ხუციშვილი: გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რატომ არ ჩანს პავლიაშვილის დაკავების მომენტი

ნუცუბიძის პლატოზე 32 წლის კაცის ადმინისტრაციული წესით დაკავებისას დაღუპვის საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილი აცხადებს, რომ პოლიციის ჩანაწერებში ცუდად გახდომის მომენტი ჩანს, მაგრამ არ არის დაფიქსირებული დაკავების მომენტი, რის გამოც ვერ იგებენ, რა ვითარებაში დაიღუპა პაატა პავლიაშვილი.

რატომ? – შსს არ პასუხობს

“პირველ რიგში, კამერების ჩანაწერები არსებობს, ეს ერთი, და იმის თქმა, რომ კამერების ჩანაწერები არ არსებობს, ტყუილია. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მივაწოდეთ [პროკურატურას] კამერების ჩანაწერები… ჩვენ თვითონ ვართ დაინტერესებული მაქსიმალურად, რომ ამ საქმეზე მაქსიმალურად მალე ობიექტური ჭეშმარიტება დადგეს გამოძიების შედეგად. ამიტომ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ პროკურატურასთან. ყველა ჩანაწერი, რაც კი ამ კამერას აქვს დაფიქსირებული, მიეწოდა მათ. მე არ მინახავს ზუსტად ჩანაწერები, მაგრამ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იქ [პოლიციის ჩანაწერებში] არის მომენტები, მათ შორის, ცუდად გახდომის… უბრალოდ, არ ჩანს დაკავების მომენტი. თუ რატომ არ ჩანს დაკავების მომენტი, მაგიტომ მიმდინარეობს გამოძიება, რომ დაადგინოს, რატომ არ ჩანს და გამოიკითხოს ყველა ის პირი, ვინც პასუხისმგებელი იყო იმაზე, უნდა ჩანდეს თუ არ უნდა ჩანდეს.,” – ამბობს შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი.

შალვა ხუციშვილი, შს მინისტრის მოადგილე

შს მინისტრის მოადგილის თქმით, დეტალურად არ იცის გამოძიების შედეგები, თუმცა აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მაქსიმალურად თანამშრომლობს პროკურატურასთან და რა ჩანაწერებიც არსებობდა, მიაწოდა გამოძიებას:

“სანამ არ გვეცოდინება მინიმუმ ექსპერტიზის დასკვნა, თუ რით გარდაიცვალა ეს ადამიანი, ვფიქრობ, რაიმე ბრალდებებზე პოლიციის მისამართით ან რაღაც დეტალებზე და შეფასებებზე საუბარი ნაადრევია.”

შალვა ხუციშვილი არ გამორიცხავს, რომ დადგეს შსს-ს თანამშრომლის პასუხისმგებლობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება დაადგენს, რომ მან დანაშაული ჩაიდინა.

კითხვაზე, თუ რატომ გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერვიუები, სადაც მოქალაქეები ერთხმად საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ დაღუპული ახალგაზრდა კაცი ხშირად მოიხმარდა ალკოჰოლს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, შს მინისტრის მოადგილე მხოლოდ ამას ამბობს: “იმ წუთში რა ინფორმაციაც იყო, ის გავავრცელეთ.”

მნიშვნელოვანი დეტალები:

  • 32 წლის პაატა პავლიაშვილი ნუცუბიძის პლატოზე ადმინისტრაციული წესით დაკავებისას დაიღუპა. შსს-მ გაავრცელა ვიდეო, სადაც რამდენიმე მოქალაქე საუბრობს იმაზე, რომ ახალგაზრდა კაცი მუდმივად ალკოჰოლს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს მოიხმარდა. თვითმხილველების თქმით, მოქალაქე დაკავებამდე ამბობდა, რომ ცუდად იყო და წყალს ითხოვდა, რაც პოლიციელებმა არ გაითვალისწინეს. სახალხო დამცველმა საქმის შესწავლა, ხოლო პროკურატურამ სიცოცხლის გაუფრთხილებლობით შესაძლო მოსპობის ფაქტზე გამოძება დაიწყო.
  • ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები შსს-ს იმ ვიდეოჩანაწერის გავრცელებისთვის აკრიტიკებენ, რითიც, იურისტების თქმით, შსს უარყოფითი ხატის შექმნას შეეცადა პაატა პავლიაშვილისგან, თითქოს დაღუპვის მიზეზი ალკოჰოლი ან ფსიქოტროპიული ნივთიერება ყოფილიყო.
  • 27 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, აქცია გაიმართა, სადაც მოქალაქეებმა დაკავების დროს პაატა პავლიაშვილის დაღუპვა გააპროტესტეს. მათ გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადეს, რა დროსაც პოლიციამ ერთი მათგანი ადმინისტრაციული წესით დააკავა.
  • პაატა პავლიაშვილის ოჯახის თხოვნით, მათ უფლებების დაცვაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ჩაერთო.
  • მთავარი პროკურატურის ცნობით, პაატა პავლიაშვილის დაკავების პროცესს პატრულის თანამშრომლები სამხრე კამერებით არ იწერდნენ და ეს ეპიზოდი არ დაუფიქსირებია საპატრულო პოლიციის ავტომობილსაც. უფლებადამცველებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ ჩანაწერები შესაძლოა ხელოვნურად გაანადგურეს, რაც ასევე გამოსაძიებელია. შს მინისტრის მოადგილის თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რატომ არ ჩანს პოლიციელების ჩანაწერებში პავლიაშვილის დაკავების მომენტი.
  • ნუცუბიძის პლატოზე ადმინისტრაციული წესით დაკავებისას დაღუპული პაატა პავლიაშვილის ოჯახი პროკურატურისგან დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს, რითიც ისინი საქმის მასალების გაცნობას შეძლებენ.
  • საია მიიჩნევს, რომ ამ საქმეზე გამოძება სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით უნდა წარიმართოს და არა გუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობით.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.