ახალი ამბები

სერგეენკო დაკავების დროს გარდაცვლილი კაცის საქმეზე: მწამს, ყველა კითხვას პასუხი გაეცემა

27 ოქტომბერი, 2017 • 1627
სერგეენკო დაკავების დროს გარდაცვლილი კაცის საქმეზე: მწამს, ყველა კითხვას პასუხი გაეცემა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ სჯერა, ნუცუბიძის ქუჩაზე დაკავებისას გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის საქმეზე გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს:

“რა თქმა უნდა, ადამიანის გარდაცვალება ტრაგედიაა და, პირველ რიგში, მინდა გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადო მის ოჯახს და ახლობლებს. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, მჯერა და მწამს, რომ გამოძიება უმოკლეს ვადებში ეფექტურად ჩატარდება და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა,”- განაცხადა დავით სერგეენკომ.

დავით სერგეენკო იყო ერთადერთი მინისტრი, ვინც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. სხვა მინისტრები ბრიფინგების დარბაზში არ გამოჩენილან.

25 ოქტომბერს, შსს-ს ცნობით, მეზობლებს შორის მომხდარი კონფლიქტის შემდეგ მოქალაქეებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცავებს კი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი დაუპირისპირდა. როგორც შსს აცხადებს, პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის შემდეგ სამართალდამცავებმა მისი დაკავება სცადეს, რა დროსაც მოულოდნელად დაიღუპა. მეზობლების ნაწილი კი ამბობს, რომ პაატა პავლიაშვლი ცუდად იყო და მას დახმარება არ აღმოუჩინეს

გარდაცვლილის მეზობელი, ჯემალ პატარიძე ნეტგაზეთს უყვება, რომ ჩხუბი გარდაცვლილის მეზობლებს შორის დაიწყო, ერთ-ერთმა პოლიცია გამოიძახა. პოლიცია მეორე მეზობელს აკავებდა, რა დროსაც პაატა პავლიაშვილმა გამოიარა:

“თავიდან ორ მეზობელს მოუხდა ჩხუბი. ერთ-ერთმა, რომელიც დაზარალდა ამ ჩხუბის შედეგად, დაიწყო ხმამაღლა გინება, რაზეც გამოიძახეს პატრული. ვინ გამოიძახა, არ ვიცი. მოვიდა პატრული და ერთ-ერთ მეზობელს აკავებდნენ. ამ დროს გამოიარა პაატამ, რომ მიჰყავდათ ერთ-ერთი მეზობელი, პაატამაც შეიგინა, ვინც ეს წაიყვანოს, იმის დედაცო. ორი პატრულის თანამშრომელი იყო, მივიდნენ. ერთმა პოლიციელმა თქვა, დაანებე თავიო, მეორე არ შეშვებია, ამ მომენტში გადაუგრიხეს ხელები და შემოაკვდათ კაცი ხელში. არ ვიცი, შეიძლება ნასვამი იყო და გულმა შეტევა მისცა” – ამბობს პატარიძე.

გარდაცვილის მეგობრები, რომლებიც მომხდარს ასევე შეესწრნენ, “ნეტგაზეთს” ჩაწერაზე უარს ეუბნებიან, თუმცა პირად საუბარში ამბობენ, რომ პავლიაშვილმა პატრულის თანამსრომლებს რამდენჯერმე უთხრა, რომ ცუდად იყო, მაგრამ სამართალდამცავებმა ეს არ გაითვალისწინეს და პავლიაშვილისთვის ხელბორკილების გაკეთება დაიწყეს და მიწაზე დააწყვინეს, რა დროსაც ის გარდაიცვალა, პოლიციამ კი, მეგობრების თქმით, მას პირველადი დახმარებაც არ აღმოუჩინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი