ნუცუბიძეზე დაკავებისას დაღუპულის ოჯახი დაზარალებულის სტატუსს ითხოვს

ნუცუბიძის პლატოზე ადმინისტრაციული წესით დაკავებისას დაღუპული პაატა პავლიაშვილის ოჯახი დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს, რითიც ისინი საქმის მასალების გაცნობას შეძლებენ. ამის შესახებ დღეს პროკურატურაში განცხადება საიას იურისტმა ლევან ვეფხვაძემ შეიტანა.

როგორც საიას იურისტი აცხადებს, დაელოდებიან პროკურატურის გადაწყვეტილებას მათ მოთხოვნაზე, ხოლო დადებითი პასუხის შემთხვევაში უკვე ოფიციალურად მოითხოვენ ამ საქმეზე მუხლის გადაკვალიფიცირებას.

“მიგვაჩნია, რომ გამოძება უნდა წარიმართოს სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით და არა გუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობით. ეს მოთხოვნა ჯერ არ დაგვიყენებია, რადგან ველოდებით დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას. ამის მერე დავაყენებთ მუხლის გადაკვალიფიცირების მოთხოვნასაც,” – ამბობს ლევან ვეფხვაძე.

შსს-მ ამ საქმესთან დაკავშირებით გაავრცელა ვიდეო, სადაც მოქალაქეები საუბრობდნენ, თითქოს პაატა პავლიაშვილი დამოკიდებული იყო ალკოჰოლზე და ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტის, გურო იმნაძის თქმით, პრობლემაა, როცა სამართალდამცავი უწყებები აქცენტს იმაზე აკეთებნ, თითქოსდა გარდაცვლილი იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ და მოიხმარდა ფსიქოტროპულ ნივთიერებებს.

დაკავების დროს დაღუპული პაატა პავლიაშვილი ოჯახთან, დედასთან და დასთან ერთად ცხოვრობდა, ძმა კი 2 წლის წინ გარდაეცვალა. პავლიაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა. როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, გარდაცვლილის უფროსი შვილი წელს სკოლაში პირველად მივიდა. გარდაცვლილის მეგობრების თქმით, პავლიაშვილს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები არ ჰქონია. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. საქმეს პროკურატურა იძიებს.

ნუცუბიძის პლატოზე მამაკაცის ადმინისტრაციული წესით დაკავებისას დაღუპვის საქმეზე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პოლიციის შესაძლო გადაცდომის ფაქტს საქართველოს სახალხო დამცველი სწავლობს. გარდა ამისა, პაატა პავლიაშვილის ოჯახის უფლებებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. ორგანიზაციას იურიდიული დახმარების გაწევის თხოვნით დაღუპულის ოჯახის წევრებმა მიმართეს.

მნიშვნელოვანი დეტალები:

  • 32 წლის პაატა პავლიაშვილის ნუცუბიძის პლატოზე ადმინისტრაციული წესით დაკავებისას დაიღუპა. შსს-მ გაავრცელა ვიდეო, სადაც რამდენიმე მოქალაქე საუბრობს იმაზე, რომ ახალგაზრდა კაცი მუდმივად ალკოჰოლს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს მოიხმარდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ მოქალაქე დაკავებამდე ამბობდა, რომ ცუდად იყო და წყალს ითხოვდა, რაც პოლიციელებმა არ გაითვალისწინეს. სახალხო დამცველმა საქმის შესწავლა, ხოლო პროკურატურამ სიცოცხლის გაუფრთხილებლობით შესაძლო მოსპობის ფაქტზე გამოძება დაიწყო.
  • ადამიანის უფლება დამცველი ორგანიზაციები შსს-ს იმ ვიდეოჩანაწერის გავრცელებისთვის აკრიტიკებენ, რითიც, იურისტების თქმით, შსს პაატა პავლიაშვილისგან უარყოფითი ხატის შექმნას შეეცადა, თითქოს დაღუპვის მიზეზი ალკოჰოლი ან ფსიქოტროპიული ნივთიერება ყოფილიყო.
  • 27 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, აქცია გაიმართა, სადაც მოქალაქეებმა დაკავების დროს პაატა პავლიასვილის დაღუპვა გააპროტესტეს. მათ გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადეს, რა დროსაც პოლიციამ ერთი მათგანი ადმინისტრაციული წესით დააკავა.
  • პაატა პავლიაშვილის ოჯახის თხოვნით, მათ უფლებების დაცვაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ჩაერთო.
  • მთავარი პროკურატურის ცნობით, პაატა პავლიაშვილის დაკავების პროცესს პატრულის თანამშრომლები სამხრე კამერებით არ იწერდნენ და ეს ეპიზოდი არ დაუფიქსირებია საპატრულო პოლიციის ავტომობილსაც. უფლებადამცველებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ ჩანაწერები შესაძლოა ხელოვნურად გაანადგურეს, რაც ასევე გამოსაძიებელია. შს მინისტრის მოადგილის თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რატომ არ ჩანს პოლიციელების ჩანაწერებში პავლიაშვილის დაკავების მომენტი.
  • სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, ოპერატიულად და ეფექტიანად ჩაატაროს ყველა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება, ხოლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გამოკვეთის შემთხვევაში, პროცესში მონაწილე სამართალდამცავები სისხლისსამართლის პასუხისგებაში მისცეს.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.