ახალი ამბები

მგონი, მეორე ტური ჯობდა, კიდევ ახალ პურმარილს მაკისრებინებენ – მეჭიაურის ხუმრობა

27 ოქტომბერი, 2017 • 4757
მგონი, მეორე ტური ჯობდა, კიდევ ახალ პურმარილს მაკისრებინებენ – მეჭიაურის ხუმრობა

“ძალიან კი მიყვარს ჩემი თიანეთი, მაგრამ ასეთი სტრატეგიული თუ იყო პოლიტიკურად, არ მეგონა”, – ეს განცხადება თიანეთის მერის არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა თამაზ მეჭიაურმა გააკეთა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ.

მეჭიაურმა, რომლის ინტერესებსაც სასამართლოში საია იცავდა, ორივე ინსტანციის სასამართლოში გაიმარჯვა.

“მე ოპოტმისტი კაცი ვარ და ველი, რომ ობიექტურობა ოდესმე ნორმა გახდება ქვეყანაში. მე მგონი, აქეთკენ მიდის [პროცესი],  ნელა, მაგრამ მაინც”, – თქვა მეჭიაურმა.

მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, როგორ აპირებდა დღევანდელი გამარჯვების აღნიშვნას?

“მე მგონი, მეორე ტური ჯობდა, უკვე იმდენჯერ… ახალ პურმარილს კიდევ მაკისრებინებენ. ერთ არჩევნებს ნაღდად ჩავატარებდი”, – იხუმრა მეჭიაურმა.

რაც შეეხება მის გეგმებს, მეჭიაური ამბობს, რომ “კუთხეს მიხედავს”. მისი პრიორიტეტი სამართლიანობა იქნება და ყველასთან ითანამშრომლებს, ვისაც საქართველო და თიანეთი უყვარს.

სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური იქნება. სასამართლომ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა და გააუქმა თიანეთის საოლქო კომისიის გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ 5 ბათილი ბიულეტენი ლელა ქიტესაშვილს მიეკუთვნა.

საოლქოს ამ გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ მეჭიაურმა არჩევნები 1 ხმით მოიგო და მერი გახდა, რადგან არჩევნებში მხოლოდ ორი კანდიდატი მონაწილეობდა და მეორე ტური საჭირო აღარ არის.

სასამართლოში თამაზ მეჭიაურის ინტერესებს საია იცავდა.

ვრცლად თიანეთის არჩევნებში განვითარებული საეჭვო პროცესების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ნეტგაზეთის სტატია – რამდენიმე საეჭვო გარემოება თიანეთის არჩევნებში

 

მასალების გადაბეჭდვის წესი