ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

პრემიერი: რკინიგზა შესაძლებლობაა, ვიყოთ ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ხიდი

30 ოქტომბერი, 2017 • 2018
პრემიერი: რკინიგზა შესაძლებლობაა, ვიყოთ ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ხიდი

ბაქო-თბილისი ყარსის რკინიგზის გახსნის ცერემონია დასრულდა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანის, თურქეთის, უზბეკეთისა და ყაზახეთის ლიდერებთან ერთად ესწრებოდა.

სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პროექტში ჩართული ქვეყნების წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ბაქო-თბილისი-ყარსის რიკინიგზა “ერთობლივი სტრატეგიული პროექტების განხორციელების საუკეთესო მაგალითია”.

“დღეს, როდესაც მსოფლიო მრავალი გამოწვევისა და საფრთხის წინაშე დგას, არ არის გასაკვირი, რომ ჩვენი ქვეყნების განვითარებაზე, მათ შორის ეკონომიკური კავშირების დამყარებასა და გაფართოებაზე ორიენტირებული პროექტი ასეთ დიდ ყურადღებას იმსახურებს.
ჩვენი ქვეყნების გეოსტრატეგიული მდებარეობა, გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ვიყოთ ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდი. ამიტომაც, დარწმუნებული ვარ, ახალი სარკინიგზო ხაზი მნიშვნელოვნად შეცვლის არსებულ ეკონომიკურ რეალობას და განვითარების სრულიად ახალ პირობებს შექმნის, არა მარტო ჩვენს რეგიონში, არამედ მის მიღმა”, – აღნიშნა მან.

კვირიკაშვილის თქმით, სარკინიგზო ხაზის ამოქმედება დადებითად აისახება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაზე, რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნის წინაპირობაცაა. მისივე თქმით, სარიკინიგზო გზის ამუშავების პარალელურად, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაც იქნება.

“საერთაშორისო გადაზიდვების სტიმულირებისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, ჩვენი ქვეყანა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, არსებულის მოდერნიზებას და მის ეფექტიან მუშაობას.
რკინიგზის მშენებლობასა და მოდერნიზებასთან ერთად ჩვენ, რა თქმა უნდა, ვავითარებთ საპორტო ინფრასტრუქტურას, ასევე დიდ ინვესტიციებს ვახორციელებთ საგზაო ინფრასტრუქტურაში, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მონაკვეთზე სატრანზიტო კორიდორების ოთხზოლიანი მაგისტრალის მშენებლობას. ჩვენ გვსურს, საქართველომ თავისი წვლილი შეიტანოს „აბრეშუმის გზის“ აღორძინებისა და ,,ერთი გზა – ერთი სარტყელის“ ინიციატივის განხორციელების საქმეში”, – განაცხადა პრემიერმა.

პროგნოზის მიხედვით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა გახსნის შემდეგ 1 მილიონ მგზავრს გადაიყვანს და პირველ ეტაპზე 5 მილიონ ტონა ტვირთს გადაიტანს. რკინიგზის ამოქმედების შემდეგ 2 500 ადამიანი დასაქმდება. სარკინიგზო ხაზის სიგრძე 826 კმ-ია, აქედან 254 კმ- საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის. საქართველოს მონაკვეთზე მშენებლობას შპს “მარაბდა-კარწახის რკინიგზა” ახორციელებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი