ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ილჰამ ალიევი: რკინიგზა მნიშვნელოვნად გაზრდის ინვესტიციებს სამივე ქვეყანაში

30 ოქტომბერი, 2017 • 2032
ილჰამ ალიევი: რკინიგზა მნიშვნელოვნად გაზრდის ინვესტიციებს სამივე ქვეყანაში

ბაქოს საერთაშორისო ნავსადგურის სათაცო ოფისში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის გახსნის ცერემონია მიმდინარეობს. ღონისძიებას 5 ქვეყნის ლიდერები – საქართველოსა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრები, ასევე აზერბაიჯანის, თურქეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტები ესწრებიან.

ცერემონიაზე სიტყვის გამოსვლისას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ პროექტის ამ სახით განვითარება თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს მეგობრობის შედეგია. მისი თქმით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ინვესტიციების გაზრდის წინაპირობაა.

“ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა არის ყველაზე უსაფრთხო და უმოკლესი მარშრუტი, რომელიც ევროპასა და აზიას დააკავშირებს. ეს პროექტი, რომელიც სამი ქვეყნის მეგობრობის შედეგად განვითარდა, გახდება მნიშვნელოვანი ნაწილი ევრაზიული სატრანსპორტო რუკისა, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ინვესტიციების რაოდენობას ამ ქვეყნებში”, – განაცხადა ილჰამ ალიევმა. მონაკვეთს აზერბაიჯანის პრეზიდენტის გამოსვლიდან ბაქოს პორტის ფეისბუქ გვერდი ავრცელებს.

პროგნოზის მიხედვით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა გახსნის შემდეგ 1 მილიონ მგზავრს გადაიყვანს და პირველ ეტაპზე 5 მილიონ ტონა ტვირთს გადაიტანს. რკინიგზის ამოქმედების შემდეგ 2 500 ადამიანი დასაქმდება. სარკინიგზო ხაზის სიგრძე 826 კმ-ია, აქედან 254 კმ- საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის. საქართველოს მონაკვეთზე მშენებლობას შპს “მარაბდა-კარწახის რკინიგზა” ახორციელებდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი