რა (არ) თქვა სინამდვილეში ფილიპ ლამმა ჰომოსექსუალებზე და რა კონტექსტში

ქართულ სოციალურ ქსელებსა თუ მედიასივრცეში გურამ კაშიას კონტექსტში ცირკულირებს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ცნობილმა ფეხბურთელმა ფილიპ ლამმა სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ გააკეთა განცხადება.

“ფეხბურთი დღეს იგივეა, რაც ძველ დროში გლადიატორების ბრძოლები. გეები არ უნდა თამაშობდენენ 60-ათასიანი პუბლიკის წინაშე ყოველკვირას. არა მგონია, რომ საზოგადოება მზადაა, ეს ფაქტი მიიღოს, როგორც რაიმე ნორმალური”, – სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ეს განცხადება გააკეთა ლამმა.

ფილიპ ლამი © EPA/MARC MUELLER

“ფილიპ ლამი თქვენზე ნაკლები ბიჭია, ნაკლები ფეხბურთი უყვარს, თუ ნაკლებად თამაშობს”, – ეს განცხადება “ქართული მარშის” ერთ-ერთმა ლიდერმა გია კორკოტაშვილმა გააკეთა TV იბერიის ეთერში გამართულ დებატებში, არჩილ გამზარდიას გადაცემაში. კორკოტაშვილის ინფორმაციით, ანალოგიურად მოიქცა ამერიკული ფეხბურთის კიდევ ერთი მოთამაშე.

რა თქვა სინამდვილეში ფილიპ ლამმა და რა კონტექსტში?

ფილიპ ლამი წლების განმავლობაში თამაშობდა მიუნხენის ბაიერნსა და გერმანიის ნაკრებში. ის ამ გუნდების კაპიტანიც იყო და არაერთი ტიტული აქვს მოგებული, მათ შორის- მსოფლიო ჩემპიონატი და უეფას ჩემპიონთა ლიგა.

“მე არ ვურჩევდი არც ერთ გეი-ფეხბურთელს სექსუალური ორიენტაციის საჯაროდ გაცხადებას”, – როიტერის ცნობით, დაწერა ლამმა ავტობიოგრაფიულ წიგნში, რომელიც 2011 წელს გამოვიდა.

გერმანიაში ამ საკითხთან დაკავშირებით დისკუსია წლების განმავლობაში მიმდინარეობს, რადგან ფეხბურთში ნაკლებად არსებობს მოთამაშეების მხრიდან საკუთარი განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გაცხადების პრეცედენტები.

“მე მეშინია, რომ ჯასტინ ფუშანუსავით დაასრულებენ, რომელიც მას შემდეგ, რაც თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაცია საჯარო გახადა, ისეთ კუთხეში იქნა მიმწყვდეული, რომ თვითმკვლელობით დაასრულა”, – დაწერა ლამმა თავის წიგნში.

ლამმა ასევე აღნიშნა, რომ პერსონალურად არავითარი პრობლემა არ აქვს, თუ რომელიმე ფეხბურთელი განაცხადებს თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ.

“არაფერი მაქვს ჰომოსექსუალების საწინააღმდეგო და ჰომოსექსუალობას არ განვიხილავ, როგორც რაღაც გასაკიცხს”,  – წერს ლამი.

ჯასტინ ფუშანუ, რომელსაც ლამი ახსენებს, ფეხბურთელია, რომელმაც საფეხბურთო კარიერისას განაცხადა, რომ გეია. ის რამდენიმე კლუბში თამაშობდა: ნორვიჩში, ნოტინგემში და მანჩესტერ სიტიში. მან 1998 წელს 37 წლის ასაკში მოიკლა თავი.

რაც შეეხება “გლადიატორებთან” დაკავშირებულ საკითხს, ასოშეიტედ პრესის ცნობით, საქმე ეხება გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის, თეო ცვანცინგერის განცხადებას იმის თაობაზე, რომ გეი-ფეხბურთელებმა საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ უნდა განაცხადონ. ცვანცინგერის არგუმენტი იყო ის, რომ მისი აზრით, საზოგადოების თვითშეგნების დონე 2012 წელს, ანუ ამ ინიციატივის გამოთქმის დროს, უფრო მაღალი იყო, ვიდრე მანამდე.

ლამი, რომელიც იმ პერიოდში გერმანიის ნაკრების კაპიტანი იყო, AP-ის ინფორმაციით, ამ მოსაზრებას არ დაეთანხმა.

ამ საკითხზე კომენტარი გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმაც გააკეთა, ვისი აზრითაც გერმანია ისეთი ქვეყანაა, სადაც არავის უნდა შეეშინდეს ქამინგ აუთის.

მიუნხენის ბაიერნის კიდევ ერთმა ყოფილმა ფეხბურთელმა მარიო გომესმაც განაცხადა, რომ ჰომოსექსუალობის საკითხს ფეხბურთში ტაბუ უნდა მოეხსნას. მარიო გომესმა თქვა, რომ გერმანიაში არაერთი ცნობილი საჯარო პირისაგან შეუძლიათ გეი-ფეხბურთელებს მაგალითის აღება, ვისაც საკუთარი ორიენტაციის შესახებ საჯაროდ განუცხადებიათ, მათ შორის- გერმანიის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის, გვიდო ვესტერველესაგან.

 

“ფეხბურთი ჰგავს გლადიატორების ორთაბრძოლას ძველ დროში”, – ამბობს ლამი და აგრძელებს.

“პოლიტიკოსებს თავიანთი სექსუალური ორიენტაციის გაცხადება დღეს, ცხადია, შეუძლიათ, მაგრამ შემდეგ მათ ყოველკვირა არ უწევთ 60 000-მაყურებლიან სტადიონზე თამაში. მე არ ვფიქრობ, რომ დღეს საზოგადოება ისე წინაა, რომ მას ჰომოსექსუალი ფეხბურთელების მიღება შეეძლოს (როგორც რაღაც ნორმალურის) სხვა სფეროების მსგავსად”, – განაცხადა ლამმა.


ორი კვირის წინ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი და არნემის “ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია ერედივიზიონის მატჩში გუნდს ლგბტ დროშის სამკლაურით გაუძღვა ისევე, როგორც სხვა კლუბების ლიდერები, რითაც ლგბტ ადამიანებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

ჰოლანდიის უმაღლეს საფეხბურთო ლიგაში დაწყებული კამპანიის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ სპორტი უნდა იყოს ყველასათვის, მიუხედავად კულტურული ფონისა, კანის ფერის, რასის, სექსუალური ორიენტაციისა თუ რელიგიისა. ერედივიზიონის განცხადებით, ყველას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ან იყოს გულშემატკივარი მისი საყვარელი სპორტის სახეობის.

გურამ კაშიას ჩართულობას ლგბტ ადამიანების უფლებების მხარდამჭერ კამპანიაში მიესალმებიან საქართველოში მომუშავე ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები. თანასწორობის მოძრაობა დადებითად აფასებს კაპიტნის მხარდამჭერ, გაბედულ ნაბიჯს. ორგანიზაცია აცხადებს, რომ მსგავსი ჟესტები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ფეხბურთის მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი დაფიქრდეს, უფრო მეტად მნიშვნელოვანი კი საქართველოშია, სადაც ჰომოფობიური განწყობები განსაკუთრებით ძლიერია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com