კალაძე: თბილისის ცენტრალურ უბნებში კ2 კოეფიციენტის გაყიდვა უნდა შეიზღუდოს

თბილისის ახლად არჩეულმა მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ცენტრალურ უბნებში კ2 კოეფიციენტის გაზრდა უნდა აიკრძალოს.

აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“[ჯგუფს] ვთხოვეთ, რომ ტრანზიციის პერიოდში შევქმნით რამდენიმეკაციან ჯგუფს, რომელიც იქნება სხვადასხვა სპეციალისტებით წარმოდგენილი. გამოვითხოვთ ამ დოკუმენტს და გვექნება ჩვენი შეფასებები. ჩვენ ვეთანხმებით მათ მოსაზრებას, ცენტრალურ რაიონებში კ2 კოეფიციენტის გაყიდვა არ უნდა მოხდეს. ახლაც არის შეზღუდული და ეს მომდევნო წლების განმავლობაშიც გაგრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანია მიწათსარგებლობის გენერალური დოკუმენტის მიღება რაც შეიძლება მალე და ეს დოკუმენტი ყველანაირად უნდა იყოს გამართული. ეს იქნება ქალაქის ერთგვარი კონსტიტუცია, რაზეც მოხდება შემდგომი განვითარება. განაშენიანებას, რომელიც მართლაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ქალაქისთვის, ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას”, – განაცხადა კახა კალაძე.

კალაძის თქმით, როდესაც მიაწოდებენ გენგეგმის დოკუმენტს და ჯგუფთან ერთად განიხილავს მას, ამის შემდეგ შეექმნება მას პოზიცია დეტალურად – ტრანსპორტის, ურბანული განვითარების თუ სხვა საკითხების მიმართ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com