ახალი ამბები

მინდელის მაღაროში სამუშაოების მიმდინარეობისას სამთო მასა კვლავ ჩამოიშალა

28 ოქტომბერი, 2017 • 1550
მინდელის მაღაროში სამუშაოების მიმდინარეობისას სამთო მასა კვლავ ჩამოიშალა

ტყიბულში, მინდელის სახელობის მაღაროში, სადაც 27 ოქტომბერს, უბედური შემთხვევის შედეგად მუშა დაიღუპა, ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროს ერთობლივი ჯგუფი ამ დრომდე მუშაობს. ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტისა და შრომის ინსპექციის წარმომადგენლები ტერიტორიას მთელი ღამის განმავლობაში სწავლობდნენ. ეკონიმიკის სამინისტროს ინფორმაციით, პირველადი მოკვლევით, იკვეთება უსაფრთხოების წესების დარღვევის ნიშნები, თუმცა, უწყების პრესსამსახურის ცნობით, სამუშაოების დასრულებამდე კონკრეტულ გადაცდომებზე ვერ ისაუბრებენ.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსეპქტორ ბექა ფერაძის განცხადებით, მოკვლევის მიმდინარეობისას სამთო მასის ნაწილი კვლავ ჩამოიშალა, რის შემდეგაც ადგილზე მოპოვებითი სამუშაოების შეჩერების რეკომენდაცია გაიცა. მისივე თქმით, სამუშაოების დასრულება წნევის ცვალებადობის დარეგულირებაზეა დამოკიდებული.

“…პრობლემას გვიქმნის ის სამთო მასა, რომელიც ჩამოიშალა. ეს პროცესი არ არის დასრულებული და ჩვენი მუშაობის პროცესშიც მოხდა მცირეოდენი ნაწილის ჩამოშლა. სრულყოფილად ვერ ვახერხებთ სურათის აღწერას, თუ რამ გამოიწვია კონკრეტული დარღვევა.
შახტი არის მაღალი საფრთხის შემცველი ობიექტი და არსებობს სამთო წნევა, რომელიც ამ მასის ჩამოშლას იწვევს. კონკრეტულად რამ გამოიწვია, იყო ეს ადამიანური ფაქტორი თუ სამთო წნევა, ეს არის დასადგენი. გაიცა რეკომენდაცია ორივე მხარის, ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, რომ ამ კონკრეტულ ობიექტზე შეჩერდეს მოპოვებითი სამუშაოები და განხორციელდეს მხოლოდ გამაგრებითი და დასუფთავების სამუშაოები. ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი დეტალურად და სიღრმისეულად შესწავლა არსებული პრობლემისა”, – განუცხადა ბექა ფერაძემ “ნეტგაზეთს”.

მინდელის მაღაროში მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას 240-ე მუხლით აწარმოებს, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ  საქართველოს საერთო სასამართლოებში შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის შესახებ 2015-17 წლებში 48 საქმე განიხილეს 56 პირის მიმართ. აქედან საპროცესო შეთანხმებით დასრულდა 35 სისხლის სამართლის საქმე 41 პირთან, თავისუფლების აღკვეთა კი მხოლოდ 4 მათგანს შეეფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი