხრიდან მსგავსი ტიპის მუქარა (სიცოცხლის მოსპობა, მუხლების დახვრეტა, მიწაში ჩადება და სხვ.), რასაკვირველია, არ გაჟღერებულა, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მე ყოველთვის ვიყავი, ვარ და ვიქნები ძალადობის ნებისმიერი ფორმით გამოვლინების წინააღმდეგი ნებისმიერი ადამიანის მიმართ,” – აცხადებს ლევან კობიაშვილი.

ე.წ. ქართული მარშის წევრები ხვალ ფეხბურთის ფედერაციასთან ჰომოფობიური აქციის გამართვას გეგმავენ და აცხადებენ, რომ თუ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მათ ბოდიშს არ მოუხდის, აუდიოჩანაწერს გაასაჯაროებენ და ფედერაციას ლგბტ-ს ფერებში შეღებავენ. ე.წ. ქართული მარშის წევრები შემდეგ კვლავ სოროსის ფონდთან აპირებენ მისვლას, რათა ორგანიზაციის “კარები აჭედონ”.

ლევან კობიაშვილი, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი და არნემის “ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია ერედივიზიონის მატჩში მის გუნდს ლგბტ დროშის სამკლაურით გაუძღვა ისევე, როგორც სხვა კლუბების ლიდერები, რითაც ლგბტ ადამიანებს მხარდაჭერა გამოუცხადა, შემდეგ კი განაცხადა, რომ ამას არ ნანობს:

“მე მხარს ვუჭერ ადამიანის თავისუფლებას და წინააღმდეგი ვარ ძალადობის. მხარს ვუჭერ ადამიანს, რადგანაც ის არაფერს საზიანოს არ აკეთებს სხვების მიმართ. ეს არის ჩემი ხედვა. ჩემს ქვეყანაში რთულია აუხსნა ეს, რადგან ზოგიერთი ადამიანი ვერ იგებს, განსაკუთრებით, ფეხბურთის გულშემატკივრები. რამდენიმე ადამიანმა ღიად გამოხატა [კრიტიკა] ჩემი ფეისბუკის გვერდზე და არ ვაპირებ ყურადღება მივაქციო მათ. არ ვნანობ, რაც გავაკეთე. ეს, რა თქმა უნდა, ჩემი პასუხისმგებლობაა. მე არ მაღელვებს, ვინ ხარ, რას აკეთებ შენს ცხოვრებაში, რამდენადაც სხვისთვის ზიანი არ მოგაქვს. იყავი ის, ვინც ხარ.”

შედეგად, ქართველი ფეხბურთელის წინააღმდეგ საზოგადოების ნაწილმა სოციალურ ქსელში ჰომოფობიური კამპანია წამოიწყო და მისი ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთა მოითხოვა. გურამს ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები, აქტივისტები, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლები და კოლეგები მხარდაჭერას უცხადებენ. კაშია არის პირველი ქართველი ფეხბურთელი, ვინც საჯაროდ გაბედა ლგბტ თემის მხარდაჭერა და განაცხადა, რომ ყველა ადამიანი თანასწორია.

მასალების გადაბეჭდვის წესი