ახალი ამბები

თამაზ აქუბარდია სექსუალური შევიწროების ბრალდებას ცილისწამებას უწოდებს

27 ოქტომბერი, 2017 • 4918
თამაზ აქუბარდია სექსუალური შევიწროების ბრალდებას ცილისწამებას უწოდებს

მასწავლებელი და ლექტორი თამაზ აქუბარდია მის მიმართ არსებულ სექსუალური შევიწროების ბრალდებას პასუხობს. იგი აცხადებს, რომ “ცილისწამებით შეძრწუნებულია”. ორგანიზაცია  “საფარის” წარმომადგენელმა მარი კურტანიძემ ყოფილი მასწავლებელი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.  აქუბარდია მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებას სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს უკავშირებს;

“არათუ ამორალური და უზნეო, არამედ ამაზრზენია მსგავსი ხერხების გამოყენება საკუთარი მიზნის ნებისმიერ ფასად მისაღწევად, ისე, როგორც ამას დღეს სჩადის „საზოგადოება“, რომელიც 24 ოქტომბერს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტის გატანას და პიარკამპანიის წარმოებას ჩემზე და ჩემს ოჯახზე თავდასხმით ცდილობს. იმიტომ, რომ ჩემი გვარი ყველას ეცნობა, იმიტომ, რომ ათასობით ბავშვი თუ სტუდენტი მყავს გამოზრდილი და ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობის ნახევარს პირადად ვიცნობ. დათესო ეჭვის მარცვალი მათ გულებში, დაემუქრო ყველაზე ძვირფასს, რაც გააჩნიათ – მათ შვილებს, ამით მიაღწევ მიზანს, დიახ. მაგრამ ნუთუ მიზნის ამგვარად მიღწევა ამართლებს ამ მიზანს, თუნდაც ის ერთი შეხედვით სწორ ფასეულობას ემსახურებოდეს?”- წერს აქუბარდია.

მისივე თქმით, სრულიად შეძრულია  ცილისწამებით და ცილისმწამებლური კამპანიით, რომელიც მისი სახელის ლაფში ამოსვრით და მისი ოჯახის წინააღმდეგ დაიწყო.

“ვერაფრით დავიძინე, არ ვიცოდი, როგორ ამეხსნა ჩემი შვილებისთვის, ჩემი ძმისთვის, დისთვის, მათი შვილებისთვის, რომ ისინი ბინძური პოლიტიკის მსხვერპლნი გახდნენ და რომ ჩემი სახელის ლაფში ამოსვრა, ეს პოლიტიკური თამაში მიზანმიმართული პოლიტიკის ნაწილი და თავდასხმა, რომელსაც ვერანაირ ეთიკურ თუ მორალურ ახსნას ვერ ვუძებნი, პირდაპირ აისახება მათზე და არღვევს ასევე მათ უფლებებს. მათ კი ამ საკითხთან სრულებით არაფერი აკავშირებთ, ისინი მხოლოდ ჩემ გვარს ატარებენ. ვინ იბრძოლებს მათი უფლებების დასაცავად?”

აუბარდიას თქმითვე, იგი მიესალმება და სრულიად ემხრობა საკითხზე შსს-ს მიერ გამოძიების დაწყებას:

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ვიბრძოლებ სიმართლის დასაცავად და ცილისწამების გასაქარწყლებლად, ისევე როგორც მუდამ ვიბრძოდი ადამიანის უფლებების დასაცავად”,- წერს აქუბარდია “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

წერილში, რომელიც “საფარის”  ვებ-გვერდზეა  გამოქვეყნებული, მარი კურტანიძე ყოფილ მათემატიკის მასაწავლებელს მიმართვს.  ის წერს, რომ 15 წლის იყო, როდესაც თამაზ აქუბარდია სექსუალურად ავიწროებდა. ამ წერილის გამოქვეყნების შემდეგ თამაზ აქუბარდიას ყოფილმა სტუდენტმა სოფი გოგიშვილმა ფეისბუკზე დაწერა, რომ ისიც ისმენდა “უხამს კომენტარებს” ყოფილი ლექტორისგან.

დღეს საქართველოში სექსუალური შევიწროება არ ისჯება კანონით.  24 ოქტომბერს  პარლამენტში “ქალთა მოძრაობამ” სექსუალური შევიწროების აკრძალვის მოთხოვნით შეიტანა 1000 ხელმოწერარომელიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ფეისბუქის საშუალებით შეაგროვეს. მოძრაობის ცნობით, სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული კანონპროექტები რამდენიმე არასამთარობო ორგანიზაციამ უკვე მოამზადა და გაუგზავნა პარლამენტს, თუმცა ისინი პარლამენტს არ განუხილავს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს კანონმდებლობაში სექსუალური შევიწროების მუხლი არ არსებობს, ნეტგაზეთი დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც. უწყებას ვკითხეთ, დაიწყება თუ არა გამოძიება აღნიშნულთან დაკავშირებით.  შსს-ში განაცხადეს, რომ საგამოძებო უწყება გამოქვეყნებულ მასალში აღწერილ მოვლენებს შეისწავლის:

“მართალია, ჩენთან შეტყობნება არ ყოფილა, მაგრამ პოლიცია დაინტერესდება საჯარო სივრცეში გამოქვეყნებული სტატიით და შეისწავლის აღნიშნულ ფაქტს”,- აცხადებენ შსს-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი