კალაძე: დაკავებისას დაღუპულის საქმეში ვიდეოჩანაწერები არსებობს

“ინფორმაცია ჩანაწერებთან დაკავშირებით მაქვს, რომ არსებობს ეს ჩანაწერები. დანარჩენი, გამოძიებას უნდა დაველოდოთ” – უთხრა კახა კალაძემ ჟურნალისტებს 25 ოქტომბერს ნუცუბიძის პლატოზე ახალგაზრდა კაცის ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს გარდაცვალების საქმეზე.

დღეს, ამ საკითხზე ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილიც ესაუბრა. ხუციშვილის თქმით, პოლიციის ჩანაწერებში ცუდად გახდომის მომენტი ჩანს, მაგრამ არ არის დაფიქსირებული დაკავების მომენტი, რის გამოც ვერ იგებენ, რა ვითარებაში დაიღუპა პაატა პავლიაშვილი.

ამ საქმესთან დაკავშირებით პოლიციის თანამშრომლების სამხრე კამერების ჩანაწერების გასაჯაროებას არასამთავრობო ორგანიზაციები და უფლებადამცველები მოითოხვენ. მასალები შსს-სგან პროკურატურამ გამოითხოვა. როგორც უწყებაში განაცხადეს, 25 ოქტომბერს  თბილისში, ნუცუბიძის ფერდობზე დაკავებისას გარდაცვლილი კაცის დაკავების პროცესს პატრულის თანამშრომლები სამხრე კამერებით არ იწერდნენ. ასევე, მომხდარი არ დაუფიქსირებია საპატრულო პოლიციის ავტომობილს.

დაკავების დროს დაღუპული პაატა პავლიაშვილი ოჯახთან, დედასთან და დასთან ერთად ცხოვრობდა, ძმა კი 2 წლის წინ გარდაეცვალა. პავლიაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა. როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, გარდაცვლილის უფროსი შვილი წელს სკოლაში პირველად მივიდა. გარდაცვლილის მეგობრების თქმით, პავლიაშვილს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები არ ჰქონია. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. საქმეს პროკურატურა იძიებს.

ნუცუბიძის პლატოზე მამაკაცის ადმინისტრაციული წესით დაკავებისას დაღუპვის საქმეზე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პოლიციის შესაძლო გადაცდომის ფაქტს საქართველოს სახალხო დამცველი სწავლობს. გარდა ამისა, პაატა პავლიაშვილის ოჯახის უფლებებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. ორგანიზაციას იურიდიული დახმარების გაწევის თხოვნით დაღუპულის ოჯახის წევრებმა მიმართეს.

ვრცლად, 25 ოქტომბერს ნუცუბიძის პლატოზე ახალგაზრდა კაცის ადმინისტრაციული წესით დაკავებისას გარდაცვალების საქმეზე წაიკითხეთ ბმულზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი