ახალი ამბები

საკონსტიტუციოში პლაკატების გასაკრავი ადგილების შემზღუდავი ნორმის გაუქმებას ითხოვენ

26 ოქტომბერი, 2017 • 1677
საკონსტიტუციოში პლაკატების გასაკრავი ადგილების შემზღუდავი ნორმის გაუქმებას ითხოვენ

საია მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, არაკონსტიტუციურად ცნოს ადმინისტრაციული კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც სამართალდარღვევას წარმოადგენს პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი.

საია აცხადებს, რომ პრაქტიკაში, ეს მუხლი პოლიციის ხელში რეპრესიულ მექანიზმად იქცა, რომელიც ხელისუფლებისთვის არასასურველი შინაარსის გამოხატვის ფორმებს იერსახის დამახინჯებად აკვალიფიცირებს და ამის გამო აქტივისტებს სჯის.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილი:

“სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.”

საია მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით არ არის დაცული გონივრული ბალანსი ქალაქის ესთეტიკის დაცვის ლეგიტიმურ ინტერესსა და გამოხატვის თავისუფლებას შორის:

“იერსახის ლეგიტიმური მიზნის დასაცავად სადავო ნორმა ითვალისწინებს აკრძალვას ბანერის და ლოზუნგის განთავსებისათვის კერძო საკუთრებაზე, მიუხედავად მესაკუთრის თანხმობისა. ამგვარი აკრძალვა კონსტიტუციურად გაუმართლებელია. აკრძალვა ასევე კონსტიტუციურად გაუმართლებელია მაშინ, როცა პარლამენტის და საკრებულოს წევრს ან ფრაქციას, ასევე საჯარო მოხელეთა პროფკავშირს, უკრძალავს საკუთარი სამუშაო კაბინეტიდან საჯარო საკუთრებაში არსებული შენობის ფასადზე ბანერის გამოფენას.

საიას შეფასებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლი და მისი პრაქტიკაში გამოვლენილი ინტერპრეტაციები პოლიციის ხელში არსებულ რეპრესიულ მექანიზმად იქცა, რომელიც ხელისუფლებისთვის არასასურველი შინაარსის გამოხატვის ფორმების ,,იერსახის დამახინჯებად“ დაკვალიფიცირებისა და აქტივისტების დასჯის შესაძლებლობას იძლევა,”- აცხადებს საია.

საიას განცხადებით, საქართველოში მოქმედი საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის არსებული ფორმით მოქმედება იწვევს  ადამიანის ფუნდამენტური უფლებების და საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას. ამიტომ აუცილებელია, დროულად დაიწყოს ადმინისტრაციცულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი