ახალი ამბები

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი კვლავ ნატა ძველიშვილი იქნება

28 ოქტომბერი, 2017 • 1837
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი კვლავ ნატა ძველიშვილი იქნება

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელ დირექტორად ნატა ძველიშვილი მეორე ვადით აირჩიეს. ორგანიზაციის განცხადების თანახმად, მან საბჭოს 8 წევრიდან 7 მათგანის ხმა მიიღო, 1 ხმა კი ირმა ზოიძეს ერგო. ორივე მათგანთან გასაუბრება 27 სექტემბერს გაიმართა. ქარტიის წესდების თანახმად, აღმასრულებელი დირექტორი 1 წლის ვადით ირჩევა.

ნატა ძველიშვილი ზემოაღნიშნულ პოზიციაზე პირველად 2015 წლის 19 ოქტომბერს აირჩიეს. ერთი წლის შემდეგ, საბჭომ გამოიყენა თავისი ერთჯერადი შესაძლებლობა და  დირექტორს ვადა ამდენივე ხნით გაუხანგრძლივა.

ქარტიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, დირექტორად არჩევამდე ის მედიის საკითხებზე მუშაობდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში (IDFI), ასევე იყო პორტალ mediachecker.ge-ს ავტორი და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მედიამონიტორი.  2010 წლიდან 2014 წლამდე იყო www.Media.Ge-ს ჟურნალისტი.  2013 წლიდან კი ხელმძღვანელობდა ქარტიის პროექტს “ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრი”.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 2009 წელს დაარსდა. ის ჟურნალისტთა დამოუკიდებელი გაერთიანებაა, რომელიც ერთგვარ თვითმარეგულირებელს წარმოადგენს ქართულ მედიაში. მასში შემავალი საბჭოს თითოეული წევრი, რომლებიც ჟურნალისტების წინააღმდეგ შესულ საჩივრებს განიხილავენ, 3 წლის ვადით ირჩევა. ამ დროისთვის ქარტიის 11 პრინციპზე ხელი 318 ჟურნალისტს აქვს მოწერილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი