ახალი ამბები

პრემიერი: არჩევნების ასეთ დონეზე ჩატარება სათანადოდ დაფასდება პარტნიორების მიერ

27 ოქტომბერი, 2017 • 1297
პრემიერი: არჩევნების ასეთ დონეზე ჩატარება სათანადოდ დაფასდება პარტნიორების მიერ

დღეს, 27 ოქტომბერს, მთავრობის სხდომის გახსნისას გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები მაღალ დონეზე ჩატარდა და ამას საერთაშორისო პარტნიორები აუცილებლად დააფასებენ.

21 ოქტომბრის არჩევნები დამკვირვებლებმა დადებითად შეაფასეს და განაცხადეს, რომ ძირითადი დარღვევა, რომელსაც ტენდენციის სახე ჰქონდა, ამომრჩევლის ნების კონტროლი იყო.

“ვფიქრობ, ეს არის დიდი წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის, ქართული დემოკრატიის განვითარების კუთხით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ჩატარდა მშვიდობიან გარემოში, გამჭვირვალე არჩევნები იყო, ყველა საერთაშორისო და ადვილობრივი დამკვირვებლის მიერ შეფასდა, როგორც თავისუფალი და დემოკრატიული, და მინდა მადლობა გადავუხადო, პირველ რიგში, ყველა ჩვენს მხარდამჭერს, ყველას, ვინც წვლილი შეიტანა არჩევნების ასეთ დონზე ჩატარებაში. მინდა მადლობა გადავუხადო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს, ადგილობრივ დამკვირვებლებს, არასამთავრობო სექტორს და მედიას ასეთი კარგი გაშუქებისთვის. ვფიქრობ, ყველამ დაინახა გასხვავება და თითოეული ახალი არჩევნები ჩვენს ქვეყანაში არის ნამდვილად კიდევ გამჭვირვალე, კიდევ უფრო დემოკრატიული.

ჩვენმა გუნდმა ჩაატარა მომავალზე, პროგრამაზე ორიენტირებული წინასაარჩევნო კამპანია. და საერთოდ, ამ არჩევნების პროცესში გაცილებით უფრო ნაკლები იყო სიძულვილის ენა, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავალი განვიარებისთვის. დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნების ასეთ დონეზე ჩატარება სათანადოდ დაფასდება ჩვენი მეგობრების მიერ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ და ეს იქნება ძალიან დიდი ქულა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში,”- განაცხადა კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი