ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზური მხარე საქართველოს მთავრობის ინიციატივას პოპულიზმად აფასებს

29 ოქტომბერი, 2017 • 3414
აფხაზური მხარე საქართველოს მთავრობის ინიციატივას პოპულიზმად აფასებს

ქართული მხარის, კონკრეტულად კი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას, სადაც ის აფხაზური ენის დაცვის ახალ ინიციატივაზე საუბრობს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყება გამოეხმაურა.

“გვინდა შევახსენოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც მოულოდნელად აფხაზური ენის დაცვის პრობლემით დაინტერესდა, რომ 1992 წლის 22 ოქტომბერს ოკუპირებულ სოხუმში საქართველოს სამხედრო ფორმირებებმა დაწვეს აფხაზური ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტის შენობა და სახელმწიფო არქივი. აღნიშნული ვანდალიზმის აქტის შედეგად გადანგურებული იყო უნიკალური დოკუმენტები და მასალები აფხაზეთის ისტორიისა და კულტურის შესახებ”,- წერია აფხაზურის მხარის განცხადებაში.

ამ ფონზე, როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყებაში ამბობენ, “აბსოლუტურად ცინიკურად ჩანს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მცდელობა აფხაზი ხალხის კულტურისა და ტრადიციებზე მზრუნველობის დემონსტრირებისა, რომლის მიმართაც საქართველომ ჩაიდინა სამხედრო აგრესიის აქტი და ცდილობდა ბოლომდე გაენადგურებინა”.

“საქართველოს პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებას აფხაზ ხალხთან შერიგებისკენ მიმართულ სამშვიდობო ინიციატივების დემონსტრაციის მორიგ პოპულისტურ მცდელობად ვაფასებთ. სამწუხაროდ, პრაქტიკა აჩვენებს, რომ საქართველოს რეალური პოლიტიკა აფხაზეთის რესპუბლიკისა და მისი ხალხის მიმართ აგრესიულ და მტრული განწყობის გამოვლენას აგრძელებს”.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისნმიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადებით, საქართველოს მთავრობა აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამას ქმნის:

“ჩვენ ვქმნით აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამას და ვფიქრობთ, რომ ეს პროგრამა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი ნდობის აღდგენის პროცესში”.

როგორც გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, პროგრამა მრავალმხრივ ღონისძიებებს ითვალისწინებს:

“რა თქმა უნდა, იქნება შესაბამისი ბიუჯეტი გამოყოფილი და დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება აქტიურად ჩაერთვება ამ პროგრამის განხორციელებაში. მჯერა, აფხაზური ენისა და კულტურის მიმართ ჩვენი გულწრფელი და სიღრმისეული დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმ დამწვარი ხიდების აღდგენის პროცესში, რომელიც, აუცილებელია ჩვენი ერთიანობისთვის”.

მასალების გადაბეჭდვის წესი