ახალი ამბები

იეჰოვას მოწმეების დევნაში ბრალდებულს სასამართლომ 3 000 ლარის გირაო შეუფარდა

27 ოქტომბერი, 2017 • 1607
იეჰოვას მოწმეების დევნაში ბრალდებულს სასამართლომ 3 000 ლარის გირაო შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობით, იეჰოვას მოწმეთა დევნაში ბრალდებულ ბ.ბ-ს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე  აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000 ლარის გადახდა შეუფარდა

ბ.  ბ-ს  ბრალად ედება რელიგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, აღმსარებლობისა და რწმენის გამო, ძალადობით ადამიანის დევნა.

“საქმის მასალების თანახმად, 2017 წლის 22 აგვისტოს თბილისში, ერთ-ერთ სკვერში, ბრალდებულმა იეჰოვას მოწმეებს მათთვის განკუთვნილი მოძრავი სტენდიდან რელიგიური შინაარსის ლიტერატურის  აღება და ადგილის დატოვება შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოსთხოვა. რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით, ბრალდებულმა სტენდზე განთავსებული ბანერი გატეხა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით დატოვა შემთხვევის ადგილი.  ერთი თვის შემდეგ,  შეურაცხმყოფელი ფორმით სტენდის აღება ბრალდებულმა  კვლავ მოითხოვა, რის შემდგომაც სახის არეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა იეჰოვას მოწმეს და მიიმალა,”- ვკითხულობთ სასამართლოს განცხადებაში.

სასამართლოს განცხადებით, ბრალდებულის შემდგომი, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხისა და რისკის  გათვალისწინებით, აღკვეთის ღონისძიების სახედ გამოიყენა გირაო, რომელიც სრულად უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 22 ნოემბერს, 13:00 საათზე არის დაგეგმილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი