ახალი ამბები

ჩუგოშვილი ნუცუბიძეზე მომხდარზე: ამ საქმეზე, მგონი, არავის არაფერი აქვს დასამალი

30 ოქტომბერი, 2017 • 1318
ჩუგოშვილი ნუცუბიძეზე მომხდარზე: ამ საქმეზე, მგონი, არავის არაფერი აქვს დასამალი

საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ ნუცუბიძეზე დაკავებისას გარდაცვლილი კაცის საქმესთან დაკავშირებით კარგი იქნება, თუ პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრი მივა. ამ საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს ოპოზიცია იბარებს.

ეს განცხადება ჩუგოშვილმა დღეს, 30 ოქტომბერს, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა:

“კონკრეტულად რა ფაქტი იყო, ამას გამოძიება დაადგენს. რაც შეეხება მინისტრის მოსვლას პარლამენტში, მე მგონია, რომ ზოგადად, რაც უფრო ხშირად იქნებიან წარმოდგენილი მინისტრები პარლამენტში, მით უკეთესია თავად სამინისტროებისთვისაც და პარლამენტისთვისაც. ვფიქრობ, პარლამენტი არის ძალიან კარგი პლატფორმა იმისთვის, რომ პასუხები გაეცეს სხვადასხვა თემებს, რომლებზეც შეიძლება კითხვები არსებობდეს. მით უმეტეს, ამ საქმესთან დაკავშირებით, მე მგონი, არავის არაფერი დასამალი არ აქვს და, შესაბამისად, ეს კარგი შესაძლებლობა იქნებოდა სამინისტროსთვისაც,”- განაცხადა ჩუგოშვილმა.

25 ოქტომბერს თბილისში ახალგაზრდა კაცი, პაატა პავლიაშვილი, რომელსაც პატრულის თანამშრომლები აკავებდნენ, გარდაიცვალა. მეზობლების ნაწილი ამბობს, რომ პავლიაშვილი ცუდად იყო, პოლიციამ კი დაკავების პროცესი გააგრძელა და დახმარება არ აღმოუჩინა. 29 ოქტომბერს პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებით გაირკვა, რომ არც პატრულის თანამშრომლების სამხრე კამერებს და არც საპატრულო პოლიციის მანქანის კამერებს მომხდარი არ დაუფიქსირებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი