ახალი ამბებისამართალი

დარღვევის შემთხვევაში, პოლიციელები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ – ომბუდსმენი

30 ოქტომბერი, 2017 • 2432
დარღვევის შემთხვევაში, პოლიციელები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ – ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მწუხარებას გამოთქვამს 25 ოქტომბერს, ნუცუბიძის ფერდობზე პოლიციის თანამშრომელთა მიერ პაატა პავლიაშვილის დაკავებისას დაღუპვის გამო. ომბუდსმენი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, ოპერატიულად და ეფექტიანად ჩაატაროს ყველა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება, ხოლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გამოკვეთის შემთხვევაში, პროცესში მონაწილე სამართალდამცავები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

პროკურატურის 29 ოქტომბრის განცხადების მიხედვით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის კამერებსა და საპატრულო ავტომანქანაზე დამონტაჟებულ კამერაში ინციდენტის შესახებ ჩანაწერები არ აღმოჩნდა, ვინაიდან ერთ-ერთი პატრულ-ინსპექტორის სამხრე კამერა პაატა პავლიაშვილის დაღუპვის მომენტში დროებით გამორთული იყო, მეორე პატრულ-ინსპექტორის სამხრე კამერა დასამუხტად ინახებოდა ავტომანქანაში, ხოლო ავტომანქანაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერა არ ფარავს პაატას დაკავების ტერიტორიას.

სახალხო დამცველის აზრით, ის ფაქტი, რომ პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების მომენტს სამი ვიდეოკამერიდან არცერთი არ ასახავს, არ ეხმარება საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას და აჩენს ლეგიტიმურ კითხვებს საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მოქმედებების კანონიერებასთან დაკავშირებით.

ომბუდსმენი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპატრულო პოლიციის მიერ ფიზიკურ პირთან კომუნიკაციის დროს სამხრე ვიდეოკამერის გამოყენებით გაკეთდეს სრული ვიდეოჩანაწერები:

“მსგავსი ჩანაწერების არსებობა დაეხმარება გამოძიებას და გააქარწყლებს ყოველგვარ ეჭვს პოლიციის მოქმედებებთან დაკავშირებით, რაც პოლიციისადმი საზოგადოების ნდობაზეც მხოლოდ დადებითად იმოქმედებს. ნიშანდობლივია, რომ მოცემულ რეკომენდაციას სახალხო დამცველი წლების განმავლობაში გასცემს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, რომელიც სამწუხაროდ, კვლავ არ არის სრულფასოვნად შესრულებული.”

აქვე სახალხო დამცველი ეხმაურება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებასა და მის მიერ ვიდეოჩანაწერების გავრცელების ფაქტს, რაც ომბუდსმენის აზრით, ცალსახად წარმოჩინდება საზოგადოების თვალში, როგორც პირის დისკრედიტაციის მცდელობა სამინისტროს მიერ.

“ადამიანის პირადი ცხოვრების წესი არ აძლევს სამართალდამცავ ორგანოებს მის მიმართ არასათანადო მოპყრობისა თუ ძალის გადამეტების უფლებამოსილებას და დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში, ეს გარემოებები არ შეიძლება გახდეს პოლიციელების მიმართ შემწყნარებლური მოპყრობის საფუძველი,” – აცხადებს სახალხო დამცველი.

მნიშვნელოვანი დეტალები:

  • 32 წლის პაატა პავლიაშვილი ნუცუბიძის პლატოზე ადმინისტრაციული წესით დაკავებისას დაიღუპა. შსს-მ გაავრცელა ვიდეო, სადაც რამდენიმე მოქალაქე საუბრობს იმაზე, რომ ახალგაზრდა კაცი მუდმივად ალკოჰოლს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს მოიხმარდა. თვითმხილველების თქმით, მოქალაქე დაკავებამდე ამბობდა, რომ ცუდად იყო და წყალს ითხოვდა, რაც პოლიციელებმა არ გაითვალისწინეს. სახალხო დამცველმა საქმის შესწავლა, ხოლო პროკურატურამ სიცოცხლის გაუფრთხილებლობით შესაძლო მოსპობის ფაქტზე გამოძება დაიწყო.
  • ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები შსს-ს იმ ვიდეოჩანაწერის გავრცელებისთვის აკრიტიკებენ, რითიც, იურისტების თქმით, შსს უარყოფითი ხატის შექმნას შეეცადა პაატა პავლიაშვილისგან, თითქოს დაღუპვის მიზეზი ალკოჰოლი ან ფსიქოტროპიული ნივთიერება ყოფილიყო.
  • 27 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, აქცია გაიმართა, სადაც მოქალაქეებმა დაკავების დროს პაატა პავლიაშვილის დაღუპვა გააპროტესტეს. მათ გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადეს, რა დროსაც პოლიციამ ერთი მათგანი ადმინისტრაციული წესით დააკავა.
  • პაატა პავლიაშვილის ოჯახის თხოვნით, მათ უფლებების დაცვაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ჩაერთო.
  • მთავარი პროკურატურის ცნობით, პაატა პავლიაშვილის დაკავების პროცესს პატრულის თანამშრომლები სამხრე კამერებით არ იწერდნენ და ეს ეპიზოდი არ დაუფიქსირებია საპატრულო პოლიციის ავტომობილსაც. უფლებადამცველებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ ჩანაწერები შესაძლოა ხელოვნურად გაანადგურეს, რაც ასევე გამოსაძიებელია. შს მინისტრის მოადგილის თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რატომ არ ჩანს პოლიციელების ჩანაწერებში პავლიაშვილის დაკავების მომენტი.
  • ნუცუბიძის პლატოზე ადმინისტრაციული წესით დაკავებისას დაღუპული პაატა პავლიაშვილის ოჯახი პროკურატურისგან დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს, რითიც ისინი საქმის მასალების გაცნობას შეძლებენ.
  • საია მიიჩნევს, რომ ამ საქმეზე გამოძება სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით უნდა წარიმართოს და არა გუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი