ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით პატრიოტთა ალიანსმა აქცია გამართა

დღეს “პატრიოტთა ალიანისმა” მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართა. “ნეტგაზეთს” პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა  გოჩა თევდორაძემ განუცხადა, რომ აქციის მონაწილეები საკონსტიტუციო ცვლილებებს, სოციალურ პრობლემებს და არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ.

“ჩვენი მოთხოვნები კონსტიტუციასთან დაკავშირებულ საკითხებს, მიწის უცხოელებზე გასხვისების თემას, სოციალურად დაუცველთა პრობლემებს, მეანაბრეთა პრობლემებს და ტერიტორიული მთალიანობის აღდგენასთან დაკავშირებით ხელისუფლების უმოქმედობის საკითხებს ეხება.  ამას კიდევ უმთავრესი მოთხოვნა, მთავრობის გადადგომა დაემატა. ხელისუფლებას ჩვენი მოთხოვნები საკანონმდებლო ტრიბუნიდან, პარლამენტიდან ვერ შევასმინეთ. ვნახეთ ხელისუფლებისგან გაყალბებული არჩევნები, ამიტომაც ეს მოთხოვნა ჩვენს საპროტესტო მოთხოვნებს დაემატა,”-აცხადებს გოჩა თევდორაძე.

პარტიის წევრის თქმით, პარლამენტთან 40 დღეზე მეტია, რაც 17 ადამიანი შიმშილობს და ხელისუფლება მათ ყურადღებას არ აქცევს.

პარტიამ საპროტესტო აქცია პირველ ოქტომბერსაც გამართა. მაშინ აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხვონა, სოციალური ფონის გაუმჯობესება, მთავრობის მიერ “საარჩევნო და საკონსტიტუციო უზურპაციის” შეწყვეტა და მოსახლეობის ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფა იყო.

21 ოქტომბერს გამართულ თვითმმართველობის არჩევნებში “პატრიოტთა ალიანსმა” წინასწარი შედეგებით  6,32% მიიღო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.