სასამართლომ 300 არაგველის მეტროსთან დაკავებული 3 პირი გაათავისუფლა

300 არაგველის მეტროსთან გუშინ საღამოს დაკავებული მამა-შვილი ვაჟა და ვანო ხაჩიაშვილები, ასევე მათი ახლობელი თორნიკე ქალდანი, თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გაათავისუფლა. მოსამართლის თქმით, მან გაითვალისწინა ბრალდებულთა მიერ დანაშაულის აღიარება, ასევე ინციდენტში მონაწილე პოლიციელების დადებითი რეკომენდაცია და სამივე პირის მიმართ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა. აღნიშნულის შემდეგ ჩივილი გადაიფიქრა ერთ-ერთი დაკავებულის მამამ, რომელიც მანამდე სამართალდამცავებს ძალის გადამეტებაში სდებდა ბრალს.

საკავებულთა ოჯახის წევრები ელიან სასამართლო პროცესის დაწყებას.

მამა-შვილი ხაჩიაშვილები და თორნიკე ქალდანი სამართალდამცავებმა გუშინ დააკავეს. შსს გამოძიებას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით აწარმოებდა, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველზე დაუმორჩილებლობას გულისხმობს. დაკავებულების ახლობლები სამართალდამცავებს ძალის გამოყენებაში ადანაშაულებდნენ. პროცესის ამსახველი ვიდეოები ვანო ხაჩიაშვილის დედამ, ნათია ხაჩიაშვილმა სოციალურ ქსელშიც ატვირთა. კადრებში ჩანს, თუ როგორ ცდილობენ პოლიციელები დაკავებულთა ავტომობილებამდე მიყვანას.

გარდა დაკავებისას ძალის გადამეტებისა, ნათია ხაჩიაშვილი პოლიციის მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფაზეც საუბრობდა. ყვება, რომ ქმრისა და შვილის დაკავებას შემთხვევით შეესწრო, როცა სახლიდან პროდუქტის საყიდლად გამოვიდა. მაშინ კი, როცა პოლიციისა და თავისი შვილის გაშველებას შეეცადა, მისი თქმით, ერთ-ერთმა სანართალდამცავმა ხელი გაარტყა.

“ვერაფერს გეტყვით, დაკავებას შემთხვევით შევესწარი. დავინახე, როგორ ედგნენ ჩემს შვილს თავზე და ურტყამდნენ. მე შველას ვითხოვდი. ანალოგიურად, ჩემს მეუღლესაც. შეურაცხყოფაც იყო, ყველაფერიც იყო და ხელიც გამარტყა პატრულმა”, – განუცხადა ნათია ხაჩიაშვილმა “ნეტგაზეთს”.

სამართალდამცავებს ძალის გადამეტებაში თორნიკე ქალდანის მამა, ზაურ ქალდანიც ადანაშაულებდა. მისი თქმით, დაკავების პროცესს არ შესწრებია, თუმცა, როდესაც ადგილზე მივიდა და პოლიციელებს ვითარების შესახებ ჰკითხა, მათგან პასუხი ვერ მიიღო.

“პოლიციელებს ვუთხარი, მაინტერესებს, რა მოხდა, მამა ვარ-მეთქი. ერთ-ერთმა მითხრა, კარგი მამა რომ ყოფილიყავი, შენი შვილი ასეთ რამეს არ იზამდაო”, – ამბობს ის.

ზაურ ქალდანი სამართალდამცავების წინააღმდეგ პროკურატურაშიც აპირებდა ჩივილს, რაშიც მას იურიდიული დახმარება “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” შესთავაზა. თუმცა, სასამართლოს განაჩენის შემდეგ, “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ საჩივრის შეტანას აღარ აპირებს, რადგან “მაინც ვერაფერს დაამტკიცებს”.

“ყველაფერი ჩემს სასარგებლოდ რომ დამთავრდა, აზრი არ აქვს. რომ ედავო, მაინც ვერ დაუმტკიცებ ამათ ვერაფერს. მანამდე, არასამთავრობოებსაც ვუთხარი, რომ მზად ვიყავი, მათი დახმარება მიმეღო. ახლა, აზრი აღარ აქვს”, – აღნიშნა ქალდანმა.

რაც შეეხება ნათია ხაჩიაშვილს, მან “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ დიდი ალბათობით, საჩივარს შეიტანს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.

პოლიციელების მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტებასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები შსს-ში არ გაუკეთებიათ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან