ახალი ამბები

ადვოკატი: მტკიცებულებებში ჩანს, რომ ბექა ხახუბია დაღუპვამდე დაკავებული იყო და “გააშვებინეს”

27 ოქტომბერი, 2017 • 5071
ადვოკატი: მტკიცებულებებში ჩანს, რომ ბექა ხახუბია დაღუპვამდე დაკავებული იყო და “გააშვებინეს”

ადვოკატი ამბობს, რომ პარლამენტარ ირაკლი ხახუბიას შვილი, რომელიც სავარაუდოდ პოლიციელების ქმედების გამო დაიღუპა, მანამდე დაკავებული იყო და “გააშვებინეს.”

საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული პოლიციელის ადვოკატმა თამარ აბესაძემ “ტვ პირველის” გადაცემაში “რეაქცია” ისაუბრა სამხრე კამერების ჩანაწერებზე, სადაც საუბარია იმის შესახებ, რომ ხახუბია მანამდე დაკავებული იყო.

“ზედმიწევნით ვიცი, თუ რა ხდება სისხლის სამართლის საქმეში. არის ამ სისხლის სამართლის საქმეში სამხრე კამერები, რომლებიც რომ გავასაჯაროვოთ, არ მოგეწონებათ თავად ოჯახის წევრებს… ვინც არის საქმში დაზარალებული… ვერიდები ამ საკითხზე საუბარს. ბექა ხახუბია იყო დაკავებული… ვინ გააშვებინა, ვინ დარეკა? მის მამას ჰკითხეთ… სამხრე კამერებში საუბრობს გარდაცვლილის ძმა, რომ დაკავებული იყო, გავაშვებინე და მე ვიყავი მისულიო”, – განაცხადა თამარ აბესაძემ.

შსს-ში ამ საკითხზე კომენტარის არ გააკეთეს.

2017 წლის 16 მაისს ბექა ხახუბია, დეპუტატის, ქართული ოცნების წევრის, ირაკლი ხახუბიას შვილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის ორი ხელმძღვანელი პირი კადრების განკარგულებაში გადაიყვანეს.

17 მაისს ეს საქმე მთავარმა პროკურატურამ გადაიბარა. ბექა ხახუბიას გარდაცვალების ფაქტზე ბრალი საპატრულო პოლიციის სამ თანამშრომელს წარედგინა. პროკურატურამ მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც ნიშნავს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 წლამდე ვადით.

პროკურატურამ სასამართლოს მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდების და თანამდებობიდან გადაყენების შუამდგომლობით მიმართა. გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 1 000 ლარის ოდენობით შეუფარდა და მათი თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი