ახალი ამბები

პარლამენტი ახალი საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ემზადება

30 ოქტომბერი, 2017 • 1815
პარლამენტი ახალი საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ემზადება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ინიცირებას უკეთებენ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ახლად მიღებულ კონსტიტუციაში მხოლოდ ოთხ შესწორებას ითვალისწინებს.

ამის შესახებ ირაკლი კბახიძემ პარლამენტში 30 ოქტომბერს განაცხადა.

“საქმე ეხება მხოლოდ ოთხ საკითხს, რაზეც ჩვენ ვენეციის კომისიასთან შევთანხმდით. საუბარია ბონუსის სისტემის გაუქმებაზე, კონსტიტუციიდან ამოღებაზე, ბლოკების ერთჯერადად დატოვებაზე. ზუსტდება რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებით ჩანაწერი და ასევე ზუსტდება ჩანაწერი, რომელიც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებს არჩევნებთან დაკავშირებით. ეს არის ოთხი ცვლილება, რომელიც შევა კონსტიტუციაში. ამისათვის შეიქმნება სპეციალური კომისია, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, რომელიც დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში გააგრძელებს მუშაობას. ამის შემდეგ უკვე დაიწყება საპარლამენტო განხილვები,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, დეკემბერში იქნება ორი მოსმენა, მესამე მოსმენა კი მარტში ჩატარდება.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განმარტა, რომ პროექტის ინიცირება მიმდინარე კვირაში მოხდება.

კონსტიტუციის კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა, საკონსტიტუციო უმრავლესობით, ოპოზიციის ხმების გარეშე, ორი მოსმენით 2017 წლის ივნისში მიიღო. ხელისუფლებამ ოპოზიციასთან დიალოგის განახლების მცდელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია კონსტიტუციასთან დაკავშირებით კონსენსუსის არარსებობით და შექმნილ ვითარებას კრიზისიც უწოდა.  ბუკიკიოს მოწოდების მიუხედვად დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ვერ შედგა. ამ მიზნით სტრასბურგში დაგეგმილი შეხვედრაც კი ჩაიშალა, რომელსაც ორგანიზებას ვენეციის კომისია უწევდა.

მესამე მოსმენით 26 სექტემბერს მიიღო. კონსტიტუციას მხარი საპარლამენტო უმრავლესობამ – 117-მა დეპუტატმა დაუჭირა, ოპოზიციამ ამ პროცესს კვლავ ბოიკოტი გამოუცხადა.

ამის შემდეგ დაიწყო სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიების კონსულტაციები პრეზიდენტთან საკითხებზე, თუ რა უნდა ასახულიყო პრეზიდენტის ვეტოს მოტივირებულ შენიშვნებში. პრეზდენტმა კონსტიტუციას ვეტო 9 ოქტომბერს დაადო და მოტივირებულ შენიშვნებში ასახა ის ოთხი პუნქტო, რომელზეც “ქართულ ოცნებას” გაცხადებული ჰქონდა, რომ ცვლილებებს შეიტანდა. ასევე. პრეზიდენტმა მოტივირებულ შენიშვნებში ასახა კიდევ ორი პუნქტი, რომელიც ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო. ეს ორი ცვლილება იყო პროპორციული საარჩევნო სისტემის  2020 წლის არჩევნებზე ამოქმედება და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა.

შეთანხმებული ოთხი საკითხის გარდა პრეზიდენტის მიერ ვეტოში სხვა საკითხების დამატება მიუღებელი აღმოჩნდა უმრავლესობისთვის. მათ პრეზიდენტის ვეტო დაძლიეს და განაცხადეს, რომ ისინი თავიდან წამოიწყებდნენ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს და ასე შეიტანდნენ კონსტიტუციაში ამ ოთხ ცვლილებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი