ახალი ამბები

ჯონ კენედის მკვლელობამდე FBI ლი ჰარვი ოსვალდს ზვერავდა – გასაჯაროებული დოკუმენტები

27 ოქტომბერი, 2017 • 3490
ჯონ კენედის მკვლელობამდე FBI ლი ჰარვი ოსვალდს ზვერავდა – გასაჯაროებული დოკუმენტები

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქყვეყნის 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის მკვლელობასთან დაკავშირებით აქამდე გასაიდუმლოებული 3 000 დოკუმენტი გაასაჯაროვა. თუმცა გარკვეული დოკუმენტები კვლავ საიდუმლოდ რჩება. პრეზიდენტმა ტრამპმა გამოძიების ფედერალურ ბიუროსა და ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს 180 დღე მისცა დოკუმენტების გადასახედად:

რა გავიგეთ კენედის მკვლელობაზე გამოქვეყნებული დოკუმენტებით:

[checklist]

  • გამოძიების ფედერალური ბიუროს ახალი ორლეანის სამმართველოს ჩანაწერების თანახმად,  ბიურო კენედის მკვლელობამდე მის მკვლელს, ლი ჰარვი ოსვალდს ზვერავდა.  ბიუროს აგენტი წერს, რომ ოსვალდი ინტერესის საგანი “კუბის წყაროებიდან” მიღებული ინფორმაციის გამო გახდა და ეს ინფორმაცია დალასის ხელისუფლებისთვის ცნობილი იყო (კენედი სწორედ დალასში მოკლეს).
  • გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გააფრთხილა დალასის პოლიცია, რომ არსებობდა ლი ჰარვი ოსვალდის მოკვლის საფრთხე, მაგრამ პოლიციამ ვერ შეძლო ოსვალდის დაცვა.  ბიუროს დირექტორის, ედგარ ჰუვერის ჩანაწერების თანახმად, ბიუროს დალასის ოფისში დარეკა კაცმა, რომელმაც მშვიდი ხმით განაცხადა, რომ იმ გუნდის წევრი იყო, რომელიც ოსვალდის მოკვლას გეგმავდა.
  • ედგარ ჰუვერი ასევე შიშს გამოთქვამს, რომ საზოგადოება კონსპირაციულ თეორიებს შეთხზავდა. როგორც ის წერს, “გვჭირდება რაღაც, რაც მოგვცემს შესაძლებლობას საზოაგდოება დავარწმუნოთ, რომ ოსვალდია ნამდვილი მკვლელი”.
  • საბჭოთა ლიდერები ოსვალდს განიხილავდნენ როგორც “ნერვულ მანიკას, რომელიც არ იყო ერთგული არც მისი ქვეყნის და არც სხვა რამის მიმართ”. მათ ასევე სჯეროდათ, რომ კენედიც შეთქმულების მსხვერპლი გახდა, რომლის შესაძლო ორგანიზატორებიც მაშინდელი ამერიკის ვიცეპრეზიდენტის, ლინდონ ჯონსონის მემარჯვენე მხარდამჭერები იყვნენ. ისინი ასევე შიშობდნენ, რომ რეალისტური იყო კენედის მკვლელობის შემდეგ ომის დაწყების საფრთხე.
  • 1978 წელს ფიდელ კასტრომ ამერიკელ კანონმდებლებს განუცხადა, რომ კუბა არ ყოფილა ჩართული კენედის მკვლელობის სცენარში
  • ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ერთ-ერთ განყოფილების დირექტორის ცნობით, ლი ჰარვი ოსვალდი 1963 წლის სექტემბერში ქალაქ მექსიკაში საბჭოთა საელჩოს დაუკავშირდა. მისივე მტკიცებით, კენედის მკვლელობიდან მეორე დღესვე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოში შეთქმულების თეორიები პოპულარული იყო.
  • ერთ-ერთი სატელეფონო ზარის თანახმად, ოსვალდი 1963 წლის 28 სექტემბერს მექსიკაში, საბჭოთა საელჩოში იმყოფებოდა და იქ კონსულს, ვალერი კოსტიკოვს შეხვდა. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს შეფი კოსტიკოვს “კაგებეს აგენტს” უწოდებს. ეს ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც 1 ოქტომბერს ოსვალდმა საელჩოში დარეკა და დამტვრეული რუსულით განაცხადა თავისი სახელი და გვარი. გამოძიების ფედერალური ბიუროს ოფიცერმა გვარად პაპიჩიმ განაცხადა, რომ ბიუროში სჯეროდათ, რომ ოსვალდის ვიზიტი საელჩოში საბჭოთა კავშირისგან მხარდაჭერის ან ვიზის მიღებას უკავშირდებოდა.

[/checklist]

გასაჯაროებული დოკუმენტები კენედის საქმეზე არსებული მასალების მხოლოდ ნაწილია. პრეზიდენტმა ტრამპმა გარკვეული დოკუმენტების გასაჯაროება აკრძალა. მისი თქმით, სხვა არჩევანი არ ჰქონდა და გაიზიარა ბიუროსა და სააგენტოს შიში აღნიშნული დოკუმენტების გასაჯაროებასთან დაკავშირებით. ასევე ტრამპმა მათ უბრძანა, გადაეხედათ საიდუმლო დოკუმენტებისთვის, რაც მომდევნო 180 დღეში უნდა მოხდეს და ამ დოკუმენტების გსაჯაროების ბოლო ვადა 2018 წლის 26 აპრილია.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი